ბიზნესი
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესის შეფასება/ანგარიში გამოაქვეყნა
2020-08-13 12:22:59
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და საარჩევნო დღისთვის ცესკომ უნდა შექმნას ყველა მექანიზმი, რათა ეპიდემიის გავრცელების საფრთხის პირობებში, დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ არჩევნებს და ასევე დაცული იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, - აღნიშნულია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მიერ მომზადებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესის შეფასება/ანგარიშში.
როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს და პარტიის ერთმანეთისგან გამიჯვნა და მკვეთრი განცალკევების უზრუნველყოფა. სასურველია, ისეთი ეფექტური და დროული მექანიზმების ჩამოყალიბება, რომლითაც ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა მოხდება მიუკერძოებელი და კომპეტენტური ორგანოს მიერ.
„აგრეთვე, მნიშვნელოვანია, საარჩევნო კომისიები და სასამართლოები კანონის მოთხოვნებს ზედმეტად ფორმალურად არ მიუდგნენ და ყველა საჩივრის განხილვისას იხელმძღვანელონ საჩივრის არსიდან და საჩივარში მითითებული შესაძლო დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე. რაც, თავის მხრივ, შესაძლოა პრევენცია გახდეს, შედეგების მანიპულაციის თავიდან ასაცილებლად,“- განაცხადა თევზაძემ.
პლატფორმის პროგრამების დირექტორის ლაშა ფარულავას შეფასებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა შექმნას ეფექტური მექანიზმი საარჩევნო კამპანიის პროცესში ინციდენტებზე რეაგირებისთვის.
„გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს შემოწირულობების გამჭვირვალობას. ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია, შეიქმნას ისეთი მექანიზმები, რომელიც საჯაროს გახდის, როგორც იურიდიული პირების, ასევე ფიზიკური პირების მხრიდან შემოწირულობებს. აღნიშნული მექანიზმის შემოღება ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას,“ - აღნიშნა ფარულავამ.
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ექსპერტის ალიკა კუპრავას აზრით, სასურველია, ხელისუფლებამ ეფექტური ზომები მიიღოს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მოწვევასთან დაკავშირებით და შეუქმნას მათ ყველა ის პირობა, რაც სადამკვირვებლო მისიის თანამედროვე სტანდარტით არის გათვალისწინებული, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობას.
„ამასთან, პანდემია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, არჩევნებში მონაწილეობის დამაბრკოლებელი გარემოება არ უნდა აღმოჩნდეს. აუცილებელია, მათ შეუფერხებლად გამოხატონ თავისუფალი ნება და არჩევნების ჩატარებამდე, არაუგვიანეს 30 დღისა, ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა მიეცეთ. საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს გამჭირვალე პროცესი საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას. მოხდეს კანდიდატებთან გასაუბრება და მათი შეფასების კრიტერიუმი იყოს ობიექტური,“- განაცხადა კუპრავამ.
სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კონსტიტუციაში განხორციელებულმა ცვლილებებმა უზრუნვლეყო პოლიტიკური პლურალიზმის შესაძლებლობა და შექმნა საპარლამენტო მანდატების პროპორციულად განაწილების გარანტია.
„სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს არჩევნების ჩატარება უსაფრთხო ეპიდემიოლოგიურ გარემოში და არსებული გამოწვევა არ უნდა გახდეს საარჩევნო პროცესზე მანიპულირების ინსტრუმენტი. საარჩევნო რეფორმის ჰარმონიზაციის ფარგლებში არ მოხდა ეუთო/ODHIR-ის პრიორიტეტული რეკომენდაციების ძირითადი ნაწილის გაზიარება, თუმცა, განხორციელებული ცვლილებები არის წინ გადადგმული ნაბიჯი. სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნა. არჩევნების საყოველთაო, თავისუფალ, გამჭირვალე და კონკურენტულ საარჩევნო პირობებში ჩატარებაზე პასუხისმგებელი არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია. მნიშვნელოვანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზების ინტენსიური ჩართულობა,“- აღნიშნულია სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის ანგარიშის დასკვნაში.
“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.
კომენტარები