მსოფლიო
პრემიერი: მაქსიმალურად უნდა გასწორდეს ბალანსი მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის
2014-08-04 13:36:36
ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებს და ვიმედოვნებთ, რომ მხარეები მალე მიაღწევენ თანხმობას და რეგიონში მშვიდობა აღდგება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს „ამბასადორიალი 2014“-ის გახსნის შემდეგ, სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ორივე სახელმწიფო საქართველოსთვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რათა დროულად მოხდეს მშვიდობის აღდგენა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტება გააკეთა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, კონსტიტუციაში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობს.
„არის ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერი, რომლის გასწორებაც აუცილებელია, რათა მაქსიმალურად გასწორდეს ბალანსი მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის. ეს არის გამჭვირვალე სამუშაო პროცესი და ვფიქრობ, წლის ბოლომდე გვექნება საბოლოო დოკუმენტი, როგორი უნდა იყოს ქვეყნის მთავარი კანონი“, - განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამა თუ იმ პირის დანაშაულს დამოუკიდებელი სასამართლო დაადგენს, ხოლო მთავრობა მაქსიმალურად უზრუნველყოფს გამოძიების პროცესის გამჭვირვალობას.
პრემიერის შეფასებით, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა აუცილებელია.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, დაუსჯელობა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ქვეყანაში. ეს არის, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი მოწოდება. მინდა მოვუწოდო მედიასაშუალებებს, სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფო, სრული აბსურდია. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და ვერცერთ ქვეყანასთან ჩვენს ურთიერთობას ვერ გადაწონის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ბრალდებულია ძალიან მძიმე დანაშაულებში. განცხადებები იმის თაობაზე, რომ სახელმწიფომ, დამოუკიდებელმა პროკურატურამ არ უნდა გამოიძიოს წარსულში ჩადენილი დანაშაულები, რომელიც შესაძლოა ჩადენილი იყო უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით, ეწინააღმდეგება მთავარ დემოკრატიულ ღირებულებებს და კანონის უზენაესობის პრინციპებს“, - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარები