0 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინტერვიუ მაგთიკომის დამფუძნებელთან - გია ჯოხთაბერიძესთან

წელს მაგთიკომს ოპერირებიდან 25 წელი უსრულდება. ამ ხნის განმავლობაში როგორ შეცვალა მაგთიმ ადამიანთა ცხოვრება? როგორ აისახა ყველა ეს მაღალტექნოლოგიური სიკეთე ერთი ადამიანის ყოფაზე, თუნდაც ყველაზე მაღალმთიან სოფელში? 

როდესაც ზემო აჭარა სიგნალით დავფარეთ, მაგთიკომმა ტელეფონები საფოსტო განყოფილებებში უსასყიდლოდ დაარიგა. ნებისმიერ მსურველს შეეძლო მისულიყო და დაერეკა. მოგეხსენებათ, აჭარას და სამცხეს საბჭოთა მთავრობა განსაკუთრებულად უდგებოდა, ვინაიდან ნატოს წევრი ქვეყნის მოსაზღვრე და მომიჯნავე რეგიონები იყო. სარფსა თუ ვალეში ასე ადვილად ვერ ჩახვიდოდი, სპეციალური ნებართვა უნდა მიგეღო, მოსკოვის თანხმობით. შეიძლება ითქვას, ერთგვარი ბუფერული ზონა გახლდათ, საიდანაც ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება შეზღუდული იყო, ხოლო საბჭოთა კავშირის სხვა მოქალაქისათვის იქ მოხვედრა – თითქმის წარმოუდგენელი. მოკლედ, მობილური კავშირის დანერგვის შემდეგ, ერთმა ხანდაზმულმა ქალბატონმა დამირეკა და დამლოცა ზემო აჭარასთან კომუნიკაციის შესაძლებლობისთვის. ასე მითხრა, შვილო, თქვენ არ იცით, რამდენი ადამიანი იღუპებოდა ჩვენთან იმის გამო, რომ ექიმთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა, ან რამდენი ქალი გადაჰყვა მშობიარობას და რამდენი ბავშვი ვერ მოევლინა ქვეყანასო. მახსოვს, ამ ყველაფერმა როგორ შემაძრწუნა... 

ერთხელ ჩემმა მეგობარმა, არქიტექტორმა გია აბულაძემ ასეთი ამბავი მიამბო: ომალოში გზას ვაპროექტებდით, ჩავფრინდით და ერთ მეტრამდე სიმაღლის თოვლი დაგვხვდა. იმ ადგილას მხოლოდ ერთი შენობა იდგა და საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა. ვერტმფრენის ხმაზე ახოვანი, ლურჯთვალა, მზისგან გარუჯული მამაკაცი გამოვიდა ტყაპუჭით, რომელსაც ხელში ორ-სამ წლამდე წითელლოყება, ლურჯთვალა გოგონა ეჭირა. მისალმების შემდეგ, გაოგნებულმა ვკითხე, ამ უმეზობლო ადგილას, პატარა ბავშვით როგორ ცხოვრობთ-მეთქი. ჯიბიდან მობილური ამოიღო, დამანახა და მითხრა – აი, მაგთი! ვიდეოკლიპის სიუჟეტია, არა? ჩვენთვის მთავარი სწორედ ეს ნდობაა. 

რა აერთიანებს კომპანიის ასობით თანამშრომელს, რა არის თქვენი კომპანიის მთავარი ღირებულება, რასაც ყველა იზიარებს? 

პროფესიონალიზმი, პატიოსნება და მუყაითობა – ესაა, რაც გვაერთიანებს. ჩვენი გუნდის საერთო მიზანი მაგთიკომის წინსვლაა. თითოეულ თანამშრომელს კი კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ კომპანიის წარმატება მისი წარმატებაცაა. დასავლური მუშაობის და ცხოვრების წესი სწორედ ესაა, ხოლო ქართველები მეტწილად აღმოსავლურად ვაზროვნებთ. ჩვენში პიროვნულ ფილოსოფიას „მე” გამოხატავს, ხოლო დასავლეთში – „ჩვენ“, რაც სპორტშიც კარგად ჩანს. დასავლეთის თამაშები უმეტესწილად გუნდურია,აღმოსავლეთის კი – ინდივიდუალური. ევროპულ სტრუქტურებთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ალბათ ამიტომაც გაჭიანურდა – გვსურს, ჩვენი „მე“ დასავლურ „ჩვენ“-ში გავაერთიანოთ. ბალტიის ქვეყნებმა ეს გზა უფრო მარტივად და სწრაფად გაიარეს. 

