ბიზნესი
ლიბერთი ბანკის განცხადება ოზურგეთის ფილიალში მიმდინარე გამოძიების შესახებ
2020-06-22 17:43:32
რამდენიმე კვირის წინ, ოზურგეთის ლიბერთი ბანკის ფილიალში ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება, რის შესახებაც მყისიერად ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და დაიწყო გამოძიების პროცესი.
დანაშაულის გამოვლენის მომენტიდან გამოძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ კერძო ლომბარდის ხელმძღვანელი დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ლიბერთი ბანკის რეგიონალური ფილიალის ექსპერტ-შემფასებელთან, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ბანკის სერვის ცენტრში, სხვადასხვა ფიზიკური პირის სახელით, შედგებოდა სალომბარდე სესხის ყალბი ხელშეკრულებები, რომლის უზრუნველსაყოფად, ნაცვლად გირაოში ჩასადები ძვირფასეულობისა, დაგირავდებოდა არაძვირფასი ლითონის ნაკეთობანი (ე.წ. ბიჟუტერია). ბრალდებულები მოტყუებით დაუფლნენ ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, რითაც ბანკს მიაყენეს 3 476 788 ლარის მატერიალური ზიანი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საეჭვო გარიგების ინციდენტი აღმოჩენილ იქნა ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის და რაც მთავარია, ამ დანაშაულებრივი ქმედებით არ დაზარალებულა ლიბერთი ბანკის არცერთი მომხმარებელი. აქვე ავღნიშნავთ, რომ ლიბერთი ბანკს გააჩნია შესაბამისი დაცვის სისტემები, რომლებმაც უზრუნველყო აღნიშნული ფაქტის მყისიერად დაფიქსირება და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც თუნდაც მცირედი გადაცდომით ზიანს მიაყენებს ჩვენს მომხმარებელს. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს პროკურატურას მყისიერი და ოპერატიული დახმარებისთვის.
R
კომენტარები