1 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სასწრაფოდ: რამდენიმე წუთის წინ ღარიბაშვილმა ალასანია თანამდებობიდან გადააყენა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა, - ამის შესახებ განცხადება პრემიერმა ცოტა ხნის წინ, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ამას წინ უძღოდა თავდაცვის მინისტრის განცხადება, როდესაც მან პროკურატურის ბოლოდროინდელი ქმედებების პოლიტიკურ სარჩულზე და ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებაზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო დღეებში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკური სარჩული შეინიშნება.
"მინდა დღეს მივმართო საზოგადოებას, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით პროკურატურის ნაბიჯებზე, რომელიც დღესაც გაგრძელდა. რამდენიმე ჩვენს თანამშრომლეს წაუყენეს ბრალი. აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული. მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი წასული იყო კოლეგა მინისტრებთან შეხვედრაზე და ხელი ეწერებოდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, როდესაც კაპანაძე იმყოფება ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე ვაშინგტონში, გრძელდება დაკავებები და დააკავეს სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი. ჩვენ არ გვითქვამს, რომ გამოძიებას ვინმე წინ უნდა დაუდგეს, გვქონდა ეჭვი, თუ რა საფუძველი იყო იმის, რომ ეს ადამიანები იყვნენ ციხეში, ესენი არსად არ გარბოდნენ და მაღალი თანამდებობის პირები ჩაუდგნენ თავდებში", - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, ადგილი აქვს მიზანმიმართულ შეტევას თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. "ეს არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ჩვენი ქვეყნის ორიენტაციასა და ჩვენი ქვეყნის მომავალთან. ხვალ მივმართავ ჩვენი მმართველი კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს, შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საითკენ მიჰყავს ამ მოვლენებს ჩვენი ქვეყანა. ეს არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე, ეს არის შეტევა იმ სტრუქტურაზე, რომელიც გამორჩეულია საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზაზე. მე მინდა ასევე გითხრათ, რომ კარგად ვიცი ვისი გორისა ვარ. ვერ შემაშინებს ვერც პროკურატურა, ვერც ის ტალახი, რომელიც იყო ზოგიერთი მედიის წარმომადგენლის მხრიდან ნასროლი. მე გპირდებით ქართულ საზოგადოებას, რომ ბოლომდე მივიყვან ჩემს მიერ დაწყებულ საქმეს და ვუერთგულებთ იმ იდეალებს, რომლისთვისაც საზოგადოებასთან ერთად ჩვენ გავიმარჯვეთ. ახლა მთავარია სიმშვიდე სიბრძნე და მტკიცედ გავაგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის ბრძოლა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2012 წელს დაინიშნა. 2006 წლის ივნისიდან 2008 წლის დეკემბრამდე ალასანია გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო. 2006 წლის 17 მარტამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში. იგი ასევე იყო პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. 2005 წლის 15 თებერვალს ალასანია დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად აფხაზეთში. 
2002 წლის იანვრიდან ალასანია იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე, მანამდე 2001 წლის ოქტომბრიდან იგი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტს. 2004 წლის 16 ივლისიდან იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ხოლო ამ პოზიციის დაკავებამდე იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. 
2009 წელს ალასანიამ ჩამოაყალიბა პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები". იმავე წლის თებერვალში ის გაწევრიანდა პოლიტიკურ ალიანსში "ალიანსი საქართველოსთვის", რომლის წევრები, ასევე, იყვნენ "საქართველოს რესპუბლიკური პარტია" და "ახალი მემარჯვენეები", ხოლო მოგვიანებით ალიანსს შეუერთდა ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი.
2009 წლის გაზაფხულზე ალასანია პარტიასთან ერთად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. ალიანსმა თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას კანდიდატურა წარადგინა. ალასანია არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების 19%-ით. არჩევნების შემდგომ მან გიგი უგულავას გამარჯვება მიულოცა. 
2010 წლის ზაფხულში "ალიანსი საქართველოსთვის" დაიშალა. 2011 წლიდან ირაკლი ალასანია არის კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ალასანია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
ipn.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები