საზოგადოება
საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ნადეჟდა რაზნაროვიჩის დასახმარებლად.
2015-10-28 13:40:11
ნახევრად დანგრეული სახლი იტალიურ ეზოში, ფანჯრები შუშის გარეშე, ჩამონგრეული ჭერი, ანტისანიტარია. ორი საწოლი, ძველი ავეჯი და ახალგაზრდა გოგონას ფოტო სერვანტზე. ეს გოგონა - ნადეჟდა რაზნაროვიჩია.
დაიბადა უკრაინაში, ბავშვობიდან მძიმე ცხოვრება ჰქონდა. მშობლები ხშირად ავადმყოფობდნენ , ვერ აქცევდნენ სათანადო ყურადღებას, ამიტომ ყველაფერი თავად ისწავლა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, კოლმეურნეობაში რომ დაიწყო მუშაობა, ოჯახსაც ინახავდა და მშობლებზეც ზრუნავდა. ცხოვრებამ ასწავლა, ძლიერი ყოფილიყო და და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონოდა. სრულფასოვანი ოჯახი არასოდეს ჰქონია, მაგრამ ყოველთვის ოცნებობდა, თავად ასეთი შეექმნა.
სიყვარულის გამო საქართველოში ჩამოვიდა, მაგრამ დიდი ოჯახის შექმნის ოცნებას ასრულება არ ეწერა. ნადეჟდას ბავშვები არ გაუჩნდა. როდესაც მეუღლე გარდაეცვალა, იგი დარჩა მარტო, უცხო ქალაქში, ნათესავების და ახლობლების გარეშე.
გადატანილი ინსულტის შემდეგ, ქალბატონი ნადეჟდა საწოლსაა მიჯაჭვული. ოთახში სადაც ის წევს ნესტია, კედლები დაობდა, ხოლო იატაკიდან ოთახში შედიან ვირთხები.
ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც მარტოობაში არ დატოვა ქალბატონი ნადეჟდა, საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობაა“. ფონდის მაღალკვალიფიციური ექთნები და ასისტენტები ყოველდღიურად უტარებენ მას ყველა საჭირო პროცედურას, რომელსაც საჭიროებს მწოლიარე ავადმყოფი: უმუშავებენ ნაწოლებს, ასუფთავებენ, ბანენ, უცვლიან თეთრეულს და წესრიგში მოჰყავთ ოთახი, ეხმარებიან ჭამაში და წამლების მიღებაში. „სოციალური პარტნიორობა“ 500 მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული პაციენტისთვის, რეალურ სამყაროსთან ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდია.
სიცივეების მოახლოებასთან ერთად ქალბატონი ნადეჟდას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა: ჩამტვრეული შუშებიდან უბერავს ქარი, ჭერიდან ჩამოდის წვიმის წყალი, შესასვლელი კარი კარგად არ იკეტება. ოთახში გაუსაძლისად ცივა. გამათბობლის ჩართვა შეუძლებელია, რადგან მცირე პენსია საჭმლისთვის ძლივს ჰყოფნის. თუ ზამთრის დადგომამდე არ მოხერხდება ფანჯრებში შუშების ჩასმა და ჭერის შეკეთება, ქალბატონი ნადეჟდა შეიძლება გაიყინოს.
საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას თანხის შესაგროვებლად კედლების და ჩამონგრეული ჭერის ამოსაშენებლად, ფანჯარაში შუშის ჩასაცმელად და შესასვლელი კარის შესაკეთებლად.
თუ გსურთ ქალბატონ ნადეჟდას ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: ნადეჟდა რაზნაროვიჩი)
ან ფონდის საიტის მეშვეობით: http://fsp.ge/ge/donate/
ერთად დავეხმაროთ ქალბატონ ნადეჟდას, რომ თბილად შეხვდეს ზამთრის სიცივეებს!
კომენტარები