მსოფლიო
რა ვირუსებია მოსალოდნელი შემოდგომით და როგორ უნდა დავიცვათ თავი მათგან?
2014-09-15 16:40:58
დაიწყო სწავლა და დაიწყო მშობლების ნერვიულობაც სეზონური ვირუსების გავრცელების შესახებ. სხვადასხვა თეორია არსებობს რატომ იმატებს შემოდგომაზე ვირუსებით გამოწვეული დაავადებების რისკი:
1. აცივდა, ხალხი მეტ დროს დახურულ შენობებში ატარებს, ნაკლებად ანიავებს, სუნთქავს ერთმანეთის ამონასუნთქ ჰაერს, აცემინებს, ახველებს.
2. დღის ხანგრძლივობა იკლებს, შესაბამისად მალე ბნელდება და მზის სხივებზე ნაკლები დროით ვართ, ამიტომ D ვიტამინისა და მელატონინის წარმოქმნა კანში იკლებს, ამას ემატება ცივი ჰაერი, ჯამში ყოველივე ეს ასუსტებს ჩვენს იმუნურ სისტემას.
3. გრიპის ვირუსი (და სხვა გრიპის მსგავსი ვირუსები) გამძლეა სიცივის და მშრალი ჰავის მიმართ, ადვილად იღუპება მშრალ და ცხელ ამინდში. ამ აქტუალურ თემაზე პედიატრი ეკა კუცია გვესაუბრება.
- შემოდგომაზე ბევრი მშობელი ცდილობს, მედიკამენტებითა და ვიტამინებით აუმაღლოს ბავშვს იმუნიტეტი. ეს რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ?
- არც ერთი მედიკამენტი თუ ვიტამინი არ ამაღლებს იმუნიტეტს ისე, რომ აბსოლუტურად დაგვიცვას ვირუსებისგან. სრულფასოვანი კვება: რძის პროდუქტებით, თევზეულით, ხორცით, ბოსტნეულით და ხილით მდიდარი ყოველდღიური დიეტა, ასევე ვარჯიში, გაკაჟება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა ყველაზე კარგად გაამაგრებს ჩვენს ორგანიზმს და აგვიმაღლებს იმუნიტეტს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ვირუსის გადატანა არის ერთგვარი სავარჯიშო ბავშვის განვითარებადი იმუნური სისტემის მიმართ, რაც უფრო პატარაა, მით უფრო ნაკლებადაა განვითარებული იმუნური სისტემა და მით უფრო ხშირად ხდება ავად პატარა. ასაკთან ერთად, იმუნური სისტემაც "იზრდება", ვითარდება და უფრო მდგრადი ხდება ან ადვილად უმკლავდება ამა თუ იმ დაავადებას.
- რომელი პროდუქტები უნდა მიირთვან ბავშვებმა საშემოდგომო დაავადებების თავიდან ასაცილებლად?
- ახალი ხილი და ბოსტნეული, რომელიც ამ სეზონზეა, აუცილებლად კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით, რაც არ უნდა "თქვენი ეზოს ხილი" იყოს. ნაკლებცხიმიანი რძე, ხაჭო, მაწონი, კეფირი, ხორცი, არ დაგავიწყდეთ მარცვლეული პროდუქტები, თევზი, ცილით მდიდარი მცენარეული საკვები (პარკოსნები).
- რა პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარებაა რეკომენდირებული წელიწადის ამ დროს?
- ზაფხული შესანიშნავი პერიოდია ორგანიზმის გასაჯანსაღებლად: დასვენების დღეები, ჰავის შეცვლა (მთა, ზღვა), მზის აბაზანები, ხილი და ბოსტნეულით მდიდარი ყოველდღიური რაციონი. შემოდგომას ორგანიზმი მაქსიმალურად დასვენებული, ნავარჯიშევი, ზომიერად გარუჯული, ვიტამინებით და მინერალებით გამდიდრებული ხვდება. თუ ამ ყველაფრის შემდეგ თქვენს ბავშვს აქვს რაიმე ჩივილი, მიმართეთ თქვენს პედიატრს და ის გადაწყვეტს ამა თუ იმ ტესტის ჩატარების აუცილებლობას.
- როგორც პედიატრი, რას ურჩევთ მშობლებს?
- გაამდიდრეთ თქვენი შვილის ყოველდღიური რაციონი ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით, რძის პროდუქტებით; მინიმუმამდე შეამცირეთ მარილი, გაზიანი სასმელები, კოფეინი, ჩიფსები, მარილიანი ჩხირები, ტკბილეული; ხშირად ასეირნეთ, ათამაშეთ სუფთა ჰაერზე, ნუ მოწევთ სახლში, სადაც ბავშვია; შეამცირეთ კომპუტერთან და ტელევიზორთან გატარებული საათების რაოდენობა; ატარეთ სპორტზე ან ხელოვნებაზე; დაიცავით დღის რეჟიმი, შექმენით ძილისთვის მშვიდი და უსაფრთხო გარემო.
თქვენს პედიატრთან ერთად გადაამოწმეთ თქვენი შვილის იმუნიზაციის სტატუსი, ჩაუტარეთ დროულად აცრა, რომელიც ასაკით ეკუთვნის. ასევე ამ სეზონზე რეკომენდებულია იფიქროთ გრიპის, ჩუტყვავილას, როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პედიატრთან.
ასევე განსაკუთრებულად მინდა გავაფრთხილო მშობლები, რომ მაქსიმალურად ასწავლონ ბავშვებს ხელების დაბანა და მიაჩვიონ ამას. ახალი სასწავლო წელი დაიწყო სკოლებსა და ბაღებში და თქვენი ბავშვი სულ უფრო მეტ დროს გაატარებს სხვა ბავშვებთან ერთად დახურულ სივრცეში. ასწავლეთ ხელების დაბანა, აჩვენეთ მაგალითი, ერთად დაიბანეთ ხელები, წაახალისეთ.
საჭიროა ვიცოდეთ: როდის დავიბანოთ ხელები, როდის და როგორ გამოვიყენოთ ხელის სანიტარულად დასამუშავებელი სითხეები და როგორ გამოვუმუშაოთ ეს უნარ-ჩვევები თქვენ შვილებს.
როდის დავიბანოთ ხელები?
მთელი დღის განმავლობაში ვეხებით ხალხს, ზედაპირებსა და საგნებს, ჩვენს ხელებზე გროვდება მილიონობით ბაქტერია. შემდეგ ამ ხელებით შევეხებით სახეს, თვალებს, ცხვირს ან პირს, ჩვილს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია 100%-ით მიკრობებისგან განთავისუფლება, მაგრამ ხელების ხშირი დაბანა მნიშვნელოვნად ამცირებს მიკრობებისა და ვირუსების გავრცელებას.
ყოველთვის დაიბანეთ ხელები:
საკვების მომზადების ან ჭამის წინ;ჭრილობის დამუშავების, წამლის მიცემის ან დაჭრილი დაავადმყოფი ადამიანის მოვლის წინ;კონტაქტური ლინზების ჩასმის ან მოხსნის წინ;საკვების, განსაკუთრებით უმი ხორცის, მომზადების შემდეგ;ტუალეტის ან პამპერსის გამოცვლის შემდეგ;ცხოველების ან ცხოველების სათამაშოების, საყელურის და სხვა მსგავსი საგნების შეხების შემდეგ.ხელებში დაცემინების, დახველების და ცხვირის გამოფერთხვის შემდეგ;სანაგვე ურნების, ბაღის შხამ-ქიმიკატების ან ნებისმიერ მსგავსთან შეხების შემდეგ (საწმენდი ნაჭერი, ტალახიანი ფეხსაცმელი და ა.შ);ქუჩიდან ან ეზოდან შინ შემოსვლის შემდეგ და საკვების მირთმევის წინ;გარდა ამისა, დამატებით: დაიბანეთ ხელი ყოველთვის, როცა ჭუჭყიანია
mshoblebi.ge
კომენტარები