2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

400 წლის შემდეგ პირველი რთველი აღდგენილ მესხურ ტერასებზე

კომპანია „ვარძიის ტერასებმა“ ვაზის აღდგენილი უიშვიათესი ისტორიული ჯიშების პირველი მოსავალი აიღო. რთველში მონაწილეობა მიიღეს კლასიკური ავტომობილების რალის - „Peaks of Caucasus”-ის პილოტებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და ჟურნალისტებმა.

მესხეთი საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად ქართული მეღვინეობის ერთ-ერთ აკვნად მიიჩნევა. აქ საუკუნეების წინ მევენახეობა მაღალ დონეზე იყო განვითარებული, რასაც ნასახლარებთან შემორჩენილი საუკუნოვანი ვაზის ჯიშები და ქვაში გამოკვეთილი უნიკალური  საწნახელებიც მოწმობს. მე-16 საუკუნის ბოლოს მესხურ ტერასებზე უკანასკნელი რთველი შედგა, რის შემდგომაც ისტორიულად ცნობილი სირთულეების გამო მესხური ვაზის უძველესი ჯიშები თითქმის მთლიანად განადგურდა.

2015 წელს, ბიზნესმენების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და მესხური ვაზის ჯიშების კოლექციონერისგიორგი ნათენაძის ერთობლივი ძალისხმევით  სოფელ ხიზაბავრაში აღდგა მე-12 საუკუნის თამარ მეფის დროინდელი ტერასები.

დიდი ძალისხმევის შედეგად, ამჟამად, აღდგენილია ისტორიული  ტერასების  12 ჰექტარი, სადაც გაშენდა მესხური ვაზის 24  უიშვიათესი ჯიში. დაგეგმილია კიდევ 11 ჰექტარის გაშენება, სადაც სხვა აღდგენილი ჯიშებიც დაირგვება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია გიორგი მშვიდობაძე.

პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით ლევან უჯმაჯურიძეს და გიორგი ნათენაძეს, რომლებმაც  საგურამოს სამეცნიერო კვლევით ცენტრში 20-ზე მეტი მესხური ჯიშის იდენტიფიცირება მოახდინეს. „ვარძიის ტერასებზე“ ახალი სიცოცხლე დაიწყეს ისეთმა უნიკალურმა ჯიშებმა, როგორიცაა: „თამარის ვაზი“, „ჯვარი“, „მესხური მწვანე“, „მესხური ხარისთვალა თეთრი“, „შავი ხარისთვალა“,  „მესხური ცხენის ძუძუ თეთრი“, “დანახარული“, „მესხური ჩიტისთვალა თეთრი“, „მესხური ჩიტისკვერცხა“, „ცხენის ძუა შავი“, „კლარჯული“, „ახალციხური თეთრი“, „შავი ასპინძურა კაპნის“  და ა.შ. 

მომავალ წელს, კომპანია გეგმავს აღადგინოს მესხური ტრადიციული არქიტექტურის ოდა და  ქართული მეღვინეობის განუყოფელი ნაწილი - საქვევრე მეურნეობა. აქ მოსულ სტუმრებს გაუმასპინძლდებიან უნიკალური მესხური ღვინოებით და კერძებით. აღნიშნული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ღვინის და კულტურული ტურიზმის განვითარებას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები