მსოფლიო
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი
2020-09-25 13:40:24
· შესავალი
· კონსტრუქციის ტიპი
· ინვერტორული და არაინვერტორული მოდელები
· სიმძლავრე
· ხმაურის დონე
· ფუნქციონალი
· მართვა
· ენერგოეფექტურობა
· შეჯამება
მომხმარებლები, რომლებიც სამომხმარებლო ტექნიკას არჩევენ, ხელმძღვანელობენ სხვადასხვა მოტივითა და მოთხოვნებით. მოცემულ სტატიაში განვიხილავთ კონდიციონერებს და გირჩევთ, რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ ოპტიმალური მოწყობილობის შერჩევისთვის.
რაზე გავამახვილოთ ყურადღება კონდიციონერის შერჩევისას?
ძირითადი დეტალები, რომლებზეც აქცენტი უნდა გაკეთდეს, გახლავთ შემდეგი:
პირველ რიგში გასათვალისწინებელია განსათავსებელი ფართის ტიპი და ზომა, რათა შევიძინოთ შესაბამისი მოდელი.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ფასი: შესაძლოა ხარისხიანი, თუმცა ნაკლებად ცნობილი ბრენდის მოწყობილობა არაფრით ჩამოუვარდებოდეს ძვირადღირებულ პოპულარულ ანალოგს.
აუცილებელია მოწყობილობის მართებულად დამონტაჟება, რომელიც პროფესიონალებს უნდა მიანდოთ. კონდიციონერის ეფექტური მუშაობა ხშირადაა დამოკიდებული ჩატარებული სამონტაჟო სამუშაოების ხარისხზე.
კონსტრუქციის ტიპები
კონსტრუქციის მიხედვით კონდიციონერები იყოფა ორ ტიპად, ესენია: მონობლოკი და სპლიტ-სისტემა.
მონობლოკი
ეს გახლავთ კონდიციონერი გარე ბლოკის გარეშე. კონსტრუქციის ამ ტიპში შედის ორი სახის მოწყობილობა: ფანჯრის კონდიციონერი და პორტატული აგრეგატები. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
ფანჯრის კონდიციონერები
კონდიციონერების მასობრივი გამოყენება ამგვარი გამაგრილებელი მოწყობილობებით დაიწყო. ხსენებული ტიპის კონდიციონერის განთავსება ხდება ფანჯრის ჭრილში. ბოლო პერიოდში ისინი ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, რადგანაც მათთვის დამახასიათებელია ხმაურის მაღალი დონე.
უპირატესობები:
· დამონტაჟების სიმარტივე;
· დაბალი ფასი.
მონობლოკის ტიპის კონდიციონერის კომპრესორი, ისევე როგორც სხვა მაკომპლექტებლები, ერთ კორპუსშია თავმოყრილი.
ნაკლოვანებები:
· ხმაურის მაღალი დონე, რაც განპირობებულია იმით, რომ კონდიციონერის ყველა დეტალი უშუალოდ შენობის შიგნითაა განთავსებული;
· მოქმედების შეზღუდული არეალი: ფანჯრის კონდიციონერები ვერ აგრილებენ დიდ სივრცეს, მათი ეფექტი იგრძნობა უშუალოდ ახლო კონტაქტისას.
პორტატული კონდიციონერები
ამგვარი აგრეგატები მიზანშეწონილია ისეთ სივრცეში გამოყენებისთვის, სადაც შეუძლებელია ან არ არის საჭირო დაყენდეს კონდიციონერი.
უპირატესობები:
· არ სჭირდება მონტაჟი, უბრალოდ შეაერთებთ როზეტში და მიიღებთ გრილ ჰაერს.
· მსგავსი აგრეგატების გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას. ისინი ხშირად გამოიყენება მუზეუმებში, ბიბლიოთეკებსა და მსგავს დაწესებულებებში.
ნაკლოვანებები:
· აქვთ მაღალი ხმა;
· პორტატულობის გამო სხვა ტიპის კონდიციონერებზე ძვირადღირებულია და ზოგჯერ სპლიტ-სისტემების ფასსაც კი აჭარბებს.
· საკმაოდ ძვირია სერვის-მომსახურება.
სპლიტ-სისტემა
სპლიტ-სისტემა, იგივე სტაციონარული კონდიციონერი, ყველაზე გავცელებული ტიპია. ამ მოდელების დასახელება მეტყველებს იმაზე, რომ მოწყობილობა შედგება ორი - გარე და შიდა ბლოკისგან. ამგვარი დაყოფა საშუალებას იძლევა შემცირდეს კონდიციონერის ხმაურის დონე: ხმაურიანი, გარე ბლოკი ექცევა კედლის გარეთ.
შიდა ბლოკები იყოფა შემდეგ ტიპებად:
· კედლის;
· კანალური;
· კასეტური.
საოჯახო მიზნებისთვის უმეტესად გამოიყენება კედლის სისტემები დამონტაჟების სიმარტივისა და მისაღები ფასის გამო. ამგვარი კონდიციონერი აუცილებლად უნდა დაამონტაჟოს სპეციალისტმა.
კანალური სისტემა - განკუთვნილია შეკიდულ ჭერზე განთავსებისთვის. მისი წყალობით ერთი შიდა ბლოკის განთავსება უზრუნველყოფს ტემპერატურის რეგულირებას ერთდროულად რამდენიმე ოთახში (თუმცა ყველგან იდენტური ტემპერატურა იქნება).
კასეტური კონდიციონერი - ამ სისტემისთვისაც საჭიროა შეკიდული ჭერის არსებობა, თუმცა კანალური სისტემისგან განსხვავებით კასეტური კონდიციონერი გაგრილებულ ჰაერს ანაწილებს ბლოკის ქვედა ნაწილიდან. გრილი ჰაერის მიწოდება შესაძლებელია ოთხი მიმართულებით, რის გამოც კონდიციონერი სწრაფად და თანაბარზომიერად აგრილებს (ან ათბობს) საკმაოდ დიდი ზომის შენობას (როგორც წესი, ამგვარი კონდიციონერები გამოიყენება 50 კვმ და მეტი ფართობის მქონე სივრცეში.
მუშაობის პრინციპისა და უმნიშვნელოვანესი ელემენტის - კომპრესორის მიხედვით ყველა სპლიტ-სისტემა იყოფა ინვერტორულ და არაინვერტორულ მოდელებად.
არაინვერტორული მოდელი
არაინვერტორული კონდიციონერი სტანდარტული კომპრესორით - ეს არის მოწყობილობა, რომელიც სტანდარტული პრინციპით მუშაობს: აღწევს საჭირო დონის ტემპერატურას და ითიშება, ტემპერატურის გარკვეული ცვლილების შემდეგ კი კვლავ ჩაირთვება. ამგვარი პრინციპი გახლავთ საკმაოდ ხარჯიანი ელექტროენერგიის მხრივ.
ინვერტორული მოდელი
ასეთი მოდელი გაცილებით რთულ კლიმატურ მოწყობილობას წარმოადგენს. ინვერტორი აამოქმედებს კომპრესორს თავდაპირველად მაქსიმალურ რეჟიმზე, სასურველი ტემპერატურის მიღწევისას ძრავი არ ითიშება, არამედ მუშაობს დაბალ სიჩქარეზე. მართვის ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას და კონდიციონერს ხდის უფრო ეფექტურს, რადგანაც არ ხდება ტემპერატურის მკვეთრი რყევები.
მომხმარებელს პირველ რიგში თვალში ხვდება ფასის სხვაობა არაინვერტორულ და ინვერტორულ მოდელებს შორის. თუმცა, გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:
ინვერტორული კონდიციონერის უპირატესობები:
· მნიშვნელოვნად დაზოგავთ ელექტროენერგიას;
· სწრაფად და ზუსტად დაარეგულირებთ ტემპერატურას შენობაში;
· ხელთ გაქვთ საიმედო პროდუქტი, რომელიც არაინვერტორულ მოდელებზე დიდხანს მოგემსახურებათ;
· ძრავის დაბალ სიმძლავრეზე მუშაობის წყალობით ინვერტორული კონდიციონერი ნაკლებად ხმაურიანია.
