სოც. მედია
RMG-ის ხელოვნურმა გაჩერებამ ბოლნისის საგადასახადო შემოსავლები 40%-ით შეამცირა
2014-09-29 17:14:16
ბოლნისის რაიონული ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 40%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც რაიონის ერთადერთი მსხვილი გადამხდელი, კომპანია RMG-ი, საყდრისის საბადოს გარშემო შექმნილი პრობლემების გამო ვერ ახერხებს სრული დატვირთვით მუშაობას.
RMG-ი კი ბოლნისის საგადასახადო შემოსავლების 80%-ს უზრუნველყოფს, - ამბობს ბოლნისის გამგებელი გოგი მეშველიანი.
"მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას არასრული სიმძლავრით უწევს მუშაობა, ბიუჯეტის მიმართ არათუ დავალიანება არ გააჩნია, მთელი წლის გადასახდელი გადასახადები წინასწარ აქვს ბიუჯეტში გადარიცხული. ჩვენი რაიონისთვის ეს კომპანია ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ის ჩვენი ბიუჯეტის 80%-ის მწარმოებელია. სხვა მსხვილი გადამხდელი რაიონს არ ჰყავს", - აცხადებს მეშველიანი.
მისი პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუკი RMG-ი შეძლებს სრული დატვირთვით აღადგინოს თავისი მოპოვება, რაიონს 5-6 წლის განმავლობაში საბიუჯეტო შემოსავლების სახით 40-50 მლნ ლარი მოემატება. "ეს ციფრები ცალსახად ცხადყოფს თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კომპანიამ გააგრძელოს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში და რამდენად მნიშვნელოვანია კომპრომისის მიღწევა. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გახდება კომპრომისის მიღწევის მიზეზი და დასრულდება დავა ამ საკითხზე",-აღნიშნა მეშველიანმა.
ბოლნისის გამგებელი აცხადებს, რომ საყდრისის საბადოს გარშემო შექმნილი პრობლემის გადასაწყვეტად შესაძლებელია თანამედროვე პრაქტიკის გამოყენება, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები გახდება. კერძოდ, მას მიაჩნია, რომ არტეფაქტის გადატანა შესაძლებელია ეგრედ წოდებულ "სამუზეუმო სივრცეში" ისე, რომ კომპანიამ შეძლოს მუშაობის გაგრძელება.
კომენტარები