მაგთიკომს დავუბრუნდეთ, ჩვენი კომპანია უპირველესად მცოდნე, კვალიფიციური, პასუხისმგებლიანი ადამიანების ერთობაა. ეს არის გუნდი, რომელიც მიზნებს ისახავს და აღწევს. ჩვენი მუშაობა ეფუძნება პრინციპს: გაჩნდა იდეა, განვიხილეთ, შევთანხმდით, განვახორციელეთ. ეს არის გუნდი ადამიანებისა, რომელიც მუდამ მზად არის დახმარებისთვის. გეხსომებათ მაგთიკომელების თავდადება და გმირობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს – დაზიანებული კაბელი ტყვიების ზუზუნში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად როგორ აღადგინეს გორთან. პარალელურად, იმავე დროს, მაგთიკომის გუნდმა ოპონენტი კომპანია ნაციონალურ როუმინგში ჩართო, როდესაც მათი ქსელი დაეშვა... 
მაგთიკომის გუნდი მუდამ ქვეყნის სადარაჯოზე დგას. ჩვენი აბონენტები ძირითადად ვერც გრძნობენ, თუ როგორ ვიცავთ მათ კიბერთავდასხმებისგან. ნამდვილად მეამაყება ასეთ გუნდთან მუშაობა, ჩვენ ხომ ქართულ საქმეს ვაკეთებთ. 

რა არის ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორი იმისათვის, რომ მაგთიკომი წლების განმავლობაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდეს? 

უპირატესობას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. პირველი: მაგთიკომის დაარსებიდან, დედა-კომპანიების წარმომადგენლები თუ ქართველი დამფუძნებლები მუდმივად თბილისში იმყოფებოდნენ. დღემდე მაგთიკომის ზედა დონეზე გადასაწყვეტი საკითხები რამდენიმე საათში, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე წყდება. მეორე: მაგთიკომი ძირითადად თვითონ აშენებს საკუთარ ქსელს, ქმნის პროგრამებს და თვითონვე ახორციელებს თავისი საკომუნიკაციო თუ ინფორმაციული ტექნოლოგიების ქსელების მომსახურებას. აქედან გამომდინარე, მინიმალური დრო სჭირდება რეაგირებას და გარე კომპანიების სერვისებზეც ნაკლებ თანხას ვხარჯავთ, ვალუტასაც ვზოგავთ.

ბიზნესეთიკა, რამდენად ეთანხმება იმ ღირებულებებს, რითაც პირად ცხოვრებაში ხელმძღვანელობთ?

სხვისი არაფერი მინდა, შურის გრძნობა ჩემთვის უცხოა, მხოლოდ დასახული მიზნის მიღწევა მამოძრავებს. ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს, ღალატი და უმადურობაა. ასევე, მიუღებელია, როდესაც ადამიანი გეიმედება და ის ამ დროს მზაკვრულად ფიქრობს, როგორ გაგაცუროს. არადა, არ ტყუვდები, ხან ასე მიანიშნებ, ხან ისე, ის კი თავისას არ ეშვება. მიუტევებ, თვალს დახუჭავ, მაგრამ ბოლოს მაინც გიწევს საკადრისი პასუხის გაცემა... რასაც ვაფასებ, უმთავრესი მათ შორის, ალბათ, საქმის სიღრმისეული ცოდნა, ანუ პროფესიონალიზმი და ამასთან ერთად მრავალმხრივი ერუდიციაა. 

რა თვისებებს უნდა ფლობდეს ლიდერი და ორი სიტყვით როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს? 

ჩემი აზრით, ყველა ადამიანს აქვს რაღაცისადმი მიდრეკილება, ნიჭი, მაგრამ ბუნებრივსა და თანდაყოლილს განვითარება სჭირდება. ცოდნის შეძენის და მუყაითობის გარეშე მიზნის მიღწევა შეუძლებელია. სამ თანაბრად მნიშვნელოვან მახასიათებელს დავასახელებდი – გონიერება, განათლება და პერმანენტულობა. რაც შეეხება საკუთარი თავის ორი სიტყვით დახასიათებას, ასე ვიტყოდი – „სამუშაოთა მწარმოებელი”.

გაქვთ თუ არა შრომის რიტუალი, რითი იწყებთ ან როგორ ასრულებთ სამუშაო დღეს?