ხმაურის დონე
კონდიციონერის ხმაურის დონე საკმაოდ მნიშვნელოვანი პარამეტრია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მისი განთავსება საძინებელ ოთახში ხდება. როგორც უკვე ვიცით, ყველაზე უხმაურო ტიპია სპლიტ-სისტემა. ყველა კონდიციონერზე მითითებულია შესაბამისი ხმაურის დონე, ამასთან, გასათვალისწინებელია მოწყობილობის სწორი მონტაჟი, რათა ვიბრაციების გამო არ იქნას გამოწვეული დამატებითი ხმაური.
სიმძლავრე
ყველა კონდიციონერზე მითითებულია, თუ რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობზეა გათვლილი.
მწარმოებელი კომპანიები უმეტესად უშვებენ კონდიციონერებს შემდეგი სტანდარტიზებული სიმძლავრეებით: 2,0 კვტ, 2,6 კვტ, 3,5 კვტ, 5,3 კვტ და 7,0 კვტ.
ხშირად გაგრილების სიმძლავრე გამოისახება ერთეულში - BTU. 1000 BTU უდრის 293 ვატს.
ამრიგად, სტანდარტული სიმძლავრე გამოიყურება ასე:
· 7000 BTU = 2 კვტ
· 9000 BTU = 2,6 კვტ
· 12000 BTU = 3,5 კვტ
· 18000 BTU = 5,3 კვტ
· 24000 BTU = 7 კვტ.
ფუნქციონალი
დამატებითი ფუნქციების არსებობა მოწყობილობის ექსპლუატაციას უფრო სასიამოვნოს და კომფორტულს ხდის. ამგვარ ფუნქციებს მიეკუთვნება:
· გაგრილების მაღალი სისწრაფე;
· ანტიალერგიული ფილტრი;
· მტვერის საწინააღმდეგო ფილტრი;
· კომპრესორის სიმძლავრის რეგულირების შესაძლებლობა უფრო ჩუმი მუშაობისა და რესურსის დაზოგვის მიზნით;
· ვენტილაციის შესაძლებლობა.
· მოსახერხებელ ფუნქციებს მიეკუთვნება კონდიციონერის თვითდიაგნოსტირების რეჟიმი, რომლის მეშვეობით მოწყობილობა აანალიზებს და ეძებს გაუმართაობას და შეფერხების აღმოჩენის შემთხვევაში ეკრანზე გამოაქვს მთელი ინფორმაცია.
· კლიმატ-კონტროლი - აანალიზებს სენსორის მონაცემებს და კონდიციონერს „აიძულებს“ შენობაში შენარჩუნდეს ოპტიმალური ტემპერატურა ადამიანის ჩარევის გარეშე. იგი ძალიან მოსახერხებელი ფუნქციაა და ბევრი მომხმარებლის ყურადღებას იპყრობს.
· თვითწმენდის ფუნქცია - გამორთვისთანავე კონდიციონერი ფილტრებსა და შიდა კომპონენტებს აშრობს ანტისეპტიკის გამოყენებით, რაც გამორიცხავს ობისა და მავნე მიკროორგანიზმების გაჩენას. შედეგად, საფრთხე არ ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობას, თავად მოწყობილობა კი დიდხანს რჩება ფუნქციური.
· გათბობის ფუნქცია - მიუხედავად იმისა, რომ კონდიციონერის უმთავრესი მიზანი ჰაერის გაგრილებაა, ბევრ მოდელს გააჩნია გათბობის შესაძლებლობა. ეს ფუნქცია სასარგებლოა მაშინ, როდესაც შენობაში მთავარი ცენტრალური გათბობის ჩართვა ნაადრევია, ტემპერატურა კი - არც ისე კომფორტული.
· გამოშრობის ფუნქცია - იგი განკუთვნილია ნესტიანი შენობებისთვის. გამოშრობა ხდება გაგრილების რეჟიმში, თუმცა ნაკლებად ინტენსიურად.
· იონიზაციის ფუნქცია - ახდენს ჰაერის იონებით გაჯერებას, რაც დადებითად აისახება ზოგად შეგრძნებებზე, ქმედითუნარიანობაზე, ძილის ხარისხზე, აგრეთვე სასარგებლოა ალერგიის მქონე პირთათვის.
· ძილის რეჟიმი - ბევრი თანამედროვე კონდიციონერი აღჭურვილია კომფორტული ძილისთვის განკუთვნილი რეჟიმით - მისი აქტივაციისას ძრავი მუშაობს თითქმის უხმაუროდ, ტემპერატურა კი იცვლება ძალიან დინამიურად. რაღა თქმა უნდა, ხელმისაწვდომია ტაიმერები, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მართოს ტექნიკის ჩართვა-გამორთვა საჭირო დროს.
· საინტერესო ფუნქციაა მართვა ხმოვანი ბრძანებით. პრაქტიკულად ყველა კონდიციონერი წარმოდგენილია დისტანციური მართვის პულტით, თუმცა სმარტ-ტექნიკის მოყვარულებს შეუძლიათ აირჩიონ ხმით მართვადი მოდელი.
· ავტომატური გადატვირთვის ფუნქცია - იგი კონდიციონერს საშუალებას აძლევს ავტომატურად დაუბრუნდეს მუშაობის იმ რეჟიმს, რომელიც აქტიური იყო კვების გამორთვამდე ან მუშაობის ციკლის დასრულებისას.
· ჰაერის ნაკადის რეგულირება - ამ ფუნქციის მქონე მოდელებს შეუძლიათ ჰაერის ნაკადის მიმართვა სასურველი მიმართულებით - მარცხნივ/მარჯვნივ ან ზემოთ/ქვემოთ. როგორც ხვდებით, იგი საკმაოდ სასარგებლო მახასიათებელია - გამორიცხავს ადამიანის გაციებას, თუკი კონდიციონერი საწოლის ან სამუშაო ადგილის პირდაპირაა დამონტაჟებული.
· სუფთა ჰერის მიწოდება და დატენიანება - ამ ფუნქციონალის მქონე კონდიციონერის გარე ბლოკი გარედან აგროვებს ჰაერს, წმენდს და აჯერებს სინოტივით, შემდეგ კი აწვდის ოთახის სივრცეს.
· ტურბორეჟიმი - საშუალებას იძლევა მეტად სწრაფად იქნას მიღწეული მითითებული ტემპერატურა. ამისთვის კონდიციონერი მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით, თუმცა არაუმეტეს ნახევარი საათის განმავლობაში.
მართვა
მონობლოკებზე ტემპერატურის კონტროლისა და რეჟიმების მართვის პანელი კორპუსზეა მოცემული. პრაქტიკულად ყველა კონდიციონერი დაკომპლექტებულია დისტანციური მართვის პულტით, რადგანაც შიდა ბლოკი ისეთ ადგილას მონტაჟდება, სადაც ადამიანისთვის მიღწევა რთულია.
ბევრი თანამედროვე მოდელი აღჭურვილია Wi-Fi მოდულით, რაც შესაძლებელს ხდის კონდიციონერი იმართოს მობილური მოწყობილობის გამოყენებით.
საინტერესო ფუნქციაა მოძრაობის სენსორი, რომელიც რეაგირებს ოთახში არსებულ ადამიანებსა და მათ აქტივობებზე. თუკი ოთახში არავინ იმყოფება, ან მასში მყოფ ადამიანებს სძინავთ, მოწყობილობა გადადის ენერგიის დაზოგვის რეჟიმში. შედეგად მცირდება ელექტროენერგიის მოხმარება და თავიდან აირიდებთ შენობის ზედმეტად გადაციებას.
ენერგოეფექტურობა
კონდიციონერის თითოეული რეჟიმისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასი, რომელიც აღინიშნება A-დან (ყველაზე მეტად ენერგოეფექტური) – G-მდე (ყველაზე ნაკლებად ენერგოეფექტური) სიმბოლოებით. ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი - ეს გახლავთ გაგრილებული და მოხმარებული სიმძლავრის შეფარდება. თუმცა სიგრილის წარმოებაც და მოხმარებული სიმძლავრეც დამოკიდებულია კონდიციონერის ექსპლუატაციის პირობებზე გარემოს ტემპერატურასა და შენობაში არსებულ ტემპერატურაზე.
ენერგოეფეტურობის კლასი განისაზღვრება კოეფიციენტებისგან:
E.E.R. (Energy Efficiency Ratio) — ენერგეტიკული ეფექტურობის კოეფიციენტი, რომელიც მიიღება მოწყობილობის მუშაობისას გაგრილების რეჟიმში;
C.O.P. (Coefficient of Performance) — ენერგეტიკული ეფექტურობის კოეფიციენტი, რომელიც მიიღება მოწყობილობის მუშაობისას გათბობის რეჟიმში;
EER და COP კოეფიციენტების ნაცვლად ზოგ მოდელზე შესაძლოა ასახული იყოს ენერგოეფექტურობის სეზონური მაჩვენებლები: SEER და SCOP. ისინი უფრო ზუსტად ასახავენ კლიმატური ტექნიკის ექსპლუატაციას სეზონური დროის მიხედვით. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც უფრო მაღალია ენერგოეფექტურობის კლასი, მით ნაკლები ელექტროენერგია სჭირდება კონდიციონერს ამა თუ იმ ფუნქციის შესრულებისთვის.
ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი გათბობის რეჟიმში ყოველთვის აღემატება გაგრილების რეჟიმის მაჩვენებელს, რადგანაც კომპრესორი მუშოაბისას წარმოქმნის სითბოს, რომელიც ფრეონს მიეწოდება.
ბევრ კონდიციონერს გააჩნია ელექტროენერგიის დაზოგვის დამატებითი ფუნქციები. ფართოდ არის გავრცელებული ეკო-რეჟიმი, რომლის აქტივაციისას ხდება კომფორტული ტემპერატურიდან მცირე გადახრა. 1°C — 2°C-იანი გადახრა კომფორტზე ნაკლებად აისახება, ენერგიის მოხმარება კი მცირდება.
შეჯამება
ბიუჯეტის გათვლის შემდეგ პირველი, რაც უნდა განვსაზღვროთ - ეს არის კონდიციონერის ტიპი: იქნება ეს მონობლოკი, პორტატული კონდიციონერი თუ სპლიტ-სისტემა. სახლისთვის ოპტიმალურია კედლის სპლიტ-სისტემები. პორტატული კონდიციონერები გამოგადგებათ აგარაკებზე ან ისეთ შენობებში გამოსაყენებლად, სადაც შეუძლებელია გარე ბლოკის მქონე სპლიტ-სისტემის დამონტაჟება. კასეტური კონდიციონერი შესანიშნავია დიდი ზომის, მაღალი ჭერის მქონე შენონებში გამოყენებისთვის.
მეორე რიგში უნდა გადავამოწმოთ, ხელსაყრელია თუ არა არჩეული მოდელი ჩვენი კუთვნილი შენობისთვის: საკმარისი იქნება თუ არა კონდიციონერის სიმძლავრე სასურველი ტემპერატურის მისაღწევად.
მესამე - უნდა დავრწმუნდეთ, რომ სისტემა აკმაყოფილებს მოთხოვნებს და საჭირო რეჟიმების კონფიგურირების საშუალებას გვაძლევს.
შევამოწმოთ სასურველი ფუნქციების ნაკრების არსებობა და დავაზუსტოთ ფილტრების მუშაობის ხანგრძლივობა.
ყურადღება მივაქციოთ ენერგოეფექტურობას - B და მის ქვემოთ კლასის მქონე მოდელები მნიშვნელოვნად ხარჯიანია ელექტროენერგიის მოხამრების კუთხით.
კომენტარები