0 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თედექს თბილის“-ის (TEDxTbilisi) მეხუთე, საიუბილეო ღონისძიება თბილისში 2017 წლის 15 ოქტომბერს გაიმართება

თბილისი, 19 სექტემბერი, 2017 - დღეს საქართველოს ბანკის სათავო ოფისში #TEDxTbilisi 2017-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს ბანკი უკვე მეხუთე წელია ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია. მეხუთე ყოველწლიური ღონისძიება  2017 წლის 15 ოქტომბრეს ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. ერთდღიანი კონფერენცია „თედექს-თბილისი“, არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ინტელექტუალური პლატფორმის, „თედის“ (TED) ნებართვითა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ადგილობრივად ორგანიზებული კონფერენცია.   

წლევანდელი, საიუბილეო კონფერენციის თემაა „ახალი ეტაპი“ (New Beginnings). მოწვეული სპიკერები საკუთარი პროფესიული თუ პირადი გამოცდილების ჭრილში მოგვითხრობენ ახალი ეტაპის წამოწყების ისტორიებს, გამოწვევებსა და მიღებულ გაკვეთილებზე. „ახალი ეტაპის“ თემა აქტუალურია უშუალოდ თედექს თბილისისთვისაც (TEDxTbilisi). დაარსებიდან ხუთი წლის თავზე ჩვენ აქტიურად ვეძებთ საქმიანობის განვითარების გზებს და ვფიქრობთ იმ სიახლეებზე,  რომლებსაც შეეძლებათ კიდევ უფრო ძლიერი ბიძგი მისცეს ინოვაციას, ქართულ საზოგადოებაში. განვითარების ახალ ეტაპზე ჩვენ სრულად გავაქართულეთ თედის ფორმატი, რათა ინგლისური ენის არცოდნა არ გამხდარიყო ბარიერი საინტერესო იდეების გავრცელებისათვის. აგრეთვე, ვემზადებით დამატებითი, უფრო მცირე მასშტაბის ღონისძიებებისათვის, რათა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ფორმატი.  

„თედის“ ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, 15 ოქტომბრის ღონისძიების თითოეული მომხსენებელის წინაშე იდგება საპასუხისმგებლო ამოცანა, აუდიტორიას წარუდგინონ მათი პროფესიული კარიერის საუკეთესო პრეზენტაცია.  სპიკერების ვინაობა და მათი საუბრის თემები გასაჯაროვდება ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე. 

„2017 წლის ღონისძიებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყება 19 სექტემბრიდან ელექტრონულ პორტალზე www.tkt.ge. ბილეთის ფასი იქნება 35 ლარი. თედექს თბილისი (TEDxTbilisi) არის არაკომერციული, მოხალისეობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის არსებობა შესაძლებელი გახდა სპონსორების და პარტნიორების მხარდაჭერის გამო. მათ შორის განსაკუთრებით გვსურს გამოვყოთ საქართველოს ბანკი, რომელიც ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე გვიდგას გვერდზე და ჩვენთან ერთად შეაქვს წვლილი საზოგადოების განვითარებაში ინოვაციური იდეების პოპულარიზაციის გზით. სპონსორების მიერ გაღებული რესურსები და  ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად ხმარდება ღონისძიების საორგანიზაციო ასპექტებს და გვეხმარება სპიკერებსა და სტუმრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნაში“ განცხადა „თედექს-თბილისის“ წარმომადგენელმა მერი გაბაშვილმა. 

„თედექსის“ (TEDx) ფორმატის შესახებ:

“თედექს-თბილისი” არის “თედექსის” გლობალური კონფერენციებისა და ღონისძიებების ქსელის წევრი,  რომლის ზოგადი მიზანი არაორდინარული, საინტერესო, შთამაგონებელი იდეების გავრცელებაა. ”თედექსი” არის ”თედის” საერთაშორისოდ სახელგანთქმული კონფერენციის ნებართვით,  ადგილობრივ დონეზე და ადგილობრივი ძალებით ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც ”თედის”  ცნობილი კონფერენციების მოყვარულ ადამიანებს აერთიანებს. ”თედექსის” (TEDx) საერთო ნიშანში მითითებული „x“ სწორედ ამგვარად, დამოუკიდებლად ორგანიზებულ ”თედის” ღონისძიებაზე მიუთითებს. „თედის” ცნობილი ორგანიზაცია ზოგად ხელმძღვანელობასა და მონიტორინგს უწევს მთელს მსოფლიოში ლოკალურად ორგანიზებულ „თედექსის“ კონფერენციებს, თუმცა  ცალკეული „თედექს“ ღონისძიებები, ამავდროულად, არსებითად დამოუკიდებელად  დაგეგმილ ინიციატივას წარმოადგენენ. 

„თედის“ (TED) შესახებ:

„თედი“ არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მისია სხვადასხვა სფეროში აღმოცენებული განსაკუთრებული და შთამაგონებელი იდეების გავრცელებაა. თედის პირველი, 4 დღიანი კონფერენცია 26 წლის წინ, კალიფორნიაში შედგა. დროთა განმავლობაში „თედი“ მთელს მსოფლიოში პოპულარულ და ცნობად ფორუმად იქცა, რომელიც  კრეატიული ინიციატივების, მნიშვნელოვანი მიღწევებისა და არაორდინარული იდეების გავრცელებას უწყობს ხელს. ამ მიზნისთვის, „თედი“ მსოფლიოს მოწინავე მოაზროვნეებსა და საზოგადო მოღვაწეებს იწვევს და აკისრებს მათ, 18 წუთიანი პრეზენტაციის ფორმატში, თავიანთი ცხოვრების საუკეთესო სიტყვით გამოსვლის საპასუხისმგებლო ამოცანას. ”თედის” ეგიდით გაკეთებული მოხსენები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის ორგანიზაციის ვებგვერდზე:  www.ted.com.  „თედის“ კონფერენციების  მონაწილეთა შორის არიან ისეთი ცნობილი და დამსახურებული მომხსენებლები, როგორებიცაა ბილ გეითსი, ჯეინ გუდალი, ელიზაბეთ გილბერტი, სერ რიჩარდ ბრენსონი, ბენუა მანდელბროთი, ფილიპ სტარკი, ნგოზი ოკონიო-იუეალა, ისაბელ ალენდე და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გორდონ ბრაუნი. ყოველწლიურად ”თედის” ორი ძირითადი ღონისძიება ეწყობა - საგაზაფხულო ”თედ” კონფერენცია კალიფორნიაში, ლონგ-ბიჩში, ხოლო საზაფხულო ”თედ-გლობალ” კონფერენცია – შოტლანდიაში, ედინბურგში. 

„თედის“ მედია არხები მოიცავს ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდს www.ted.com-ს, რომელზეც ყოველდღიურად ახალი მოხსენებები თავსდება. აგრეთვე ”თედ საუბრებს” (TED Conversations), რომლებიც ერთგვარ სადისკუსიო სივრცეს ქმნიან ”თედის” გულშემტკივრებისათვის და „ღია თარგმანის პროექტს“ (Open Translation Project), რომლის ფარგლებშიც მოხალისეებს ეძლევათ შესაძლებლობა ”თედ” მოხსენებები სხვადასხვა ენაზე თარგმნონ (იქმნება სუბტიტრები და ინტერაქტიული ტრანსკირფციები). 

„თედს“ აგრეთვე დაწესებული აქვს ყოველწლიური პრიზი, რომლითაც გამორჩეულ პიროვნებებს, საინტერესო იდეების ავტორებს ეძლევათ ამ იდეების ხორცშესხმის და ამ გზით მსოფლიოს შეცვლის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ”თედის” გულშემატკივრებს - ცალკეულ პიროვნებებს თუ საინიციატივო ჯგუფებს -  „თედექსის“ საშუალებით  შეუძლიათ ადგილობრივ, ლოკალურ ”თედ” ღონისძიებებს უმანსპინძლონ, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ”თედის” ფორმატში ასევე არსებობს სპეციალური ”თედ პროგრამა” (TED Fellows program), რომელიც ეხმარება ინოვატორებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, გადხნენ „თედის“ საზოგადოების წევრები და ამ გზით გაზარდონ/გააძლიერონ მათი  იდეებისა და პროექტის პოზიტიური გავლენა და ეფექტი.  

მომავალი „თედ-კონფერენციების“ შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ted.com/registration;

დამატებითი ცნობების მიღება აგრეთვე შესაძლებელია  „თედის“ანგარიშებზე Twitter-სა და facebook–ზე: http://twitter.com/TEDTalks და http://www.facebook.com/TED

კომენტარები

მსგავსი სიახლეები