სოც. მედია
"ჩემს საფლავზე ნახევარი საქართველო მოვა"
2014-01-09 15:57:39
სიცოცხლეშივე ღვთის მადლით ბევრ სასწაულს ახდენდა. ერთ მონაზონს, დედა პელაგიას, შვილი ჰყავდა ავად. ექიმებმა ვერაფერი გაუგეს. მამა გაბრიელმა სნეული თავისთან მიაყვანინა, ღვთისმშობლის დიდი ხატი წყლით ჩამორეცხა, ნაბანი წყალი სნეულს დაალევინა. ქალიშვილი მაშინვე განიკურნა.
ერთხელ მამა გაბრიელს სულიერი შვილი ესტუმრა. ბერი წესისამებრ გაუმასპინძლდა. ყმაწვილმა ტაფაში ჩარჩენილი კარტოფილი მოასუფთავა, არ ეყო. დედა პარასკევამ მოძღვარს უთხრა, - დასათლელი კარტოფილიც აღარ გვაქვსო.”ჰო, კარგი,”- ჩაილაპარაკა ბერმა, მერე კი სტუმარს მიმართა: - გადი, აბა, გაიხედე.
ეზოში ორი მონაზონი ხომ შემოვიდაო. ყმაწვილი გარეთ გავიდა. მართლაც ამ დროს მონასტრის ეზოში მონაზვნები შემოვიდნენ.”შემოვიდნენო, - უთხრა ბერს.”კარგი, დაჯექი და კარტოფილი გადაიღეო,”- შესთავაზა მამა გაბრიელმა. ტაფა სავსე იყო შემწვარი კარტოფილით, ვაჟმა საჭმელი თეფშზე გადაიღო და ჭამა განაგრძო, მაგრამ უეცრად ლუკმა ყელში გაეჩხირა:”წეღან ხომ ტაფაში აღარაფერი იყო, ბოლო ლუკმა მე შევჭამე, ეს კარტოფილი საიდანღა გაჩნდაო.
მამა გაბრიელის მიერ მოხდენილი სასწაულების მოსმენისას მისმა სულიერმა შვილმა, ქეთევანმა გაიფიქრა: ნეტავ მთების გადადგმა თუ შეუძლიაო. ამ დროს ბერმა ჰკითხა:”გინდა, ეს მთები გადავაადგილო? ქალიშვილმა თავი დაუქნია, გულში კი გაივლო, - მაშინ ყველაფერი დაინგრევაო. მამა გაბრიელმა მის გულისთქმასაც უპასუხა, - არაფერიც არ მოხდებაო.
მერე კი დაეჭვებულ სულიერ შვილს ტირილით უთხრა:”რატომ არ გჯერა ჩემი? ეს ჩემთვის არაფერია, ღმერთს რომ ვთხოვო, შემისრულებს! ღმერთს არა აქვს დაბრკოლება, იცოდე! სასწაული ის კი არ არის, მთა გადაადგილდება თუ არა, არამედ ის, რომ ძროხა მწვანე ბალახს ძოვს, რძე კი თეთრია. ნუთუ არ გიკვირს ამოდენა დედამიწა რას უკავია? ეს ხომ საოცრებათა საოცრებააო!”
ჩემს საფლავზე ნახევარი საქართველო მოვაო,”- უთქვამს. მართლაც, ისე გამრავლდა მამა გაბრიელის მიერ მოხდენილი სასწაულები, რომ უკვე აღარაფერი გვიკვირს. ყველას შეეწევა ბერი გაბრიელი, ვინც იცნობდა მას, თუ სიკვდილის შემდეგ გაიცნო.
დაბოლოს, ბერი გაბრიელის დარიგებაც მოვისმინოთ:
"ილოცეთ ყველასთვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს შესძრავს"...
kvirispalitra.ge
კომენტარები