სოც. მედია
ფრთხილად, ძალოვანებისადმი დაუმორჩილებლობისთვის შესაძლოა 400-დან 2 000 ლარამდე დაჯარიმდეთ
2014-04-28 10:48:04
სამართალდამცავთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან მათ მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ჯარიმის ქვედა ზღვარი 400 ლარი იქნება. უცვლელი რჩება ფულადი სანქციის ზედა ზღვარი, რომელიც 2 000-ლარს შეადგენს.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" შესაბამის – 173-ე მუხლში გასულ წელს განხორციელდა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სამართალდამცავთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევებზე ფულად სანქციად განისაზღვრა ჯარიმა - 2 000-ლარამდე ოდენობით. კერძოდ, კოდექსში ჩაიწერა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა), გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის ცვლილებები, რომლის თანახმად, იცვლება ადმინისტრაციული სახდელის ზომა და განისაზღვრება საჯარიმო თანხის ქვედა ზღვარი 400 ლარით, ხოლო ზედა ზღვარი – 2 000 ლარამდე უცვლელი დარჩება.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში ინიცირებულია. მის განხილვას მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს.
კომენტარები