0 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სეოკ-ს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი საზოგადოებას მოუწოდებს შეცდომაში არ შევიდეს

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი კომიტეტის სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ირაკლი მეძმარიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება არ ეხება მის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც ოლიმპიურ კომიტეტში არსებულ დარღვევებს ეხება.

"მინდა საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში და ვინმეს არ ეგონოს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რამენაირად ეხება იმ სარჩელს, რომელიც ჩვენ შევიტანეთ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის უკანასკნელ არჩევნებში არსებული დარღვევების თაობაზე. აქ უბრალოდ არ დაკმაყოფილდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაგრამ, რაც მთავარია სასამართლო პროცესი გრძელდება, ჩვენს მიერ მოგროვებული მტკიცებულებები, მათ შორის საჯარო რეესტრიდან მოძიებული ინფორმაცია სასამართლოშია და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სასამართლო გააუქმებს სეოკ-ის პრეზიდენტის დეკემბრის არჩევნების შედეგებს და დაინიშნება ხელახალი არჩევნები",- აცხადებს ირაკლი მეძმარიაშვილი.

საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 14 თებერვალს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სარჩელი დააკმაყოფილა და გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება.

მოსამართლის განჩინებაში წერია, რომ გაუქმდეს სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება, რომლის მიხედვითაც აეკრძალა სეოკ-ს 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული საანგარიშო-საარჩევნო სესიის მიერ არჩეული პირების ამავე სესიის ოქმით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება და მოქმედების შესრულება, შეჩერდა ოლიმპიური კომიტეტის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმით განსაზღვრულ წესდებაში (სარეგისტრაციო მონაცემებში) რაიმე სახის ცვლილებების შეტანა და ამავე ოქმის მოქმედება სადაო საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში შესვლამდე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს, რადგან მისი თქმით, ყრილობა დარღვევებით ჩატარდა. ირაკლი მეძმარიაშვილმა სასამართლოს სარჩელში საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ის დოკუმენტაცია წარუდგინა, რომელიც მისივე თქმით დარღვევების ასრებობას ადასტურებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები