0 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სიმპოზიუმი გახსნა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ტელეკომუნიკაციების ინდიკატორების საერთაშორისო სიმპოზიუმი გახსნა.
მთავრობის მეთაურმა საინფორმაციო კომუნიკაციების სექტორის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული სექტორის განვითარება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. 
პრემიერმა მთავრობის სახელით მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ინვესტორებს, საქართველოს მოსახლეობის სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესში.
მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში 2015 წლის 17 ივნისამდე ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლა განხორციელდება. 
სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა იმ პროგრესზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საქართველომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარების კუთხით მიაღწია. პრემიერმა დაასახელა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული საინფორმაციო ტექნოლოგიების გლობალური ანგარიში, რომლის ქსელური მზადყოფნის ინდექსში საქართველოს რეიტინგი 28 საფეხურით გაუმჯობესდა. 
„მართვის ელექტრონული სისტემების სხვადასხვა მრავალრიცხოვანი სერვისის დანერგვითა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენებით ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დღეს საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის, პერსონალური დოკუმენტების გაცემის პროცედურებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივ მომსახურებას სულ რაღაც 15-20 წუთი სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და მსოფლიო ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
სიმპოზიუმის გახსნამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანს, ჰუალინ ჯაოს და კავშირის განვითარების ბიუროს დირექტორს ბრაჰიმა სანოუს შეხვდა. 
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჰუალინ ჯაოს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის გენერალურ მდივნად, ხოლო ბრაჰიმა სანოუს კავშირის განვითარების ბიუროს დირექტორად მეორე ვადით არჩევა მიულოცა და მათ წარმატებული საქმიანობა უსურვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები