1 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჰუმანურობის სახელით ჩადენილი მკვლელობა თუ სიკვდილის ვალდებულება?!

ჩამოტვირთვა

მედიცინა დღითიდღე ვითარდება და განვითარების სხვადასხვა მაღალ საფეხურს აღწევს. ეს ალბათ კაცობრიობის საუკეთესო მონაპოვარია, ვინაიდან მხოლოდ მას შეუძლია ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნოს ან ჯანმრთელობა გაუუმჯობესოს. თუმცა მაინც ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ტკივილებისგან იტანჯებიან, მედიცინა კი უძლურია.აღარც მას შეუძლია პაციენტის გადარჩენა და დროებით თუ უყუჩებენ ტკივილებს. ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად ექიმები და ავადმყოფის ნათესავები ევთანაზიას მიმართავენ.ევთანაზია, ეს არის ადამიანის მოკვდინება, მაშინ როცა ის ტკივილებისგან იტანჯება და სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ითვლის. ევთანაზიის დროს ექიმები პაციენტს ან აპარატიდან თიშავენ ან კიდევ მომაკვდინებელ ნემსს უკეთებენ. ხშირად ისმის კითხვა: გამართლებულია თუ არა ევთანაზია? აქვს კი ვინმეს უფლება, ღმერთის გარდა, სიცოცხლე მოუსწრაფოს ადამიანს, თუნდაც ასეთ შემთხვევაში? სისხლის სამართლის თეორეტიკოსები მკვლელობას განმარტავენ, როგორც მეორე ადამიანისათვის მართლსაწინააღმდეგოდ სიცოცხლის მოსპობას. ხშირად სახეზე გვაქვს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, მაგრამ ეს ქმედება დანაშაულად რომ ჩაითვალოს, იგი მართლსაწინააღმდეგო უნდა იყოს, ანუ აკრძალული მოცემული ქვეყნის კანონმდებლობით. სწორედ აქ წარმოიშობა სიძნელე. ევთანაზიას თითქმის ყველა ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაულად აღიარებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლი დანაშაულად აღიარებს მკვლელობას მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილს მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით. განსხვავებულია ასევე იურისტების, მედიკოსების, ეკლესიისა და უბრალო მოქალაქეების შეხედულებები მისი ლეგალიზაციის შესახებ. როგორი დამოკიდებულება აქვთ ევთანაზიის მიმართ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს. ევთანაზიას საფუძველი პირველად დიდ ბრიტანეთში, 1935 წელს ჩაეყარა, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1938 წელს. კანადაში კი, სადაც მას ძალზე მრავალრიცხოვანი მომხრე ჰყავს, მხოლოდ 1990 წელს. თანდათანობით მათ მომხრეები გაუჩნდათ და ევთანაზიის საკანონმდებლო წესით რეგულირების საკითხიც დღის წესრიგში დადგა. გამოკითხვები მედიკოსთა შორისაც წარმოებს, რითაც ჩანს, რომ აშშ-ში ექიმთა 15%-ზე მეტი ევთანაზიას უკვე იყენებს. 1995 წლის ივლისში ,,The Lancet”, - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალი მსოფლიოში, მიემხრო ევთანაზიის ლეგალიზაციას. რაც შეეხება ექიმების აზრს კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, იგი ევთანაზიის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად გაიყო. 1996 წლის მონაცემებით: 46% ექიმებისა მხარს უჭერდა კანონში ცვლილებების შეტანას და ევთანაზიის ლეგალიზაციას. 44% წინააღმდეგი იყო ევთანაზიისა და მხარს არსებულ კანონს უჭერდა. 37%-მა განაცხადა, რომ ისინი დაეხმარებოდნენ მძიმედ ავადმყოფ პაციენტებს სიკვდილში, კანონს რომ ამისი ნება მიეცა. 22 ექიმმა აღიარა, რომ უკვე დაარღვია კანონი და ვიღაცას სიკვდილში დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვები ევთანაზიის ლეგალიზაციის მომხრეთა აშკარა უმრავლესობას ადასტურებენ, სახელმწიფოები (საბედნიეროდ) მაინც ძალზე ფრთხილობენ მის დაკანონებას. მსოფლიოში იგი მხოლოდ 2 ქვეყანაში არის დაკანონებული. ამერიკის შტატ ორიგონში (1994 წლის ნოემბერში) და 1995 წლის მარტში ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიის შტატების საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომელიც ნებას რთავს უკიდურესად ავადმყოფ ადამიანებს მოითხოვონ სიკვდილი სამედიცინო დახმარებით ინექციის გზით, ან აბის თავადვე მიღებით. თუმცა, ეს კანონი მალევე გააუქმეს. 2003 წელს კოლუმბიაში ევთანაზია ლეგალურად აღიარეს, თუმცა, გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით. ყველაზე გახმაურებული საქმე ევთანაზიასთან დაკავშირებით ჯეკ კევორკიანის საქმე იყო. ,,სიკვდილის ექიმი”- ასე უწოდებენ ჯეკ კევორკიანს, რომელიც მიჩიგანის შტატში გაასამართლეს. მას 130-მდე ადამიანის სიკვდილში თანამონაწილეობას სდებენ ბრალს. მან თავისი ,,პრაქტიკა” 1990 წლიდან დაიწყო და ძირითადად მიჩიგანისა და კალიფორნიის შტატებში მოღვაწეობდა. სამართლებრივად სიკვდილში თანამონაწილეობა იქ ჯერ კიდევ მკვლელობად ითვლება, ამიტომ კევორკიანმა ნაფიცი მსაჯულები ვერ დაარწმუნა თავისი საქციელის ,,ჰუმანურობაში.” როგორც კოლორადოს შტატის გუბერნატორმა, რიჩარდ ლამმა განაცხადა, ,,შეიძლება ითქვას, რომ მძიმე ავადმყოფებს აკისრიათ სიკვდილის მოვალეობა, რათა სხვებს ,,დაუთმონ გზა.”(!!!) გამოდის, რომ ,,სიკვდილის უფლება” ,,სიკვდილის მოვალეობად” იქცევა! არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლე შეფასდეს იმით, თუ რამდენი აპარატია მასზე მიერთებული. ეკონომიკა არ არის ყველაფერი, რისთვისაც ჩვენ ვცოცხლობთ. ეკონომიკის მიზანი უნდა იყოსადამიანის სიცოცხლის ხელშეწყობა და არა ადამიანის სიცოცხლის მიზანი ეკონომიკის ხელშეწყობა. დღესდღეობით მედიცინის, ტექნიკის განვითარება იძლევა იმის საშუალებას, რომ დღეს შეუძლებელი ხვალ შესაძლებელი გახდეს. თუკი ყველა მძიმე ავადმყოფს თავიდან მოვიშორებთ იმ მოტივით, რომ იგი განუკურნებელია, ამით, ფაქტიურად, ხელს შევუშლით მედიცინის დაინტერესებას, დაძლეული იქნას ესა თუ ის ავადმყოფობა, რაც უარყოფითად იმოქმედებს მის სამომავლო განვითარებაზე. და ბოლოს, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი, ამიტომ, ყოველი სამართლებრივი აქტი, რომელიც ევთანაზიას გაამართლებს, არაკონსტიტუციური იქნება!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები