0 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სიმინდის ზეთი - უნივერსალური "ოქროს პროდუქტი"

სიმინდს ინდიელები ოდითგანვე ღვთის წყალობას უწოდებდნენ, ლეგენდებსა და სიმღერებს უძღვნიდნენ. ინკებს ის წმინდა მცენარედ მიაჩნდათ და არა მხოლოდ ხვნა-თესვის პერიოდში, არამედ ყოველდღე საგანგებო რიტუალებს მართავდნენ მის პატივსაცემად. მას შემდეგ ასეულობით წელი გავიდა და სიმინდი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. მისი მარცვლებისგან ადამიანმა უამრავი პროდუქტი მიიღო: სახამებელი, სპირტი, გლუკოზა, ხელოვნური ქსოვილები, ფოტო- და კინოფირები. სიმინდის ზოგიერთი სახეობა დღესაც წარმატებით გამოიყენება საუკეთესო ქაღალდისა და პლასტმასის წარმოებაში. თუმცა ყველაზე ფასეული რამ, რასაც სიმინდისგან იღებენ, ზეთია. მას ხშირად ოქროს ადარებენ. მრავალ ქვეყანაში ოქროს უწოდებენ თავად სიმინდსაც. სიმინდის ზეთი მართლაც “ოქროს პროდუქტია”. ის უხვად შეიცავს მეტად ღირებულ კომპონენტებს - ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმზე გამაახალგაზრდავებელ და გამაჯანსაღებელ გავლენას ახდენს. როგორც ამბობენ, სიმინდის ზეთი კურნავს გარედან და შიგნიდან, აქტიურად ებრძვის სიბერის გამომწვევ თავისუფალ რადიკალებს, სიჯანსაღეს უნარჩუნებს თმას, კანსა და ფრჩილებს, უნივერსალურია კულინარიაში. სიმინდის ზეთი მცენარის ღივისგან მიიღება. იყიდება მხოლოდ რაფინირებული - ბაცი ყვითელი, გამჭვირვალე, უსუნო, ნეიტრალური გემოს მქონე პროდუქტი. ამ თვისებების გამო ის ფართოდ გამოიყენება თევზის, ხორცის, ბოსტნეულის შესაწვავად, სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად. სიმინდის ზეთს მოიხმარენ საკონდიტრო წარმოებაშიც. ის არ ქაფდება, არ იწვის, არ წარმოქმნის კანცეროგენულ ნივთიერებებს, რის გამოც ფასობს დიეტურ და საბავშვო კვებაში. შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები სიმინდის ზეთი განსაკუთრებით მდიდარია A პროვიტამინით. ბევრია მასში B ჯგუფის, ჩ და K ვიტამინები, ზოგიერთი მინერალური ნივთიერება, ლეციტინი, ფიტოსტერინები. ყველაზე მეტი კი სიმინდის ზეთში E ვიტამინია (ზეითუნის ზეთიც კი ორჯერ ნაკლებ E ვიტამინს შეიცავს). მოიპოვება F ვიტამინიც, რომელიც უჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსის სახით არის წარმოდგენილი. 100 გრამ სიმინდის ზეთში E ვიტამინის ოდენობა 10 სადღეღამისო ნორმაზე მეტია, ამიტომ დღეში სულ ორი სადილის კოვზი საკმარისია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად (რა თქმა უნდა, სხვა საკვებ ნივთიერებებთან ერთად). ყველაზე სასარგებლოა ის ზეთი, რომელიც სიმინდის ღივისგან ცივი გამოხდით (გაწურვით) მიიღება. ასეთ ზეთში უხვადაა ლეციტინი, რომელიც შეუცვლელია თრომბოზების პროფილაქტიკისა და ათეროსკლეროზის მკურნალობისთვის. სიმინდის ზეთში შემავალი E ვიტამინი ააქტიურებს ალფა-ტოკოფეროლებს, რომლებიც ბუნებრივი ანტიოქსიდანტებია და რომელთა წყალობითაც ვინარჩუნებთ ახალგაზრდობასა და სილამაზეს. სიმინდის ზეთი შეიცავს უჯერი ცხიმოვანი მჟავების საგანგებო კომპლექსს, რის წყალობითაც ის საუკეთესოდ არეგულირებს ცხიმოვან ბალანსს ორგანიზმში, ელასტიკურობას ანიჭებს სისხლძარღვებს, აქვეითებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს. სიმინდის ზეთი კარგია თირკმელკენჭოვანი პათოლოგიის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის დროს. მის რეგულარულ გამოყენებას ტონუსში მოჰყავს ნაღვლის ბუშტი, აწესრიგებს მის გამომყოფ ფუნქციას (ამისთვის ერთი სადილის კოვზი ზეთი უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე). სიმინდის ზეთში ლინოლის მჟავას რეკორდული შემცველობაა (56%). აღნიშნული მჟავა არეგულირებს სისხლის შედედებას, აძლიერებს იმუნიტეტს. მეორე ადგილზეა ოლეინის მჟავა (49%). ზეთი მდიდარია აგრეთვე სტეარინისა და პალმიტინის მჟავებით. არომატულ-ცხიმოვანი მჟავებიდან აღსანიშნავია ფერულის მჟავა, რომელსაც ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ის აფერხებს სიმსივნის განვითარებას, იცავს ორგანოებს სტრესის დამაზიანებელი მოქმედებისგან, აფერხებს ლიპიდების ჟანგვას, ხელს უშლის ათეროსკლეროზული პროცესების მიმდინარეობას (ამისთვის ზეთი უნდა მიირთვათ სხვა საკვებთან ერთად, 25-25 გრამი დღეში სამჯერ), სიმსივნური წარმონაქმნების ზრდას, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების თვითგანადგურებას. იგივე თვისებები ახასიათებს ფიტოსტერინებს, რომლებიც ასევე უხვადაა სიმინდის ზეთში. ცნობისათვის: ადამიანის ორგანიზმს, ჩვეულებრივ, ამ ნივთიერებათა ქრონიკული დეფიციტი აღენიშნება. სიმინდის ზეთი რეკომენდებულია დიეტის დროს, რადგან დადებითად მოქმედებს ნაწლავთა ფუნქციაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, ამაგრებს კაპილარებს, ამცირებს მათ განვლადობას და ხელს უწობს მათი კედლის განმტკიცებას. მედიკოსები და დიეტოლოგები გვირჩევენ, სიმინდის ზეთი მივირთვათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საპროფილაქტიკოდ, გარემოს მავნე, აგრესიული, დამაზიანებელი ფაქტორებისგან ორგანიზმის დასაცავად, გუნება-განწყობილების ასამაღლებად, ძილისა და საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად (უძილობის დროს ზეთი 5-7 წუთის განმავლობაში ნაზად უნდა შეიზილოთ კეფის ფოსოში, ტერფებზე, ხელისგულებზე, მუხლებზე, იდაყვისა და კოჭ-წვივის სახსრების არეში). ამ ზეთს შეუძლია გაახანგრძლივოს ახალგაზრდობა, შეამციროს ალერგიული რეაქციები და კანის აქერცვლა, დაიცვას ორგანიზმი ნერვული დაავადებებისა და შაკიკისგან (რეკომენდებულია თითო სადილის კოვზი დღეში ორჯერ). სასარგებლოა პატარა ბავშვების, ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის, რადგან მასში არის ფოსფატიდები - უჯრედული მემბრანის ნაწილები, რომლებსაც ტვინის ფუნქციის რეგულირება შეუძლია. ხალხური მედიცინა სიმინდის ზეთით მკურნალობს დამწვრობას, ალერგიულ რინიტს, სახის, ტანისა და ტუჩების კანზე არსებულ ნახეთქებს. სიმინდის ზეთი უკუნაჩვენებია მხოლოდ გაცხიმოვნებისადმი მიდრეკილებისა და ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში. მისი ენერგეტიკული ღირებულება 100 გრამზე 899 კკალორიას შეადგენს. mkurnali.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები