0 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

112 გხედავთ -SMS და ვიდეო ზარის სერვისი სმენადაქვეითებული პირებისთვის

ჩამოტვირთვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის SMS და ვიდეო ზარი 27 მარტიდან ხელმისაწვდომია მთელს საქართველოში, 24 საათის განმავლობაში. სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის.

„ახალი სერვისი მნიშვნელოვნად შეცვლის ყრუ და სმენადაქვეითებულ პირთა ცხოვრებას, ხელს შეუწყობს მათ დამოუკიდებლობას და ინტეგრაციას საზოგადოებაში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომპლექსური მომსახურება - SMS და ვიდეო ზარი, მხოლოდ სამ ევროპულ ქვეყანაშია დანერგილი: ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთსა და მალტაში“, - განაცხადა 112-ის ხელმძღვანელმა, გიორგი ბიჭაშვილმა, ახალი სერვისის პრეზენტაციაზე.

ღონისძიებას 100-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ახალი სერვისის უშუალო ბენეფიციარები.

„112-ის ახალი მომსახურება, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის, შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და პირდაპირ პასუხობს, როგორც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს“, - აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.

დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო დეტალური ინფორმაცია 112-ის ახალი სერვისის შესახებ, მათ შორის, ვიდეო რგოლები და საინფორმაციო მასალები, რომლებიც მარტსა და აპრილში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელდება. პრეზენტაციის დროს სერვისის მომხმარებელ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დარეგისტრირებულიყვნენ 112-ის მონაცემთა ბაზაში და თავად შეემოწმებინათ ახალი მომსახურების გამართულობა.

„გაერო სიამაყით გააგრძელებს საქმიანობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის და მათთან ერთად. ვფიქრობ, ეს ჩვენი საუკეთესო საქმეა, რადგან სწორედ ასე შევძლებთ ავაშენოთ საზოგადოება, სადაც ყველას უფლება დაცულია, სადაც ადამიანები პატივისცემით ეკიდებიან ერთმანეთს“, - განაცხადა გაეროს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა.

112-ის ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. სერვისის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ყრუთა კავშირი. ხოლო გაეროსა და შვედეთის ელჩებმა მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო კამპანიაში, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია ახალი სერვისის შესახებ ვრცელდება სატელევიზიო ეთერსა და სოციალურ მედიაში.

„იმედი მაქვს, რომ მსგავსს ინიციატივებს სხვა უწყებებიც განახორციელებენ და საქართველოს საჯარო სივრცე მალე თანაბრად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის“, - განაცხადა შვედეთის ელჩმა საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქუიქმა საინფორმაციო რგოლის გადაღებისას.

„112“-ის უფასო SMS და ვიდეო ზარის სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 112-ის ვებ-გვერდზე www.112.ge. ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში აქვთ შესაძლებლობა მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ 112-ს. გადაუდებელი დახმარების შესახებ შემოსული შეტყობინება სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს გადაეცემა. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები