მსოფლიო
ვინ არის თამთა გოგუაძის მეორე ქმარი და სად გაიცნო მომღერალმა მომავალი მეუღლე ?
2014-05-19 14:40:28
27 აპრილს, მომღერალმა თამთა გოგუაძემ, საკუთარი ბედი გიორგი აბულაშვილს დაუკავშირა. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა, ხელი კი რესტორან „შობის” ეზოში მოაწერეს. ცერემონიალი ძალიან ლამაზად იყო გაფორმებული, რომელსაც მიწვეული სტუმრები აღფრთოვანებით შეჰყურებდნენ. ხელისმოწერის შემდეგ თამთამ და გიორგიმ, სტუმრებთან ერთად, დარბაზში გადაინაცვლეს და საღამოც დაიწყო. წყვილის გადაწყვეტილებით, ქორწილი ვიწრო წრეში გაკეთდა, რომელსაც მათთვის ყველა ძვირფასი ადამიანი ესწრებოდა. როგორც თამთამ აღნიშნა, მას და გიორგის ერთმანეთი მათმა პროფესიამ აპოვნინა. ორივე „ქართული ლეგენდა – სამაიას” წევრები არიან.
თამთა გოგუაძე: მე და გიომ ერთმანეთი გავიცანით ანსამბლში. მე უკვე მეშვიდე წელია, „ქართული ლეგენდა – სამაიას” წევრი ვარ, გიო კი 2010 წელს შემოგვიერთდა. თავიდან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, შემდეგ კი მეგობრობა სხვა გრძნობაში გადაიზარდა. კარგად მახსოვს, ეს იყო 2011 წლის 22 ნოემბერს პეტერბურგში. ხუმრობით ვამბობ კიდეც, ფრთიანი ფრაზა რომაა „ქეთო და კოტედან:” „ეს იყო პეტერბურგში,” ნამდვილად შეესაბამება ჩვენი სიყვარულის ისტორიას. გასტროლი გვქონდა მაშინ რუსეთში. მას მერე დიდი დრო გავიდა და უფრო გაღრმავდა ჩვენი ურთიერთობა. საბოლოოდ მივხვდით, რომ ჩვენი ურთიერთობა ნამდვილად სიყვარული იყო და გადავწყვიტეთ, ცხოვრება ერთმანეთისთვის დაგვეკავშირებინა და შევქმენით ოჯახი. ეს უცებ მიღებული გადაწყვეტილება ნამდვილად არ იყო. ეს გადაწყვეტილება დრომ და ურთიერთობამ მოიტანა, დაგვანახვა, რომ ერთად ყოფნა ნამდვილად გვინდოდა. „სამაიამ” გვაპოვნინა მე და გიოს ერთმანეთი.
– ოჯახმა როდის გაიცნო მომავალი სასიძო?
– ჩემს დაბადების დღეზე, 25 თებერვალს, ჩემს ოჯახს გავაცანი გიო. 15 მარტს კი ნიშნობა გვქონდა და იმ დღესვე წავედით ერთთვიან გასტროლზე რუსეთში. ჩამოვედით და ქორწილიც უცებ დავგეგმეთ, რომელიც 27 აპრილს აღვნიშნეთ. გვინდოდა, ეს დღე ჩვენთვის ყველაზე ახლობლებთან ერთად აგვეღნიშნა და ყველა ის ადამიანი ყოფილიყო ჩვენ გვერდით, ვინც ჩვენთვის ძვირფასია. გვინდოდა, მათ გაეზიარებინათ ჩვენი ბედნიერი და ტკბილი ოჯახის შექმნის სიხარული. ვფიქრობ გამოგვივიდა და ჩვენთვის ეს დღე იყო, ჩვენი ოჯახის ლამაზი ფურცლის ტკბილი დასაწყისი.
მადლობა ჩემს ოჯახს, რომ ყოველთვის მხარში მიდგას, მილამაზებს და მიხარებს ცხოვრებას. ჩემი ლუკა ყველაზე ბედნიერი იყო ამ დღეს, მე კი ამის გამო, ორმაგად – გახარებული.
– ჯვარი სად დაიწერეთ?
– ჯვარი სვეტიცხოველში დავიწერეთ, ხელი კი რესტორან „შობაში,” ღია ცის ქვეშ მოვაწერეთ, სადაც სტუმრებთან ერთად აღვნიშნეთ ჩვენი ქორწილი.
– მეჯვარეები ვინ იყვნენ?
– მეჯვარეები იყვნენ ჩვენი მეგობრები, ორივე მოცეკვავეა – ეკა გელაშვილი და ვასო გაგუნაშვილი.
– ძალიან ლამაზი კაბა გეცვა, სად შეიძინე?
– ჩემს კაბაზე იზრუნა მაღაზია „ელდორადომ.” დიდი მადლობა მათ, ასე რომ გამილამაზეს ჩემი ლამაზი დღე.
– ლუკამ როგორ მიიღო შენი გათხოვების ამბავი? ხომ არ გააპროტესტა?
– ლუკას თავიდან გიო გავაცანი, როგორც ჩემი მეგობარი. ძალიან მოეწონა და დამეგობრდნენ. გიოს უყვარს ბავშვები და კარგად გაუგეს ერთმანეთს. მოგვიანებით, ლუკას ყველაფერი ავუხსენი, მან კი მომიწონა გადაწყვეტილება და არჩევანი. მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩემი შვილი, ჩემთვის ყველაფერია. ლუკა და გიო მეგობრები არიან და გიოს ნახვა ყოველთვის ძალიან ახარებს. გიო სკოლაში აკითხავს ხოლმე, ერთად ვსეირნობთ და ლუკა ბედნიერია. ლუკას ყოველთვის აკლდა ნამდვილი ოჯახური გარემო. ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებენ, ლუკა რომ იყოს ბედნიერი, მაგრამ მას ყოველთვის უნდოდა და ან ძმა ჰყოლოდა. იცოდა, რომ ამ ყველაფერისთვის, ჩემი გათხოვება იყო საჭირო. ახლა კმაყოფილია და მოლოდინის რეჟიმშია, როდის დადგება ის დღე, როცა და-ძმა ეყოლება. ღმერთის წყალობით, იმედია, ლუკას მალე ავუსრულებთ ოცნებას.
"თბილისელები"
კომენტარები