1 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მართლა გჯერათ, რომ შეუძლებელია ბედნიერი იყო? -ინტერვიუ ვუდი ალენთან

მისტერ ალენ, მართლა გჯერათ, რომ შეუძლებელია ბედნიერი იყო?

ეს ჩემი თვალდახედვაა და ყოველთვის ასე იყო.  ძალიან ავბედითი და პესიმისტური განწყობა მაქვს ამ საკითხის მიმართ. პატარაობიდანვე ასეთი ვიყავი; ეს განწყობა არ გაუარესებულა ასაკთან ერთად ან რამე მსგავსი. ვგრძნობ,რომ ეს წყევლაა, მტკივნეული, კოშმარული, უაზრო გამოცდილება და ვფიქრობ, ერთადერთი გზა, რომ ბედნიერი იყო, თავის მოტყუებაა.

მგონი, უმეტესობა ვერ დაგეთანხმებოდათ.

მაგრამ მე არ ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ამას ამბობს ან თუნდაც ისეთი, ვინც ამას სხვებზე მეტად ამტკიცებს. თავის დროზე, ეს ნიცშემ თქვა, შემდეგ ფროიდმა და ონეილმა. იმისთვის, რომ ადამიანმა იცხოვროს, ილუზიები სჭირდება. თუ ცხოვრებას ზედმეტად გულწრფელად და ნათლად უყურებ, იგი გაუსაძლისი ხდება, რადგან, აღიარეთ, ის უბრალოდ სასტიკი საწარმოა.

ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ვუდი ალენს ასეთი რთული ცხოვრება აქვს…

მე ძალიან იღბლიანი ვარ და შევძელი, ჩემი ნიჭის საშუალებით, პროდუქტიული ცხოვრებით მეცხოვრა, მაგრამ ამის გარდა, მე არაფერში ვარ კარგი. მე არ შემიძლია ცხოვრებას გავუმკლავდე, თუნდაც მის ყველაზე მარტივ რამეებს. ბევრი რამ, რაც ბავშვურ თამაშად ეჩვენება უმეტესობას, ჩემთვის დიდი ტრავმაა.

მაგალითად?

რეგისტრაციის გავლა აეროპორტში ან სასტუმროში, ურთიერთობების აწყობა, სასეირნოდ წასვლა, მაღაზიაში რაიმე ნივთის გადაცვა.. რაც 16 წელი შემისრულდა, იმის შემდეგ მუდმივად ერთ, „ოლიმპის“ საბეჭდ მანქანას ვიყენებ და ის ისევ ახალივით გამოიყურება. ჩემი ყველა ფილმი იმ საბეჭდ მანქანაზეა დაწერილი, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ შევძელი, პირველად ჩემითგამომეცვალა ფერის ლენტა. იყო ისეთი დრო, როდესაც ხალხს მხოლოდ იმიტომ ვეპატიჟებოდი სადილზე, რომ ჩემთვის ლენტა გამოეცვალათ – ეს ტრაგედიაა.

ცხოვრებაში კარგ რამეებს, უნდობლად უყურებთ?

ცხოვრებაში ბევრი კარგი მომენტია – ლატარეის მოგება, ლამაზი ქალის დანახვა, კარგი სადილი – მაგრამ, ზოგადად, ყველაფერი ტრაგიკულია. ოაზისი სასიამოვნოა. მაგალითად, აიღეთ, ბერგმანის ფილმი „მეშვიდე ბეჭედი“. ეს ფილმი უდიდესი ტრაგედიაა, თუმცა იქ არის ერთი მომენტი, როდესაც ის ზის თავის შვილებთან ერთად, სვამს რძეს და ველურ მარწყვს მიირთმევს. მაგრამ შემდეგ ეს შესანიშნავი მომენტი სრულდება და რეალურ ცხოვრებას უბრუნდები.

სიყვარულზეც ასეთი პესიმისტური განწყობა გაქვთ?

ადამიანი იმაზე მეტადაა დამოკიდებული იღბალზე, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამბობენ, რომ თუკი გსურს კარგი ურთიერთობა გქონდეს, უნდა იმუშაო კიდეც მასზე. მაგრამ ამას არ ამბობენ ხოლმე ისეთ რამეებზე, რისი კეთებაც მართლა გინდა და მოგწონს, მაგალითად ცურვაზე ან სოკერის თამაშზე. შენ არასდროს ამბობ: მე უნდა ვიმუშაო ამაზე. შენ უბრალოდ გიყვარს ის. არამგონია, შესაძლებელი იყოს ურთიერთობაზე მუშაობა; შენ ვერ გააკონტროლებ მას. უბრალოდ უნდა იყო იღბლიანი და მიჰყვე ცხოვრების დინებას. თუ უიღბლო ხარ, მზად უნდა იყო ტანჯვისთვის. ამიტომაცაა, რომ ურთიერთობები ძალიან რთულია და თან ტკივილი სდევს. ხალხი ერთად ინერციის გამო რჩება, მათ საკმარისი ენერგია აღარ აქვთ, იმიტომ, რომ ეშინიათ მოწყენილობის… ან უბრალოდ შვილების გამო.

შეუძლია კაცს ორი ქალი ერთდროულად უყვარდეს?

ორზე მეტიც.(იცინის) მემგონია, რომ შესაძლებელია. ამიტომაცაა რომ რომანტიკული ურთიერთობები ძალიან რთული და მტკივნეული რამაა, ძალიან ძნელი, ძალიან ჩახლართული. შენ შეიძლება იყო შენს ცოლთან ძალიან ბედნიერ ქორწინებაში და შემდეგ გაიცნო სხვა ქალი და შეგიყვარდეს. მაგრამ შენ ცოლიც გიყვარს და გიყვარს მეორეც. ასევე პირიქითაც შეიძლება – შენმა ცოლმა გაიცნო ვინმე სხვა კაცი, შენც უყვარხარ და ისიც. შემდეგ შენ გაიცნობ კიდევ ვინმეს და უკვე სამნი ხართ. (იცინის) რატომ მხოლოდ ერთი ადამიანი?

ყველაფერი შეიძლება გართულდეს, თუ ვინმე თქვენს რჩევას მიიღებს…

მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავის კონტროლი შეგეძლოს, იმიტომ რომ ცხოვრება ძალიან ჩახლართული ხდება თუ სადავეებს მიუშვებ. ყოველთვის არის რაღაც იმპულსი ადამიანებისთვის. ზოგი ამბობს, რომ საზოგადოება უფრო ღია უნდა იყოს.მაგრამ ეს არ იმუშავებს. მე თუ მკითხავთ, ყველა ვარიანტი წამგებიანია. თუ სხვა ქალს დაედევნები, ეს ცუდია შენი ოჯახისა და ცოლთან ურთიერთობისთვის. თუ შენი ქორწინება ე.წ „ღიაა“, არც ეს არის კარგი. საერთოდ არანაირი გზა არ არსებობს იმისთვის, რომ ბედნიერი იყო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უბრალოდ იღბლიანი ხარ.

ოდესმე ტირით?

ყოველთვის ვტირი კინოში. ეს ალბათ ერთადერთი ადგილია, სადაც ვტირი, რადგან საერთოდ მიჭირს ტირილი. ფილმში „ჰანა და მისი დები“ არის ერთი სცენა, სადაც უნდა მეტირა… რა აღარ სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. თვალებში რაღაცები შემაყარეს, მაგრამ მაინც ვერ ვტიროდი. თუმცა, აი, კინოში, ქვითინიც კი შემიძლია. მაგიაა.

თქვენ ყოველთვის თამაშობდით ხოლმე თქვენს ფილმებში, თუმცა ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო ნაკლებად ჩნდებით მათში. რატომ?

მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი როლი არ ყოფილა. წლების განმავლობაში ვასრულებდი რომანტიკულ როლებს, მაგრამ შემდეგ აღარ შემეძლო, რადგან დავბერდი. მოსაწყენია, როდესაც არ შეგიძლია ითამაშო ბიჭი, რომელიც გოგოს მოიპოვებს. წარმოგიდგენიათ, როგორი გასაბრაზებელია, როდესაც ფილმს სკარლეთ იოჰანსონტან და ნაომი ვოთსთან ერთად იღებ და ისინი სხვა ბიჭებს ხვდებათ? მე კი რეჟისორი ვარ. მე ის ბებერი ბიჭი ვარ, კამერის უკან. ეს არ მომწონს. მე მინდა ვიყო ის, ვინც ზის მათ პირისპირ რესტორანში, უყურებს მათ თვალებში და ატყუებს. თუკი ეს არ შემიძლია, ფილმში თამაშიც მოსაწყენი ხდება.

დაბერებაზე რა აზრის ხართ?

ჩემი აზრით, ეს საძაგელი შეთანხმებაა. დაბერებას არანაირი უპირატესობა არ აქვს. შენ არ ხდები უფრო ჭკვიანი ან უფრო ბრძენი, არც მეტი სიტკბო გხვდება წილად, არ ხარ უფრო კეთილი და საერთოდ, არაფერი კარგი არ ხდება. ზურგი მეტად გაწუხებს, სულ უფრო და უფრო გიჭირს საჭმლის მონელება, თვალთახედვა გაკლდება და ყურის აპარატიც აუცილებელი რამ ხდება. დაბერება ცუდი საქმეა და გირჩევდით, ეს არ გააკეთოთ, თუ შეგიძლიათ მისი თავიდან აცილება. მასში არანაირი რომანტიკა არაა.

ოდესმე აპირებთ შეწყვიტოთ ფილმების გადაღება?

მე უბრალოდ მომწონს მუშაობა. სად განვავითარო ჩემი ამბიციები? როგორც ხელოვანი, ყოველთვის ისწრაფვი რაღაც საბოლოო მიღწევისთვის, თუმცა ვერასდროს აღწევ მას. გადაიღენ ფილმს და ხვდები, რომ შედეგი ყოველთვის შეიძლება უკეთესი ყოფილიყო. თავიდან ცდი და ისევ მარცხდები. რაღაც დოზით, ეს სასიამოვნოც კია – არასდროს კარგავ შენს მიზანს. მე არ ვაკეთებ ჩემს საქმეს ფულისთვის ან იმისთვის, რომ გაყიდვების რეკორდები მოვხსნა – უბრალოდ მინდა რაღაცები ვცადო. რა მოხდებოდა, რომ შემეძლოს სრულყოფილებას მივაღწიო? შემდეგ რას გავაკეთებდი?


artside.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები