სოც. მედია
ნაბიჭვარი
2014-07-20 23:08:05
ოცდაერთი დღის ჩანასახს გული უცემსო - გაგეგო სადღაც და მეოცე დღეს, გულის ძგერის დაწყებამდე, გადაწყვიტე მისი მოშორება.
სამშობიაროში აბორტის მსურველი ქალების რიგი იდგა. ხორხოცებდნენ, ჭორაობდნენ და დრო გაჰყავდათ, თითქოს, პურის რიგში მდგარიყვნენ.
-მერამდენე თვეში ხარ? - ჰკითხა ოცდაათიოდ წლის ქერათმიანმა ქალმა გვერდით მდგომს.
-პირველში.
-უი, მერე ჯერ რატომ იშორებ? დაგეცადა სამ-ოთხ თვემდე, დაზღვეული იქნებოდი ეგ პერიოდი. მე ეგრე ვაკეთებ ხოლმე.
-უი, რას ამბობ, ქალო? რომელი ექიმი მომიშორებს ოთხი თვის ბავშვს?
-უფ, წინაზე მე სწორედ ოთხი თვის მოვიშორე. მუცელი არ მეტყობოდა და არ გამიშვა ექოსკოპიაზე, ორი თვის ვარ მეთქი, მოვატყუე. მერე კი გადაირია გია ექიმი, ეგ რამხელა ნაყოფი მომაშორებინეო, მაგრამ რაღა დროს იყო?.. მაინც გოგო ყოფილა და არ უნდოდა ჩემს ქმარს…
ამასობაში შენი რიგიც მოვიდა.
ექიმს ჯერაც არ მოეხსნა სისხლიანი ხელთათმანი, ბოლო მკვლელობიდან შერჩენილი. მის თვალებში წითლად შეღებილი ციცქნა კიდურები ირეკლებოდა: თითქოს საშველად გამოწვდილი, უმწეო ხელები, ვერგაქცეული ტერფები…
ბლოკი, სადაც აბორტებს აკეთებდნენ, ეშმაკებით გავსებულიყო, რომლებიც ჯოჯოხეთური ხარხარით დასცინოდნენ იქვე კუთხეში ატირებულ ღვთისმშობლის ხატს (უფალმა უწყის, რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა აზრად ხატის ამ მიწიერ ჯოჯოხეთში მობრძანება, ან რა მიზნით).
პატარა უცოდველი სულები ეშმაკებით სავსე ოთახიდან გაღწევას ლამობდნენ. ზოგი დედას წაეტანებოდა, რომელიც ბედნიერი სახით გარბოდა ბლოკიდან “გათავისუფლებული”. მერე ცრემლიან ღვთისმშობელს ეხუტებოდნენ სითბონაკლულნი. ვეღარ იტევდა წმინდა მარიამის გაშლილი მკლავები უცოდველ სულებს…
ექიმმა ექოსკოპიის დასკვნას გადახედა და ექთანს გადასძახა:
-ლენა, მოამზადე გოგონა სააბორტოდ.
სწორედ ამ დროს ზუსტად იგრძენი, როგორ სწვდა ერთ-ერთი ეშმაკი შენს სულს და ქვესკნელისკენ გააქანა.
-არააააააა!!!- საკუთარმა განწირულმა ყვირილმა გამოგარკვია ფიქრებიდან და უკვე ქუჩაში იდექი. ეშმაკებიც სადღაც გამქრალიყვნენ, შორს რომელიღაც ტაძრის გუმბათი მოსჩანდა და შენ ხარბად ისუნთქავდი სუფთა ჰაერს, თან ისტერიკულად ეფერებოდი შენსავე მუცელს, რომელშიც გადარჩენილი ჩანასახის გულს სიხარულისგან ნაადრევად დაეწყო ძგერა…
დაახლოებით რვა თვეში შენ მარტოხელა დედა დაგერქვა (და ხალხმაც გაგრიყა)
მე კი, შენს მკერდზე ტკიპასავით მიკრულ უსუსურ ჩვილს, - ნაბიჭვარი (სწორედ ასე მიწოდა წლების შემდეგ ჭიდაობის წრეზე ჩემს მიერ დამარცხებულმა თანატოლმა).
მე-კალ-მე
flirtic.ge
კომენტარები