ბიზნესი
საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას მასპინძლობს, რომლის გენერალური მხარდამჭერი თიბისია
2020-09-17 14:55:07
საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს. მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიების გენერალური სპონსორია თიბისი, როგორც ლიდერი ბანკი ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსებისა და ზოგადად, სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.
აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას უზრუნველყოფს და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს.
ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მართვის კუთხით, საქართველოს გამოცდილება მსოფლიო მასშტაბით აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. ამ მხრივ, მაღალი რანგის შეხვედრის მასპინძლობა, კიდევ უფრო ამყარებს იმ ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებას, რომელსაც უსაფრთხოდ, ყველა სტანდარტის დაცვით შეუძლია საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების ჩატარება. ასევე, აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას და საზღვრების გახსნისა და პანდემიის დასრულების შემდეგ, ქვეყნის უსაფრთხო დანიშნულების ადგილის იმიჯის განმტკიცებას.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ფარგლებში, ტურიზმის მიმართულებით საინვესტიციო პანელიც გაიმართა, რომელში მონაწილეობითაც საქართველომ საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიას - საკუთარი ბიზნეს-ხედვები, პოტენციურ პარტნიორებს კი, მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო.
საინვესტიციო პანელის ფარგლებში, საქართველოში პოსტ-კოვიდური პერიოდის ტენდენციებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, სხვა გამომსვლელებთან ერთად, თიბისის გენერალურმა დირექტორმა - ვახტანგ ბუცხრიკიძემაც ისაუბრა.
თიბისის მიმდინარე პორტფელი აღნიშნულ სექტორში 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს, რომელიც ჯამში 1405 სასტუმროს (13 000 ოთახი) აერთიანებს. აქედან 214 სტარტაპ სასტუმროა. თიბისის დაფინანსებული პორტფელის 81% რეგიონებზე მოდის.
„ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია, სწორედ ამიტომ, ის თიბისისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. თიბისი საიმედო პარტნიორია აღნიშნული მიმართულების როგორც მცირე და საშუალო ზომის, ასევე მსხვილი წარმომადგენლების, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. არსებულ რთულ პერიოდში, თიბისი პარტნიორებს ტურიზმის სფეროდან მათ საჭიროებებზე მორგებული და მოქნილი პირობებით ეთანამშრომლება იმისთვის, რომ სექტორის ამოქმედებას მოთამაშეები მომზადებულები შეხვდნენ და შეუფერხებლად შეძლონ ფუნქციონირება. ტურიზმის სექტორს არაერთი ინციატივით ვუჭერთ მხარს, მათ შორის პროფესიული განვითარების მიმართულებითაც. თიბისისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა და ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჩართულობა, რომლის მასპინძლობაც კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობაა ტურისტული მიმართულებით ინვესტორების მოსაზიდად და რომელიც ხაზს უსვამს, რომ საქართველო, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში, საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მომავალი ორიენტირები სწორედ საქართველოში ირკვევა“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას აქტიურად აშუქებენ ისეთი საერთაშორისო მედიასაშუალებები, როგორებიცაა: „ნიუ იორკ თაიმსი“, „ბიბისი თრეველი“, „ევრონიუსი“, ესპანური „ფორბსი“, „EFE News“, „დიპლომატი“, „ელ ესპანიოლი“ და სხვა.
საქართველოს UNWTO-სთან ურთიერთობის წარმატებული ისტორია აქვს. ორგანიზაციამ, საქართველოს აქტიური ჩართულობით, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც პანდემიის პირობებში ტურისტულად აქტიურები არიან, გზამკვლევი შეიმუშავა.
UNWTO აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს ესპანეთის ქალაქ მადრიდში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს, სადაც ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ 2020 წელს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილად მადრიდის ნაცვლად, თბილისი შეარჩია, რითიც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე, საბჭო ამ ტიპის სხდომებს მხოლოდ მადრიდში ატარებდა.
კომენტარები