ბიზნესი
კონკურსი „მიკრომეწამე 2015“ გრძელდება
2015-09-28 22:40:05
საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია და MFC (მიკროსაფინანსო ცენტრი, პოლონეთი) პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად ატარებს კონკურსს „მიკრომეწარმე 2015“.
ინოვაციური პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მეწარმეობის განვითარებას და გამოავლინოს საუკეთესო მიკრომეწარმეები, რომლებიც წარმატებით უძღვებიან და ანვითარებენ საკუთარ ბიზნესს.
კონკურსზე განაცხადების მიღება ივლისის თვეში დაიწყო და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ კომპეტენტური ჟიური გამოავლენს ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ მიკრომეწარმეს: წლის საუკეთესო მიკრომეწარმე, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მიკრომეწარმე; წლის საუკეთესო ქალი მიკრომეწარმე; წლის ყველაზე ინოვაციური მიკრომეწარმე და წლის სოციალურად ორიენტირებული მიკრომეწარმე. ამა წლის 30 ნოემბერს ჩატარდება საზეიმო გალა დაჯილდოვება. კონკურსის საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენს, და იგი ხუთ გამარჯვებულს შორის გადანაწილდება. წლის საუკეთესო მიკრომეწარმე 5 000 ლარით იქნება დაჯილდოვებული.
„მიკრომეწარმე 2015“-ში მონაწილეობის მიღება შეუძლია ინდივიდუალურ მეწარმეს, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს მის მიერ ორგანიზებული საქმე (ბიზნესი) ან კომპანიის მფლობელი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 10-მდე ადამიანი. პროექტის პირობების მიხედვით კონკურსანტი უნდა იყოს მიკრომეწარმე, რომელიც არის, ან წარსულში გახლდათ საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის (microfinance.ge) წევრი ფინანსური ორგანიზაციების მსესხებელი და აღებული სესხი ეფექტურად მოახმარა ბიზნესის განვითარებას.
###
ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე: award.microfinance.ge.
პროექტი ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
კომენტარები