0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკმა აზერბაიჯანულ ბანკთან „ნიკოილი“ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

თიბისი ბანკსა და აზერბაიჯანულ ბანკს - „ნიკოილს“ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ბანკებს შორის პარტნიორობა შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს:

· აზერბაიჯანის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების თანხმობის შედეგად, თიბისი კრედიტისა და „ნიკოილის“ გაერთიანების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თიბისი ბანკი იქნება „ნიკოილ ბანკის“ დაახლოებით 10% წილის მფლობელი; 

· თიბისი ბანკი წარმოდგენილი იქნება “ნიკოილ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოში და „ნიკოილ ბანკის“ მენეჯმენტთან ერთად გადამწყვეტ როლს ითამაშებს კომპანიის სამომავლო განვითარებაში. თიბისი ბანკი გეგმავს საქართველოს საბანკო სექტორში ოპერირებისას დაგროვილი ცოდნის „ნიკოილისთვის“ გაზიარებას, მათ შორის სრულად ციფრული ბანკის - სფეისის მიმართულებით. ეს ხელს შეუწყობს საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტებზე ორიენტირებული აზერბაიჯანული ბანკის განვითარებას. 

· გაერთიანების შედეგად, სამი წლის განმავლობაში, თიბისი ბანკს „ნიკოილ ბანკში“ დამატებითი წილის (50% +1 ოდენობამდე) შეძენის უფლება ეძლევა.
ტრანზაქცია სავარაუდოდ 2-3 თვეში, აზერბაიჯანის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების მიერ აღნიშნული ტრანზაქციის დამტკიცების შემდეგ დაიხურება.


„ჩვენთვის საამაყოა „ნიკოილ ბანკთან“ პარტნიორობა. ეს მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა თიბისი ბანკისთვის, რომელიც წარმატებით ოპერირებს კონკურენტულ ქართულ ბაზარზე და შეუძლია თავისი გამოცდილების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა. მინდა, ხაზი გავუსვა სრულად ციფრული ბანკის სფეისის მნიშვნელობასაც, რომელიც ძალიან მოკლე ვადებში სულ უფრო პოპულარული ხდება და რომლითაც უკვე 120 000-მდე მომხმარებელი სარგებლობს. გაერთიანების წარმატებით დასრულების შემდეგ, სფეისს აზერბაიჯანელ მომხმარებელსაც შევთავაზებთ“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

“მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ თიბისი ბანკთან. ჩვენ ერთობლივად შევძლებთ თანამედროვე სერვისებისა და პროდუქტების აზერბაიჯანელი მომხმარებლისთვის შეთავაზებასა და მზარდ ბაზარზე წარმატების მიღწევას“, -აღნიშნა ნიკოლოზ შურღაიამ, „ნიკოილ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

„ნიკოილი“ აზერბაიჯანული კომერციული ბანკია, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ყველა სახის საბანკო მომსახურებას სთავაზობს. ბანკის ფართომასშტაბიანი გაყიდვების ქსელი ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში ოპერირებს. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ნიკოილის“ მთლიანი აქტივები 591 მილიონი ლარის ეკვივალენტს შეადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები