2 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო რესურსი, რომელიც ჩინეთის განვითარების ბანკმა ქართულ კომპანიას გამოუყო. აღნიშნული თანხა ზოგად კორპორაციულ მიზნებს მოხმარდება და თიბისი ბანკს საქართველოს ბაზარზე ფინანსური ოპერაციების გაფართოებაში შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით მცირე, საშუალო და მიკრო სეგმენტში და ჩინეთთან  სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულ მომხმარებლებს.

ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2017 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგად, ქართული პროდუქცია თავისუფლად არის წარმოდგენილი ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 2 ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა - 2017 წლის მონაცემებით, ექსპორტის, უცხოური ინვესტიციების, ფულადი გადარიცხვებისა და ჩინეთიდან ტურისტული ვიზიტების წილმა მთლიანი შიდა პროდუქტის 1.8% შეადგინა (იგივე მაჩვენებელი 2012 წელს 0.7% იყო).

„ვამაყობთ, რომ ჩინეთის განვითარების ბანკთან პირველი ტრანზაქცია განვახორციელეთ. ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ბოლოდროინდელი პოზიტიური ეკონომიკური მოვლენების ლოგიკური გაგრძელებაა. ეს პირველი ტრანზაქცია  წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისია. შესაბამისად, მომავალში ნაყოფიერი პარტნიორობის არაერთ წელიწადს ველით“, - განაცხადა თიბისი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ.

ჩინეთის განვითარების ბანკის შესახებ:

ჩინეთის განვითარების ბანკი 1994 წელს მთავრობის დაფინანსებით დაარსდა და ოპერირებს როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი სახელმწიფო საბჭოს უშუალო ზედამხედველობით. ის წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ფინანსური განვითარების ინსტიტუტსა და ჩინეთის უმსხვილეს ბანკს უცხოური ინვესტიციებისა და ფინანსური თანამშრომლობის სფეროში. ჩინეთის განვითარების ბანკი ემსახურება „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივას. ბანკი ხელს უწყობს უცხოეთის მთავრობებთან, საწარმოებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას ინფრასტრუქტურის, მანქანა-დანადგარების წარმოების, ფინანსურ, სოფლის მეურნეობისა და სხვა წამყვან სფეროებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები