საზოგადოება
„ვაჟა-ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟა რომ ყოფილიყო ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდი!“
2013-11-08 18:08:21
ჩამოტვირთვა
საქმე N22905-61, საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი...
კაბინეტი თუთუნის კვამლში იყო გახვეული, მაგიდის ლამპის შუქით განათებულ ოთახში მხოლოდ სერგო ორჯონიკიძის გაბურძგნული თმა და ბოროტად მოელვარე თვალები მოჩანდა. მზერით ხვრეტდა მის კაბინეტში მყოფ შალვა დადიანს, პავლე ინგოროყვასა და ალექსანდრე აბაშელს, რომლებიც მისგან ვაჟა-ფშაველას შვილის, ლევან რაზიკაშვილის განთავისუფლებას ითხოვდნენ. დაძაბული სიჩუმე იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ მწერლებს კინაღამ ნერვებმა უმტყუნათ. ორჯონიკიძემ, როგორც იქნა, ხმა ამოიღო და კბილებში გამოსცრა: „ვაჟა-ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟა რომ ყოფილიყო ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდი!“
პავლე ინგოროყვამ ქუდს ხელი დაავლო და პირველი გამოვარდა კაბინეტიდან, დანარჩენებიც უხმოდ მიჰყვნენ…
საქართველოს შსს-ს არქივში დევს საქართველოს "ჩეკაში" გამოძიებული სისხლის სამართლის საქმე N22905-61, რომელიც 1922 წელს შეიკერა და რომლის საფუძველზეც ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. ვაჟა-ფშაველას ვაჟი, ქვეყნის დიდი პატრიოტი და ინტელიგენტობით განსაკუთრებით გამორჩეული პიროვნება ლევან რაზიკაშვილი საბჭოთა ხელისუფლებამ ქვეყნის მტრად გამოაცხადა და, სამაგალითოდ, სიკვდილით დასაჯა.
ლევანი 1887 წელს დაიბადა, ის ვაჟა-ფშაველასა და კეკეს მეორე შვილია. ლევანი ცოტა ხანს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა, სადაც ერთ მერხზე ისხდნენ ის და ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, ეს მეგობრობა შემდგომშიც გაგრძელდა და ლევან რაზიკაშვილს ბედისწერად ექცა...
ლევანი სკოლის მერხიდან სოციალ-ფედერალისტობდა და სხვათა შორის, ეს ამბავი კომუნისტებს მთავარ „ბრალდებად“ უდევთ სისხლის სამართლის საქმეში.
სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ვაჟა ცდილობდა, ლევანს სწავლა გაეგრძელებინა, ამიტომაც ხან ვის აწუხებდა სტიპენდიის თაობაზე და ხან – ვის, თუმცა ამაოდ. ბოლოს ლევანმა გორში სოცუზრუნველყოფის გამგებლად დაიწყო მუშაობა, სწორედ გორში ყოფნის პერიოდში გაიცნო ლევანმა, ულამაზესი 17 წლის თამარ თვარელიძე. ბოლოს და ბოლოს, მათი ამბავიც გაირკვა და ქორწილი გადაიხადეს. ნეფე-პატარძალს უკან ვაჟა-ფშაველა მოჰყვებოდათ, დიდი პოეტის ნახვას ხალხი ისე აღუფრთოვანებია, რომ ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე ფარდაგები და ია-ვარდი მოუფენია.
1920 წელს ლევანი ოჯახთან ერთად ჩარგალში დაბრუნდა, სადაც ფშავის მილიციის უფროსადაც დანიშნეს. მიუხედავად ასეთი თანამდებობისა, ის კარგი ადამიანი იყო და ძალიან უყვარდათ ფშაველებს, რომლებმაც მისი დაჭერის შემდეგ საკუთარი სიცოცხლე სასწორზე შეაგდეს და ორმოცდაათზე მეტი ადამიანი წერილობითი ფორმით ითხოვდა ლევან რაზიკაშვილის გათავისუფლებას.
ამ პერიოდში ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი რაზმი გააფთრებით იბრძოდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. სერგო ორჯონიკიძის ინიციატივით ხევსურეთის სიღრმეში შეიგზავნა მსხვილი სამხედრო შენაერთები, რომელთაც დაევალათ აჯანყების უმოკლეს დროში ჩახშობა და ხევსურთა დამორჩილება. აღმასკომის თავმჯდომარე სერგო სურგულაძემ, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოპერაციას, ვერ შეასრულა სახკომსაბჭოს განსაკუთრებული და საგანგებო დავალება, რომლის მიხედვითაც, მას ხევსურეთისკენ დახეული ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმისთვის გზა უნდა გადაეკეტა, რისთვისაც ის დროებით თანამდებობიდან გადააყენეს. სერგო სურგულაძემ ქაქუცასა და მისი რაზმისთვის გზის არგადაკეტვის მიზეზად ფშავის მილიციის უფროსის - ლევან რაზიკაშვილის მიერ ბრძანების შეუსრულებლობა და ღალატი დაასახელა.
ამის შემდეგ ვითომდა სამსახურებრივი საქმეების გამო, ლევან რაზიკაშვილი თიანეთის მილიციაში დაიბარეს. 1922 წლის 30 სექტემბერს ის თავისი ფეხით გამოცხადდა თიანეთის საგანგებო კომისიაში, სადაც დააპატიმრეს და ბრალი დასდეს ბანდიტიზმში მონაწილეობასა და სამსახურის თვითნებურად მიტოვებაში.
ლევან რაზიკაშვილის ბრალდებათა სერია შემდეგნაირად ააწყვეს: მამამისი, ვაჟა-ფშაველა, ფედერალისტებს თანაუგრძნობდა და მისი შვილიც "სკოლის მერხიდან სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი იყო". არადა, იმ დროს ის მხოლოდ 14 წლის მოსწავლე იყო და სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში. სკოლის მერხზე ლევანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით მჯდარა. ქაქუცასთან მეგობრობა და სოციალ-ფედერალისტობა შემდეგაც გაგრძელებულა, რასაც ლევანი თვითონვე აღიარებდა. "1909 წლიდან თანავუგრძნობდი ფედერალისტებს," - გულწრფელად განაცხადა ერთ-ერთი დაკითხვის დროს. ასევე გაგრძელებულა მისი მეგობრობა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან. ქაქუცა 1915 წელს ვაჟა-ფშაველას დაკრძალვასაც კი დასწრებია. საქართველოს გასაბჭოების წინააღმდეგ ბრძოლების დროს, როცა ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავისი რაზმით ფშავში გამოჩენილა, ლევანი გულუხვად გამასპინძლებია სტუმარს და ნაბადი და ხანჯალიც უჩუქებია. ეს ამბავი მაშინვე გახმაურებულა და იმდროინდელ ხელისუფლებას საბჭოთა რეჟიმის მიმართ მტრულ მოქმედებად მიუჩნევია.
ლევანის უდანაშაულობაში დარწმუნებულმა მისმა ცოლმა თხოვნით მიმართა საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს. თუმცა რათქმაუნდა თხოვნამ არ გაჭრა.
მიუხედავად ყველაფრისა, ლევან რაზიკაშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენის სისრულეში მოყვანა გაჭიანურდა არაერთი მიზეზის გამო. საბჭოთა ხელისუფლებას სურდა ლევან რაზიკაშვილისაგან რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღო ჩოლოყაშვილის ჯგუფის წევრთა ვინაობისა და საქმიანობის შესახებ და გამოევლინა ბრალდებულის უკან მდგარი ავტორიტეტული პიროვნებები.
მნიშვნელოვანი კიდევ ერთი მომენტი. ერთხელ თურმე ვაჟა ფშაველამ სანამ სტალინი რუსეთში წავიდოდა, მაგრად უცემია იგი, ჰოდა სტალინი დაჰპირებია ვაჟას ახლო მომავალში ფიზიკურად გაგანადგურებო. გამომდინარე გარემოებიდან,როცა უკვე სტალინმა "დიდების მწვერვალს"მიაღწია, სამაგიერო გადაუხადა მის შვილს, ვინაიდან მამისი უკვე დიდიხნის მკვდარი იყო.
კომენტარები