სოც. მედია
ნავთობკომპანიებმა საქართველოში ბენზინი გააძვირეს
2013-12-21 15:32:51
საწვავის ფასები თითქმის ყველა ნავთობკომპანიამ სახეობების მიხედვით, საშუალოდ, 5-7 თეთრით გააძვირა.
აქედან "სუპერის ტიპის" ბენზინზე ფასები 2,20 თეთრიდან 2,30 თეთრამდე მერყეობს, მათ შორის, ყველაზე იაფი საწვავი "ლუკოილის", ხოლო ყველაზე ძვირი "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებზე დაფიქსირდა.
"პრემიუმის" კატეგორიის ღირებულება 2,15 -დან 2,25 ლარამდე მერყეობს, მაღალი ფასების მიხედვით, ლიდერი კვლავ "ვისოლია", ხოლო სიიაფით "ლუკოილი" და "რომპეტროლი" გამოირჩევიან.
რაც შეეხება "ევრორეგულარის" ტიპის საწვავს, რომელიც ყველაზე აქტიურად მოიხმარება, მისი ფასები 1,99-დან 2,10 ლარამდე იზრდება, აქედან 1,99 ლარი ღირს "ლუკოილის" ბენზინგასამართ სადგურებში, ხოლო 2,10 ლარი - "სოკარში", "ვისოლსა" და "გალფში".
შედარებით დაბალი ოქტანობის, "რეგულარის ტიპის", ბენზინი 2,07 ლარი ღირს.
რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 2,07-2,10 ლარით განისაზღვრა.
როგორც კომპანიებში აცხადებენ, საწვავზე ფასების მატება ლარის კურსის ცვლილებამ და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებამ განაპირობა.
2013 წლის 18 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით, ლონდონში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 109,63 (+ 1,19) დოლარი/ბარელზე; ნიუ-იორკში კი Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა 97,80 (+ 0,58) დოლარი/ბარელზე შეადგინა.
ლარის კურსის შესახებ უფრო მეტის გაგება შეგიძლიათ აქ.
წყარო: bpn.ge
კომენტარები