დილის 6 საათზე ვდგები, ღამით რა დროსაც არ უნდა დავიძინო. 7:25 საათზე გავდივარ შინიდან. სამსახურში მისვლისთანავე ვკითხულობ ელექტრონულ ფოსტას და 8:45-მდე წერილებს ვპასუხობ. ამ დროს უკვე ყოველდღიური, დაახლოებით საათნახევრიანი თათბირი იწყება მაგთიკომის სინიორ გუნდთან. სამწუხაროდ, ამჟამად შეკრებებს ძირითადად ზუმის მეშვეობით ვახერხებთ. შემდეგ კვლავ მიმდინარე საქმეებს ვუბრუნდები. მოკლედ, ჩემი განრიგი მაქვს, რომელსაც ვცდილობ, ყოველთვის თანმიმდევრულად მივყვე. ყოველ 2 საათში ვიღებ ინფორმაციას მაგთიკომის მიმდინარე სტატუსის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, გუნდთან ერთად იქვე ვიღებთ გადაწყვეტილებებს. 18 საათისთვის უკვე გამოწურული ვარ ხოლმე. 

რატომ აირჩიეთ ბიზნესი და რა არის ბიზნესი პირადად თქვენთვის?

ბიზნესი შემოქმედებითი აზარტია, რომელიც თავისუფლებას და მოქნილობას განიჭებს. ბიზნესმენს კი ყველაზე თავისუფალ ადამიანად მივიჩნევ, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. ბიზნესში ფული ნამდვილად არ არის მთავარი. უპირველესი სწორედ მიზანია, რომლის მიღწევის შემდეგაც უდიდეს კმაყოფილებას გრძნობ. ცხადია, წარმატებულ ბიზნესს თავისთავად მოჰყვება შემოსავალი, რომელიც ბიზნესმენს დამოუკიდებლობას და გარკვეული კატეგორიის თავისუფლებას ანიჭებს.

რა გარემოებებმა, ინტერესებმა და პიროვნულმა თვისებებმა განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

არქიტექტორობა მინდოდა. ის თითქოს უფრო ჩემია, ასეთი განცდა მაქვს. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, მიმდებარე შენობების და გარემოს გათვალისწინებით, ამის დასტურია. ესკიზი ჩემია. 
მოგეხსენებათ, 70-იანი წლების დასაწყისში მთელი არქიტექტურა უნიფიცირებული იყო, იმდროინდელი შენობებიც ამას მოწმობს. ამიტომ მამამ არქიტექტორობა არ მირჩია და საინჟინრო ტექნოლოგიები ვამჯობინე. კომუნიკაციის ინდუსტრიაში კი ინფორმაციული ტექნოლოგიებიდან მოვედი, თუმცა ახლა სად იწყება კომუნიკაცია და სად გადადის ინფორმაციულ ტექნოლოგიაში, ძნელი გასარკვევია. ყველაფერს თავიდან რომ ვიწყებდე, ალბათ მაინც არქიტექტურისკენ გადავიხრებოდი. 

ადრეული მოგონებებიდან კიდევ რა არის ის, რაც წლების განმავლობაში არ გაფერმკრთალდა, ცხადად გახსოვთ?

მახსოვს, მე-5 კლასში კონტურულ რუკებს საზღვრებს ვავლებდით და ვაფერადებდით. ჩემს დახაზულ რუკაზე საქართველოს საზღვრები შავ ზღვაზე, ტუაფსეს სამხრეთით იწყებოდა, ვგულისხმობდი ნიკოფსიას, დღევანდელ ნოვომიხაილოვსკს, კრასნოდარის მხარეს. შემდეგ ფანქრით აღმოსავლეთისკენ, კასპიის ზღვამდე, დარუბანდამდე – დღევანდელი დერბენტი, დაღესტანი – მივუყვებოდი. სამეზობლოს საქართველოს საზღვრებში მოვაქცევდი ხოლმე... ვითვლიდი მოსახლეობას და 40 მილიონამდე გამომდიოდა. მოკლედ, ჩემს წარმოსახვაში „დამპყრობლის” თუ „დამბრუნებლის” როლს ვირგებდი. ალბათ ბავშვურ ოცნებაში მეგონა, რომ საქართველოს ამით ძლევამოსილებას ვანიჭებდი. ძალიან მსიამოვნებდა რუკის გაფერადება და ჩემი ბავშვური ფანტაზიები... 

