მსოფლიო
რას ჰყვება მიხეილ ხუბუტია მოსკოვში ჩატარებულ "თბილისობასა" და ატეხილ სკანდალზე
2014-10-09 16:31:53
გაზეთი "ალია", ჟანა ასანიძე
და მაინც, რა მოხდა მოსკოვურ "თბილისობაზე"? ამის გასარკვევად "ალია" მოსკოვში ღონისძიების ორგანიზატორს, მიხეილ ხუბუტიას დაუკავშირდა: - ბატონო მიშა, ვინ გადაწყვიტა ამ კონცერტის ჩატარება და რატომ მაინცდამაინც 4 ოქტომბერს, როცა თბილისში 25-26 სექტემბერს აღინიშნება "თბილისობა"? - არ ჰქონდა მნიშვნელობა რიცხვს, მთავარი იყო მისი გაკეთება. ჩვენ სულ ვაკეთებთ ხოლმე მსგავს ღონისძიებებს, თბილისი ჩვენი დედაქალაქია? შევიკრიბეთ ქართველები და გადავწყვიტეთ ამის გაკეთება 4 ოქტომბერს, რადგან ზოგი თვის ბოლოს საქართველოში მოდიოდა, აქ არდადეგები იწყებოდა, ბევრი ქართველი გასული იქნებოდა და თან გვინდოდა საქართველოსთვის გვეჩვენებინა, რომ ჩვენც ქართველები ვართ და შეგვიძლია ასეთი ღონისძიებების გაკეთება საქართველოდან შორს. გვინდოდა, თქვენთან ერთად ვყოფილიყავით. - რამდენი მომღერალი გყავდათ მოწვეული და რის მიხედვით შეარჩიეთ სტუმრები? - ბევრი არ გვიფიქრია და ვისაც შევთავაზეთ, ისინი ჩამოვიდნენ. რაც შეეხება ლელა წურწუმიას, ის თავის ნათესავებთან ერთად ჩამოდიოდა, ეს დღესასწაული დაემთხვა და რომ გაიგო, მისი მზადება მიმდინარეობდა, გაიგო, რომ 10-15 ათასი ქართველი იქნებოდა, მოვიდა და მოეფერა ქართველებს. რაც შეეხება ნინო ჩხეიძეს, მას კორპორაციული მოწვევები აქვს ხოლმე და ხშირად დადის აქ, ამჯერადაც სიამოვნებით ჩამოვიდა, რადგან ვიზა გახსნილი ჰქონდა. საერთო მეგობრის მეშვეობით დავუკავშირდით და დაგვთანხმდა. სწორედ ჩვენი საერთო ნაცნობის მეშვეობით შემომითვალა, თუ ჰონორარს შევთავაზებდი, ძალიან ეწყინებოდა. ქართველ ხალხს, ახალგაზრდობას ძალიან უყვარს ნინი ბადურაშვილი და მათ მთხოვეს, ნინისთვის გვეთხოვა და დიდი მადლობა მას, რომ დამთანხმდა, გვითხრა, სიამოვნებით ვუმღერებ ქართველებს, თუ იმის საშუალებას მომცემთ, რომ ბილეთი ამიღოთ, არანაირი ჰონორარი არ მინდაო. - სად ჩაატარეთ კონცერტი და რამდენ მაყურებელზე იყო გათვლილი? - მოსკოვის ცენტრში, ერმიტაჟში, ყველა აფრიალებდა ქართულ დროშას, ზუსტი მონაცემებით 30 000 ადამიანი იყო. ჩემი ინტერესი რაც იყო, ის ნამდვილად შესრულდა, ქართველებმა ძალიან დიდი სიამოვნებაც მიიღეს. - მხოლოდ ქართველები იყვნენ თუ რუსებიც? - სხვათა შორის, არც ერთი პოლიტიკოსი არ ყოფილა, ეს შეგნებულად გაკეთდა. ეს იყო სახალხო დღესასწაული და ალბათ, არავის დაუთვლია, ვინ იყო ქართველი და ვინ - არაქართველი, მაგრამ 20 000-მდე ქართველი იყო, დანარჩენი - არაქართველი. - რა ღირდა დასწრება? ბილეთები იყიდებოდა, თუ თავისუფალი იყო დასწრება? - კარი ყველასთვის ღია იყო, ვისაც სურდა, შემოდიოდა. გვიან ღამემდე გაგრძელდა დღესასწაული და ყველა კმაყოფილი დარჩა. - რამდენი ხანი გაგრძელდა, დაგეგმილი როგორ გქონდათ? - 11 საათზე დავიწყეთ და ღამის 11-ზე დასრულდა. დაგეგმილი იყო კონცერტები, მოცეკვავეები, მომღერლები, ჩურჩხელები გავაკეთეთ, მე ელარჯი გავაკეთე და გავუმასპინძლდი სტუმრებს. - თავად კი უთქვამთ მომღერლებს ჰონორარი არ გვინდაო, მაგრამ თქვენ ხომ არ აპირებდით შეთავაზებას? - სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ბილეთების გარდა არ გაცემულა არანაირი თანხა, არც მოუთხოვიათ, არ გადამიხდია. - ბილეთები გასაგებია, სასტუმრო და კვება? - ვისაც სასტუმრო სჭირდებოდა, სასტუმრო ვუქირავეთ, ზოგი ნათესავებთან წავიდა. მაგალითად, ლელას აქ ნათესავები დახვდნენ და მათთან დარჩა. ყველა ორგანიზაციას სჭირდება ფული და ცხადია, ეს ფული გვქონდა ამაზე. - რა დაჯდა ეს ღონისძიება? - სულ 200 000 დოლარამდე, თავისი ორგანიზებით. - პირადი ფული გადაიხადეთ თუ სათვისტომოს თანხა იყო? - ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბევრი ვართ ერთად და ასეთი თანხები იხარჯება ყოველთვე ამა თუ იმ ღონისძიებაზე. - "თბილისობა" მარტო იმისთვის ჩაატარეთ, რომ ქართველები ერთად შეკრებილიყავით, თუ იმის ჩვენებაც გინდოდათ, რომ აი, ნახეთ, ქართველები ჩამოვიდნენ და რუსეთთან არანაირი პრობლემა არ აქვთ? - მე მტერი არ მყავს და არც არავინ მიმაჩნია საქართველოს მტრად. მე მინდა მათ ვცე პატივი, ვინც აქ ცხოვრობს. სამწუხაროა, რომ ქართველებს ორ ნაწილად ყოფენ, ეს დაუშვებელია, ქართველი ქართველია. ვიცი, რაც იგულისხმება თქვენს კითხვაში და პირდაპირ გეტყვით, ვაცხადებ სრული კატეგორიულობით, ავანტიურაში არ ჩავერთვები, რაც არ უნდა გამანაწყენონ, ამავე დროს პოლიტიკაში მე ვერასდროს მნახავთ. ტყუილად მაბრალებენ, რომ პოლიტიკური ინტერესები მაქვს, იმის მიუხედავად, რომ მაქვს დიდი კავშირები, არასდროს მოვინდომებ პოლიტიკაში მოსვლას. მე ვარ თავმდაბალი ადამიანი, მე ის უფრო მწყინს, თინა კანდელაკს, ნინი ბადურაშვილს, სოფო ნიჟარაძეს რომ აგინებენ, ანუ მათ, ვინც რაღაცას მიაღწიეს თავის ცხოვრებაში. მომღერლები ერთმანეთს კბენენ, ესაა საწყენი, თორემ მე გინებას შევეჩვიე. ერთადერთი ის მწყინს, რომ ჩემი შვილები კითხულობენ ამას და მათ იციან, ცხოვრებაში არასდროს მომიტყუებია ვინმე. რა თქმა უნდა, არაა სასიხარულო, როცა გაგინებენ, მაგრამ რა ვქნათ... - თვის ბოლოს აქ არის დაგეგმილი "თბილისობა", ხომ არ ფიქრობთ რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერლებთან დალაპარაკებას, რომ "თბილისობაზე" ჩამოვიდნენ და თქვენც ხომ არ აპირებთ ჩამოსვლას? - მე აუცილებლად ჩამოვდივარ, მინდა, დავესწრო "თბილისობას" და რა შეცდომებიც გვქონდა, მომავალ წელსაც რომ აქ "თბილისობას" ჩავატარებთ, გამოვასწორებთ. მომღერლებზე თუ გვეტყვიან და მოგვმართავენ თხოვნით, ვინმე ჩავიყვანოთ, დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ამასაც. "ალია" დაინტერესდა, ისევ სააკაშვილი და "ნაციონალები" რომ ყოფილიყვნენ, ჩავიდოდნენ მოსკოვში სამღერლად? ლელა წურწუმიამ და ნინო ჩხეიძემ ჩემს ზარებს არ უპასუხეს. ნინი ბადურაშვილმა, - "არ მცალია, გადაღება მაქვს"-ო. მოგვიანებით კახა მამულაშვილსაც დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა: "იმ დღეებში რამდენიმე კორპორაციული კონცერტი იყო მოსკოვში დაგეგმილი და ასე მოხვდა ლელაც ამ კონცერტზე, ისე, რომ მცოდნოდა, მოსკოვის მერიის დაფინანსებით კეთდებოდა, თავს შევიკავებდი, გინდ "ნაცები" ყოფილიყვნენ, გინდ - არა, მაგრამ იქ მივედით ქართველი ემიგრანტებისთვის"
კომენტარები