ბიზნესი
თიბისი სტატუსის მხარდაჭერით Tbilisi Art Fair ჩატარდება
2018-04-25 16:07:15
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა (TAF) თბილისში პირველად, 17-20 მაისს „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებითა და თიბისი სტატუსისა და „Check in Georgia”-ს მხარდაჭერით ჩატარდება. ოთხ დღიანი გამოფენა-გაყიდვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდახუთზე მეტ გალერეასა და ოცდათხუთმეტამდე დამოუკიდებელ ხელოვანს გააერთიანებს.
პროექტთან დაკავშირებით საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიების შესახებ ბაზრობის სამხატვრო ხელმძღვანელმა - ერიკ შლოსერმა, თიბისის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა - თამუნა კირვალიძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - გიორგი ჩოგოვაძემ და „ექსპო ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა - თინა ლაღიძემ და ნინო გამრეკელმა ისაუბრეს.
ბაზრობის მონაწილეები სპეციალურად მოწვეული ექსპერტების ჯგუფმა შეარჩია. TAF-ის საბჭო ისეთი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, როგორებიც არიან: რიტა იანსენი - ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (Bozar) მრჩეველი ახლო აღმოსავლეთში კულტურის საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში და ნიკოლას ბ. ილინი - გუგენჰაიმის სამუზეუმო პროექტების შემქმნელი ბერლინში, ბილბაოსა და ლას ვეგასში.
ბაზრობის ფარგლებში ჩატარდება ლექციები, მასტერკლასები, ღია ფორუმები, ასევე, პარალელური ღონისძიებები:
თბილისის ფოტო ფესტივალი - ქართული ფოტოგრაფიის პირველი მასშტაბური რეტროსპექტივა, რომელიც ფოტოგრაფიის განვითარების სამ საუკუნეს მოიცავს.
დაიკარგა თორმეტი ქალი - აბრეშუმის მუზეუმში უცხოეთში მოღვაწე ქართველი ქალი მხატვრების ემიგრაციის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
ომი დროებით შეჩერებულია (War on Hold) - გამოფენა, რომელიც 20-ამდე ახალგაზრდა ხელოვანის ვიდეოს, ფოტოს, ინსტალაციას, პერფორმანსს, ქანდაკებასა და ფერწერულ ნამუშევრებს აერთიანებს და რომლის თემაა - დროებითი მშვიდობა, როგორც შემოქმედებითი მედიტაცია.
საერთაშორისო კულტურული ფორუმი - ფორუმზე “შემოქმედებით საქართველოსთან“ ერთად თანამედროვე ხელოვნების ბაზრის გამოწვევები იქნება განხილული.
Tbilisi Art Fair-ის სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა კულტურული და გასტრონომიული ღონისძიება დაიგეგმა.
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპის და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების გალერეებსა და სახელოვნებო ინსტიტუტებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარმოდგენილან.
TAF-ის მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებას და გააძლიეროს პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო დაწესებულებებს შორის.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს - www.tbilisiartfair.art
კომენტარები