კიდევ სოხუმი, ჩემი მშობლიური ქალაქია წარუშლელი შთაბეჭდილება. სითბო მახსოვს, როგორც კლიმატური, ასევე ადამიანური – არანაირი კონფლიქტი ეროვნულ ნიადაგზე, ეს მიუღებელი და გამორიცხული იყო! სოხუმი დიდი ურთიერთგაგება იყო, ალბათ უფრო აფხაზების დამსახურებით. ბუნებრივ კეთილშობილებაზე დაფუძნებული აღზრდა აყალიბებდა დახვეწილ ურთიერთობებს და ქმნიდა ერთგვარ მორალურ კოდექსს ისევე, როგორც დანარჩენ, მთიანი საქართველოს ხეობებში, ლოკალურ-ადგილობრივი თავისებურებებით. სოხუმი და აფხაზეთი მშვენიერია არა მხოლოდ ლანდშაფტით, არამედ ურთიერთპატივისცემის შთამბეჭდავი მაგალითებითაც. კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება” ხომ გახსოვთ? ამ ყველაფრის ფონზე კი ბიჭები ერთგვარი სოხუმური ჩამოსხმის ესთეტებად ყალიბდებოდნენ... კაცებად! მიხეილ ლაკერბაის ნოველები წაგიკითხავთ? წერს მარტივად, მაგრამ მაღალი პათოსით. სწორედ ეს პათოსია ალბათ აფხაზური ფუძე „ალამის” – ყოვლად წმინდა!

სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის განვითარება, რაც ადამიანთა შორის ურთიერთობების გამარტივებას გულისხმობს, რამდენად შეიძლება იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელშემწყობიც?

ერთი მხრივ, ამარტივებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანებს ერთმანეთისგან აშორებს. ალბათ დაკვირვებიხართ, სუფრას უსხედან და ყველა რამე დივაისითაა დაკავებული. ერთმანეთს არც ესაუბრებიან, მხოლოდ მოწყობილობის მეშვეობით ურთიერთობენ. მომავალში ასე ვირტუალურად როგორ გავმრავლდებით, არ ვიცი...

თქვენს მთავარ მიღწევად რა მიგაჩნიათ? 

პირადზე არ ვისაუბრებ. მაგთიკომი და სახვითი ხელოვნების კოლექცია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ჩემი ცხოვრების მთავარი მიღწევებია. 

საიდან გაჩნდა მუზეუმის დაარსების იდეა, კავშირგაბმულობა და სახვითი ხელოვნება მაინცდამაინც ახლოს არ არის ერთმანეთთან? 

როდესაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, ყველაფერს საზღვარგარეთ ეზიდებოდნენ, მათ შორის ფერწერულ ნამუშევრებს. შეიძლებოდა ისე მომხდარიყო, რომ გარკვეული პერიოდის სურათები საქართველოში აღარ გვქონოდა და ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების ისტორიაც გამწყდარიყო. ამასთან შებრძოლებამ მანანას და მე კოლექციის შექმნისკენ გვიბიძგა, რაც საბოლოოდ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის აშენებით და მასში ჩვენი კოლექციის წარდგენით დაგვირგვინდა. 

რა როლი აქვს ტელეკომუნიკაციას თანამედროვე მსოფლიოსა და საქართველოში?

მთელი მსოფლიოსთვის თუ ცალკეული ქვეყნისთვის ტელეკომუნიკაციის როლი ერთი და იგივეა. პანდემიამ თითქმის მთელი დედამიწის მოსახლეობის ცხოვრების წესი შეცვალა, ძირითადად დისტანციურად ვსაქმიანობთ. ეს ფაქტი თავისთავად ტელეკომუნიკაციის უმნიშვნელოვანეს როლზე მიუთითებს. ამ დარგს ერთი თავისებურება აქვს: როდესაც ყველაფერი გამართულად მუშაობს, არავის ახსოვს და მადლიერება – ნაკლებად, მაგრამ უკმაყოფილებისთვის უმნიშვნელო ხარვეზიც კი საკმარისია. 

რამდენად მნიშვნელოვანია ტელეკომუნიკაცია ქვეყნის მდგრადობისა და უსაფრთხოებისთვის?

