ბიზნესი
„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელს შეღავათიან ფასად 200,000-ზე მეტ ფერმერს გადასცემს
2020-05-20 19:36:43
კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მემორანდუმი 15 მაისს გააფორმა
კომპანიამ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, კომპანია ფერმერებს საწვავს შეღავათიანი პირობებით მიაწვდის. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს შეუძლიათ, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო მაღალი ხარისხის დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეისყიდონ.
მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად ფერმერები „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ავტოგასამართი სადგურებიდან დიზელს კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 16 თეთრით იაფად ჩაასხამენ, ხოლო საბითუმო ბაზებიდან - 20 თეთრით იაფად.
საწვავის ბარათები სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ხოლო აჭარის რეგიონში, არსებულ მუნიციპალურ ცენტრებში გაიცემა.
საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა ეტაპოვრივად 20 მაისიდან დაიწყება, იურიდიული პირები და ის ფიზიკური პირები რომელთაც, თანასაკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთები, საწვავის ფასდაკლების ბარათების მიღებას 1 ივნისიდან შეძლებენ. ეტაპობრივად მოხდება საწვავის ფასდაკლების ბარათების გამოყენება, ნებისმიერი ფერმერი, 1 ივლისამდე შეძლებს მხოლოდ 50 ლიტრი საწვავის ფასდაკლების ბარათის გამოყენებას, 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე 300 ლიტრის, ხოლო შემდგომ კი ნებისმიერი რაოდენობით.
დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას 200,000-ზე მეტი ფერმერი შეძლებს.
კონსოლიდირებული ტენდერის ფასის ნახვა შესაძლებელია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ვებ-გვერდზე: https://www.sgp.ge/ge/Government_Tenders/
კომენტარები