0 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 95 წელი შესრულდა

  დღეს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 95 წელი შესრულდა 

   25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღეს, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა, დაშვებულია სახელმწიფო დროშები და ცხადდება წუთიერი დუმილი, საზეიმო ღონისძიებები შეზღუდულია, მართლმადიდებლურ ტაძრებში კი საქართველოს გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები სრულდება.

  საბჭოური რუსეთის წითელი არმია საქართველოში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მტრის მოგერიების შემდეგ, წითელი არმიის განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. 23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შევიდა.

   ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალი და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.

  2010 წელს, საქართველოს პარლამენტის მიღებული დადგენილებით საბჭოთა ოკუპაციის დღე 25 თებერვალს აღინიშნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები