1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლიტფესტ გუდაური 2019 - გუდაური წიგნის ფესტივალს მეოთხედ უმასპინძლებს

7 სექტემბერს გუდაური მეოთხედ უმასპინძლებს წიგნის ფესტივალს „ლიტფესტ გუდაური 2019“. ღონისძიება სასტუმრო „მარკო პოლო გუდაურის“  ორგანიზებითა და „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მხარდაჭერით ტარდება.

სასტუმრო „მარკო პოლო გუდაურის“ ტერიტორიაზე დილის 11 საათიდან გამოფენილი იქნება 15 გამომცემლობის წიგნები და პოსტერები. ადგილზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ საბავშვო, მხატვრული, სასკოლო და სხვა ლიტერატურა დაათვალიერონ და შეღავათიან ფასში შეიძინონ. ამასთან, გაიმართება ვიქტორინაც და გამარჯვებულს გამომცემლების მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცემათ. ვიქტორინას ღონისძიების წამყვანი და მასპინძელი, მწერალი დათო გორგილაძე გაუძღვება.

წლევანდელი ღონისძიება განსხვავებული და აქტივობებით დატვირთული იქნება. ორგანიზატორები სტუმრებს სასიამოვნო გარემოს, დასვენებას, გართობას და კარგ მუსიკასაც სთავაზობენ. ნებისმიერ მსურველს შეეძლება საინტერესო სპიკერების ლექციებზე დასწრება. ლევან ბერძენიშვილი ლიტერატურის მოყვარულებს თანამედროვე ლიტერატურის ტენდენციებზე ესაუბრება. მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი მსმენელებს ჯგუფ 47-სა და ინგებორგ ბახმანზე მოუყვება. ბიზნეს ლიტერატურის მოყვარულთათვის კი მასტერკლასს სოსო გალუმაშვილი ჩაატარებს.

კიდევ ერთი სიახლე, „ლიტფესტ გუდაური 2019“-ში გადაცემა „წიგნების თაროს“ მონაწილეობაა. გადაცემის გუნდი ფესტივალზე მოსულ სტუმრებს საკუთარი ცოდნის წარმოჩენის საშუალებას მისცემს. ყველას შეეძლება, ჩაერთოს „წიგნების თაროს“ თამაშში და საინტერესო პრიზებიც მოიგოს.

სუფთა ჰაერზე განტვირთვისა და დასვენების პარალელურად, ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს დღის ბოლოს კარგ მუსიკასაც სთავაზობენ, „ლიტფესტ გუდაურზე“ DJ Hatsvali დაუკრავს.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია. ფესტივალის ორგანიზატორები, სურვილის შემთხვევაში, სტუმრების ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფენ.

08:00 საათზე, კოსტავას 70 ნომერში, სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტი მონაწილეებისა და სტუმრების გუდაურამდე გადაადგილებას, ხოლო 19:00 საათზე თბილისში დაბრუნებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები