1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი არტ გალერეში მულტიმედია ხელოვნების პროექტის - „GAMMA“ პრეზენტაცია შედგა

თიბისი არტ გალერეაში, თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ავტორობით, მულტიმედია ხელოვნების პროექტის -„GAMMA“ პრეზენტაცია შედგა. გამოფენა ქართველი მხატვრის, მეცნიერის, გამომგონებლისა და ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის - დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი რამდენიმე ეტაპიანი, მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი ნაწილია.

„GAMMA“ მულტიმედია ჯგუფის - „Skylab“ სივრცით-სპეციფიური აუდივიოზუალური ინსტალაციაა, რომელიც ციფრულ მედიაში ადამიანის და სინათლის ინტერაქციას იკვლევს. ჯგუფში ახალგაზრდა ხელოვანები ნიკოლოზ კაპანაძე, მარიამ საშა და დიმიტრი შუბითიძე ერთიანდებიან.

ინსტალაცია ხელოვნების ნიმუშში სივრცის აღქმასა და სინათლის ასახვაზე დავით კაკაბაძის თეორიებს ავითარებს. კაკაბაძის მემკვიდრეობის კვლევითა და მისი კოდირებით მიღებული რეზულტატი, ახალ და უნიკალურ შედეგებს იძლევა. „GAMMA“-ს ციფრული არქიტექტურა სიბნელისა და სინათლის დაკავშირებით იგება, რომელშიც ზღვარი ტექნიკურად წარმოებულ სინათლესა და მომხმარებელს შორის ქრება. ამ გზით დამკვირვებლები, პროგრამა და ვიზუალური გამოცდილება ერთი საერთო სივრცის ნაწილები ხდებიან.

ინტერაქციის დრამატურგია კვანტური მექანიკის იდეებს ეფუძნება - დაკვირვება ცვლის ექსპერიმენტის შედეგს. რაც უფრო უახლოვდებიან დამთვალიერებლები ინსტალაციის უბნებს, მით უფრო მეტ გავლენას ახდენენ ხმაზე და პროექციებზე, რომლებიც მათ სტრუქტურებზეა დანათებული.

კამერები დამთვალიერებლების გარშემო სივრცეს აკვირდებიან და დამკვირვებლების გადანაწილებას უკეთებენ ანალიზს -რაც უფრო უახლოვდებიან ადამიანები უბნებს, ან რაც უფრო მეტი ადამიანი იყრის თავს მათ გარშემო, მით უფრო მკვეთრიხდება მათზე გაშუქებული პროექციები და შესაბამისად, იზრდება დინამიკაც.

ინტერაქციული რეჟიმის გარდა, ინსტალაციას თვითმართვადი მდგომარეობაც გააჩნია. როდესაც დარბაზში არავინ იმყოფება ის „სიზმრის მდგომარეობაში“ (sleep mode) გადადის და საკუთარ უბნებთან ურთიერთობს.

თიბისი არტ გალერეაში დავით კაკაბაძის საიუბლეო პროექტის ფარგლებში გამოცემული კატალოგის პრეზენტაციაც შედგა, რომელიც სამეცნიერო ჯგუფის კვლევებსა და ახალ ხედვებს გააერთიანებს. არატრადიციული კატალოგის მიზანია დავით კაკაბაძის, როგორც მკვლევარისა და მეცნიერის წარმოჩენა და საზოგადოებისათვის მისი შემოქმედების დღესდღეობით ნაკლებად ცნობილი მიმართულებების გაცნობა.

დავით კაკაბაძე საქართველოში და საფრანგეთში არაერთი სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტის ინიციატორი იყო. მუშაობდა ელექტროტექნიკურ ექსპერიმენტებზე, სტერეოკინო-აპარატის შექმნასა და კინოს გამომსახველობითი საშუალებების დახვეწაზე. ელექტრონულ ნათებასა და სინათლის სხივს კი ამ ექსპერიმენტებში წამყვანი ადგილი ეკავა. მან საქართველოში პირველმა დაიწყო ხელოვნების ნიმუშის წარმოებაზე საუბარი და ამ კონტექსტში აბსტრაქტული ტილოები, კოლაჟები და სტალინის სამგანზომილებიანი (3D) ლაითარტი შექმნა.

დავით კაკაბაძე ქართველ მოდერნისტ მხატვრებში პირველი შეეცადა აეხსნა კულტურული მემკვიდრეობის ცალკეული ნიმუშები და მათგან ახალი შემოქმედებითი პატერნები ეწარმოებინა. ის დაინტერესებული იყო შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებით, ეთნოგრაფიით, რენესანსით, ჩინური და იაპონური ხელოვნებით, კუბიზმით, ფუტურიზმითა და სხვა მიმდინარეობებით. მისი მსოფლმხედველობა ტრადიციასა და ახალ ინფორმაციას ერთ კონტექსტში უყრიდა თავს. აღმოსავლური და დასავლური ღირებულებების გაერთიანებით, მან უნიკალური ქართული ნიმუშები შექმნა. სწორედ ამიტომ, კაკაბაძის მემკვიდრეობა დღესაც, გლობალურ კულტურაში, თანამედროვე ადამიანის ორიენტირს წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები