საზოგადოება
შსს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან მიახლების მსურველთათვის განცხადებას ავრცელებს
2014-02-28 12:31:41
შინაგან საქმეთა სამინისტრო მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან მიახლების მსურველთა დიდი ნაკადის უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მომლოცველების გადაადგილების წესს განსაზღვრავს. ამის შესახებ შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან მიახლების მსურველთა დიდი ნაკადის უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:
ქვეითად მოსიარულე მოქალაქეებმა ტაძრის დასავლეთ კარიბჭემდე მისასვლელად სამრეკლოს ქუჩით უნდა ისარგებლონ, საიდანაც სამების ცენტრალური შესასვლელიდან რკინის ჯებირებით მოწყობილი უსაფრთხოების დერეფნის გავლით შეძლებენ ტაძართან მისვლას.
ტაძრიდან გამოსვლისას, მოქალაქეებმა სამხრეთის კარიბჭის მიმართულებით უნდა იმოძრაონ და სამების ეზო ერისთავის ქუჩის მხრიდან დატოვონ.
ტაძრისკენ მიმავალ ყველა ქუჩაზე ავტომანქანით მოძრაობა იზღუდება, ხოლო ხალხის ნაკადის მატებისას, შესაძლებელია, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა ქუჩები პერიოდულად გადაკეტონ.
იმისთვის, რომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები და პოლიციამ შეძლოს ხალხის ნაკადის მოწესრიგება, შინაგან საქმეთა სამინისტრო ტაძარში შესვლის მსურველებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, ხელი შეუწყონ მათ წესრიგის დაცვაში და პოლიციასთან ერთად კოორდინირებულად იმოქმედონ“,-აღნიშნულია განცხადებაში
კომენტარები