პასუხი მოკლეა: ჯარის წინ კომუნიკაციაა! განათლება იქნება ეს, ჯანდაცვა, ფინანსური ტრანზაქცია თუ ტელევიზია, ყველა დარგის და მიმართულების ფუნქციონირება ტელეკომუნიკაციის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული. ყველაფერი ტელეკომუნიკაციას ეფუძნება და მისი მეშვეობით იმართება. ალბათ გახსოვთ, ფელინის ცნობილ ფილმში „ორკესტრის რეპეტიცია”, თითოეული ორკესტრანტი თავის მუსიკალურ ინსტრუმენტს რომ მიიჩნევს უმნიშვნელოვანესად ორკესტრში. მეც ასე გამომდის... თუმცა ამ შემთხვევაში დირიჟორად არავის მივიჩნევ. თვით სამყაროს ამჟამინდელი მდგომარეობა, ანუ განვითარების ეს ეტაპია ტელეკომუნიკაციის დარგის წინა პლანზე წამომწევი. მომავალში კი სად ვიქნებით, არ ვიცი. შესაძლებელია, ჰუმანოიდი, ან იმ დროს რაც ერქმევა მაღალგანვითარებულ არსებას, ინფორმაციის სწრაფად გადამამუშავებელი და ყოველგვარი აპარატურის გარეშე ტელე-მიმღებ-გადამცემიც თავად გახდეს.

როგორ ხედავთ ბიზნესმენის როლს ქვეყნის განვითარების პროცესში?

ზოგადად, ბიზნესმენს თავისი ფუნქცია აქვს სახელმწიფოს წინაშე – ის პატიოსნად ავსებს ბიუჯეტს. თითქოს აქ მისი ვალდებულება მთავრდება, მაგრამ არსებობს სოციალური პასუხისმგებლობაც. მიმოიხედეთ, წარმატებული ბიზნესჯგუფები რამდენ კეთილ საქმესთესავენ თავის გარშემო. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ საბჭოთა მენტალიტეტით ვცხოვრობთ და გვიჭირს იმის გაცნობიერება, რომ წარმატებული ბიზნესმენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანია და არა მჩაგვრელი, როგორც ბოლშევიკები წარმოაჩენდნენ საქმიან ადამიანებს.

რას ნიშნავს მაგთიკომი ქვეყნის ეკონომიკისთვის?
 
ეს არის მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია საქართველოში. 
ეს არის 2 მილიარდ 160 მილიონზე მეტი შენატანი საქართველოს ეკონომიკაში. 
ეს არის 2000-მდე თანამშრომლის ოჯახი სტაბილური შემოსავლით. 
ეს არის მაგთიკომთან საქმიანობით დაკავშირებული ადგილობრივი კომპანიები, მათი თანამშრომლებისა და ოჯახების კეთილდღეობით. 
ეს არის მაგთიკომის და მისი დამფუძნებლების ქველმოქმედება.

როდის უნდა ველოდოთ 5G-ის? მისი დანერგვა ოპერატორზეა დიდწილად დამოკიდებული თუ ბაზრის, ქვეყნის და საზოგადოების მზაობაზე?

საქართველოს ბაზრისათვის მე-5 თაობის ქსელი ამ ეტაპზე ნაადრევია, ვინაიდან ის ძირითადად მაღალტექნოლოგიურ საწარმოებზეა ორიენტირებული. ამით კი, სამწუხაროდ, საქართველო განებივრებული არ არის. რაც შეეხება საცალო სეგმენტს, როგორც მსოფლიო კვლევები აჩვენებს, შემოსავლების კუთხით იმდენად უმნიშვნელოა, რომ მე-5 თაობის ქსელის აგების ხარჯს ვერ ამოიღებს. ერთია, გვინდა და მეორეა, გვაქვს თუ არა ამის შესაძლებლობა. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მე-5 თაობის ქსელური ელემენტებისშესწავლას და ტესტირებას უკვე ვახორციელებთ. 

რა არის ის, რაც წლების წინ ფანტასტიკად, მიუღწევლად გესახებოდათ, დღეს კი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია?

ბევრი რამ, თუნდაც საბჭოთა კავშირის დაშლა. მეგონა, რომ პარიზი, ლონდონი, ნიუ-იორკი მხოლოდ წიგნებში და კინოში იყო, თურმე რეალობაა... და ამ ქალაქებში დღეს ჩვენი ახალგაზრდობა პროფესიას და განათლებას ეუფლება. ტექნიკაზე და ტექნოლოგიურ პროგრესზე თუ ვისაუბრებთ, ძალიან შორს წავალთ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, 5 მეგაბაიტიანი გარე მეხსიერების მოწყობილობის გადატანას 1956 წელს ბოინგი სჭირდებოდა, დღეს კი 1 კვადრატულ სანტიმეტრიანი USB-ფლეშ-მეხსიერება რამდენს იტევს?! 

არსებობს ინდუსტრიები, დარგები, სადაც ხშირად მშობლების საქმეს შვილები აგრძელებენ. გყავთ კოლეგები ოჯახში? 

სამივე, ზოგადად, ბიზნესის სფეროშია. თამუნა, როგორც იურისტი, მაგთიკომში გვეხმარება ხოლმე, თუმცა ძირითადად მუზეუმს კურირებს. ანდროს თავისი ბიზნესი აქვს, კავკასუს ონლაინის და დელტაკომის შესყიდვებსაც მან უხელმძღვანელა. ირაკლისაც თავისი ბიზნესი აქვს, მაგრამ მარკეტინგის მიმართულებით გვეხმარება. 

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ინტერვიუზე დაგვთანხმდით...

დიახ, ბევრი საუბარი ნამდვილად არ მიტაცებს. როდესაც ლექტორად ვმუშაობდი, არც მაშინ ვიყავი ენაწყლიანი მოსაუბრე,სტუდენტებს ყოველთვის ვუტოვებდი სივრცეს ფიქრისთვის. რაც შეეხება ინტერვიუებს, თითქმის მთელი ქართული ჟურნალისტიკა სენსაციებზეა აგებული. როცა გაბრიელ გარსია მარკესი თავის ჟურნალისტურ მოგონებებს ეხება, ასეთ რამეს ამბობს: „სენსაცია ნებისმიერ ფასად სწონიდა ყველა ზნეობრივ თვალსაზრისს“. ჩემი გარიდება საჯაროობისგან და ინტერვიუებისგან ალბათ თავდაცვის მექანიზმია.

კიდევ რა არის ის, რაც არ გსურთ? 

დაბერება და უსუსურობა. ბატონ ოტია პაჭკორიას აქვს ფრაზა: „საკუთარი სასრულობის შეგრძნება და მოლოდინი”. აი, ეს არ მინდა, ჯერ კიდევ ბევრი ჩანაფიქრი მაქვს...

კვლავ მაგთიკომის საიუბილეო თარიღზე რომ ვისაუბროთ, თქვენ როგორ ხედავთ კომპანიის წარსულს, აწმყოს და მომავალს?

 გრძელი გზა გამოვიარეთ. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი – ვერ, გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტია. მუდმივი ძიება, განვითარება, ცვლილებისკენ და უკეთესობისკენ სწრაფვა – ეს იყო ყოველთვის ჩვენი მამოძრავებელი ძალა. დრო, ჟამთა სვლა შეუქცევადია და მას ფეხი უნდა ავუწყოთ, უკეთეს შემთხვევაში გავუსწროთ კიდეც, რაც უკვე პროგრესს ნიშნავს.

ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ ადამიანურ ურთიერთობებზეა დამოკიდებული. როგორც აღვნიშნე, მაგთიკომის გუნდი შეკრულია მჭიდრო ერთობად, ცოცხალ ორგანიზმად. სხვაგვარად შეუძლებელია, რადგანაც დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე 24-საათიან სამუშაო რეჟიმში ვართ. მიხარია, რომ მანანას და ჩემი მეგობრული, თანამოაზრეთა ოჯახური ურთიერთობა ჩვენს ბიზნესზეც აისახა. მაგთიკომი იქნება ეს, მუზეუმი თუ ნეოსტუდია, ყველაფერი უდიდესი სიყვარულით კეთდებოდა და კეთდება. თითოეული მაგთიკომელის დამოკიდებულება კომპანიისადმი ისეთივეა, როგორიც საკუთარი ოჯახისადმი, მშობლიურად აღიქვამენ. ასეა მუზეუმშიც და ნეოსტუდიაშიც. მაგთიკომს და ნეოსტუდიას შორის არა მხოლოდ პარტნიორული, არამედ მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ეს ძალიან სასიამოვნო და მისასალმებელია. 
ჩვენი კომპანიის მიღწევებზე მეტი თუ გაინტერესებთ, ვიკიპედიის მაგთიკომის გვერდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ, სადაც, რა თქმა უნდა, მშრალი, მაგრამ უტყუარი ფაქტებია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კვლავაც ვეცდებით მუდმივად ვიყოთ ტექნოლოგიების ავანგარდში და საქართველოს ბაზარზე ლიდერობა შევინარჩუნოთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები