2 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მტვერი და ბუნებრივი ვენტილაციის არარსებობა თბილისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხს აუარესებს

ჰაერის დაბინძურებაში მნიშვნელოვან როლს ავტოტრანსპორტის გარდა სხვა ფაქტორებიც თამაშობს - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ წარმომადგენლები აცხადებენ. „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგებიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიეწოდა. კვლევის მიხედვით, გარდა იმისა, რომ ატმოსფერულ ჰაერს გაუმართავი ავტოტრანსპორტი აბინძურებს, მნიშვნელოვანი ფაქტორია მტვერი და ბუნებრივი ვენტილაცია.

ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ყველა სამშენებლო ობიექტზე, რომელიც „ეკოხედვის“ კვლევის ფარგლებში შემოწმდა, მტვრის რაოდენობა ზღვრულად დასაშვებ ნორმას რამდენჯერმე აჭარბებს. მისივე თქმით, მშენებლობების დიდი ნაწილი რეგულაციების გარეშე მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს მტვრის მთელს ქალაქში გაფრქვევას.

გარდა ამისა, ნუგზარ ბუაჩიძე განმარტავს, რომ მშენებლობა ქალაქს არა მხოლოდ მტვრით აბინძურებს, არამედ ხელს უშლის ქალაქში ატმოსფერული ჰაერის განიავებას.

„ქალაქ თბილისში ძალიან ბევრი მოუპირკეთებელი ზედაპირი შეინიშნება. იგულისხმება ღია გრუნტი, ქვიშა და ა.შ. როგორც კი ქარი ამოვარდება, ეს მტვერი ჰაერს ერევა და ესეც არის მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი,“ - აცხადებს ნუგზარ ბუაჩიძე.

ჰაერში მტვრის გაფრქვევის პრევენციასა და ბუნებრივი ვენტილაციის აუცილებლობაზე საუბრობს „ეკოხედვის“ დამფუძნებელი ნინო სულხანიშვილიც.

„ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის გამწვანება არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისთვი ლანდშაფტური ფუნქციის მინიჭება-განსაზღვრა. სწორედ ეს ტერიტორიაა ივნის ზეგნიდან მონაბერი მტვრიანი ქარების პრევენცია. ასეთი ბუნებრივი ვენტილაციის ხელშეწყობა აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს ქალაქში,“ - აცხადებს ნინო სულხანიშვილი.

„ეკოხედვის“ კვლევის ფარგლებში ქალაქ თბილისში რამდენიმე ქუჩა, უბანი და ობიექტი შემოწმდა. შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების წამყვანი და მთავარი კომპონენტი სწორედ მტვერია. კვლევის ფარგლებში შემოწმდა რეკრეაციული ტერიტორიებიც და გაირკვა, რომ რამდენიმე რეკრეაციული ტერიტორიებიდან ყველაზე სუფთა ლისის ტბაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები