1 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბორბლებზე შემომდგარი ბიბილიოთეკის მოგზაურობა მაღალმთიან სოფლებში

წარმოიდგინეთ, ბიბლიოთეკა, რომელიც მოგზაურობს - სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში. დადის და დააქვს წიგნები, წიგნები ყველასთვის. სწორედ მოგზაური ბიბლიოთეკა მინდა გაგაცნოთ, მთელი ქვეყნის დალაშქვრას წიგნებით რომ გეგმავს.

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ გაზეთ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ საგანმანათლებლო პროექტია. ამ კონცეფციასა და იდეაზე რამდენიმე წელი ფიქრობდნენ და მუშაობდნენ. 

„ჩვენი ჟურნალისტები ხშირად აშუქებენ მაღალმთიანი სოფლების პრობლემებს, მათ გამოწვევებსა და მიღწევებს. წლების განმავლობაში, პრაქტიკამ და კვლევებმა გვაჩვენა, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობა კრიტიკულად უთანასწოროა.

მაღალმთიან სოფლებში წიგნებსა და საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა შეზღუდულია. აჭარაში მხოლოდ 18 სასოფლო ბიბლიოთეკაა, ისიც ღარიბი და მოძველებული წიგნების ფონდით. აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეაც, გვინდა ეს რეალობა შევცვალოთ - ამბობს ირმა დიმიტრაძე, „მოგზაური ბიბლიოთეკის მენეჯერი.“

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ერთ-ერთია  „ბუქმობილი“, მულტიფუნქციური ავტომანქანა, რომელიც მაღალმთიან სოფლებში მოგზაურობს და წიგნები დააქვს.

„მხარდამჭერების მეშვეობით, განვაახლეთ 65 სოფლის ბიბლიოთეკა (სასოფლო და სასკოლო). ამ ეტაპზე, 29 ბიბლიოთეკამ მიიღო ჩვენგან წიგნები. გარდა წიგნებისა, „ბუქმობილთან“ ერთად მოგზაურობენ სტუმრები - ჟურნალისტები, ბლოგერები, ავტორები, - ადამიანები, რომლებიც ადგილობრივ მკითხველს ეცნობიან, უცვლიან ამბებს, მათთან ერთად მსჯელობენ და ვინ იცის, იქნებ რაიმე ახალი ინიციატივებიც გაჩნდეს ამ დისკუსიაში. მოგზაურობა მომავალი წლიდან კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევა“, - ამბობს ირმა დიმიტრაძე.

პროექტზე მუშაობისას ორგანიზატორებს თანამოაზრეც მალევე გამოუჩნდათ. „მოგზაური ბიბლიოთეკის“ იდეა საინტერესო აღმოჩნდა თეგეტა ჰოლდინგისთვის. საერთო ძალისხმევით რომ უფრო მეტი ადამიანის დახმარებას შეძლებდნენ, ეს თანამშრომლობის დაწყებისთანავე აშკარა გახდა. საგანგებოდ მომზადებულმა, მოძრავმა ბიბლიოთეკამ სტარტი სწორედ თეგეტადან აიღო.

ახლა კი ზრუნვის პროცესში შეგიძლიათ თქვენც ჩაერთოთ. თეგეტა ჯგუფის მიერ შექმნილ პლატფორმაზე tegeta.care სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან ერთად, "მოგზაურ ბიბლიოთეკასაც“ იპოვით. შემდეგ ინსტრუქციის მიხედვით რამდენიმე ველს შეავსებთ და სასურველი თანხით მაღალმთიანი სკოლებისა და ადგილობრივი ბიბლიოთეკების შევსებას თავადაც შეძლებთ.

„განათლების ხელშეწყობა თეგეტას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, მოგზაური ბიბლიოთეკა კი ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი პროექტი. შეუძლებელია ეს ბორბლებზე შემდგარი ბიბლიოთეკა ნახო და მისი გულშემატკივარი არ გახდე. გვიხარია, რომ თეგეტა ჯგუფი პროექტთან სხვადასხვა აქტივობით თანამშრომლობს. უშუალოდ სატვირთო „თეგეტა თრაქ ენდ ბასისა“ და გერმანელი პარტნიორების თანამშრომლობით შეიქმნა. თეგეტას სახელით ასობით წიგნი გაიგზავნება მაღალმთიან სოფლებში.  პროექტის განმავლობაში, მომავალი წლისათვის მწერლებისა და ავტორების მონაწილეობით, შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზებასაც ვგეგმავთ“, -  ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ საზოგადოებრივი პროექტია, დონაციებისა და მხარდამჭერების მეშვეობით ფუნქციონირებს, შესაბამისად თითოეული ადამიანის და კომპანიების მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია.

თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია ბიბლიოთეკას შენი წიგნიც გაატანო და მაღალმთიანი სოფლების ბიბლიოთეკის თაროზე შენი წილი მზრუნველობაც შემოდო.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები