მსოფლიო
საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი 110 წლისაა.
2015-10-05 19:49:58
4 ოქტომბერს იუბილე პროფკავშირმა სტუმრებთან და რკინიგზელებთან ერთად საზეიმოდ აღნიშნა. ღონისძიება „არტ-ჰოლში" გაიმართა, სადაც პროფესიული კავშირის წევრები დაჯილდოვდნენ.
4 ნომინანტს - ალბერტ იაგანაშვილს, გურამ ჯვარშეიშვილს, ნუკრი ხაბეიშვილსა და რობერტ გელაშვილს კავშირის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა და ფულადი პრემია 500 ლარი გადაეცა.
პროფესიული კავშირისგან 24-მა თანამშრომელმა კავშირის სახელობის საპატიო სიგელი მიიღო.
„საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის თქმით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია განათლება და „საქართველოს რკინიგზა" თანამშრომელთა შვილებისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო მიმართულებებს აფინანსებს, მომავალში კი იგეგმება ამ პროგრამის კიდევ უფრო გაფართოება.
საიუბილეო ღონისძიებაში, კავშირის მოწვევით, სხვა ქვეყნების რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის თურქეთის ტრანსპორტის პროფესიული კავშირის გაერთიანების მმართველი რიზა ალილერი; გენერალური მდივანი - იშაკ კოსაბიკი;
საიუბილეო ღონისძიებაში, რომელიც გრანდიოზულად ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების რკინიგზელთა პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა. გამომსვლელებმა საკუთარ ქვეყანაში არსებული პრობლემების, პროგრესის, სოციალური დაცვის პროგრამებისა და პირობების შესახებ ისაუბრეს.
გამომსვლელთა თქმით, მთელი რიგი გამოწვევების წინაშეა განვითარებული ქვეყნებიც, მათ შორის ფინეთიც, რომლის წარმომადგენელმა ვრცელი მოხსენება გააკეთა და განაცხადა, რომ ძველი ინფრასტრუქტურის განახლება უფრო ხარჯიანია, ვიდრე მათი ახლით ჩანაცვლება. მან ქართველ კოლეგებს რეკომენდაციები შესთავაზა.
2000 წლიდან საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი „ევროპისა და მსოფლიოს ტრანსპორტელთა პროფკავშირების (ბრიუსელი, ლონდონი) საერთაშორისო ფედერაციების" (ITF, ET) წევრი ორგანიზაციაა. ამიტომ, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ეწვივნენ მსოფლიოს ტრანსპორტის პროფესიული კავშირის საერთაშორისო ფედერაციის მიწისზედა ტრანსპორტის სექციის მდივანი ოსტენ ასლაკსენი; სექციის მდივნის მოადგილე ჯანინა მალინოვსკა; რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირის საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი გენადი კოსოლაპოვი.
როგორც პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ნასარაიამ კავშირის 110 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა, საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი რკინიგზელთა სოციალური დაცვის დამატებით გარანტიებზე, მათი უსაფრთხოებისთვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე და სამოტივაციო პრემიალური სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე მუდმივად მუშაობს.
მან, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, სს „რკინიგზასთან" წარმატებული შეთახმების შედეგად ამოქმედებულ რამდენიმე პუნქტზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რკინიგზელები იღებენ პრემიებს და თუკი მანამდე პრემია წელიწადში ერთხელ გაიცემოდა, ახლა უკვე ისინი პრემიას ყოველკვარტალურად ხელფასის 20%-ის ოდენობით იღებენ.
მისივე თქმით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ყველა შრომით დავაშია ჩართული, მშრომელის ინტერესების დასაცავად. კომისია თითოეულ საქმეს სწავლობს, მათ შორის რკინიგზელის თანამდებობიდან გათავისუფლების ან სამსახურებრივი გადაცდომისას სანქცირების გადაწყვეტილებებს, რამდენად ობიექტურია.
ნასარაიას ინფორმაციით, პროფკავშირი სოციალური დაცვის კიდე ერთ დამატებით მექანიზმზე მუშაობს - სადაზღვევო პაკეტს მიღმა საჭირო დაფინანსებით უზრუნველყოფისთვის, საზღვარგარეთ მკურნალობის და სხვა საჭიროებებისთვის.
პროფესიულ კავშირში 8 000 რკინიგზელია გაერთიანებული.
კომენტარები