0 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თომას დე ვაალი- საქართველოში ეკონომიკა ცუდად ვითარდება

ჩამოტვირთვა

გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს თომას დე ვაალის სტატიას სათაურით - "პოლიტიკური რყევები კავკასიაში". როგორ განაახლებთ სახლს, როცა ხალხი საძირკველს არყევს? – ასეთი კითხვით იწყება თომას დე ვაალის სტატია, რომელიც წერს, რომ ეს კითხვა დგას როგორც ვლადიმერ პუტინის რუსეთის, ისე სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს წინაშე. თითოეულ მათგანში, მმართველი რეჟიმი უპირისპირდებოდა ან უპირისპირდება საზოგადოებრივი პროტესტის განახლებულ ფორმებს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში ყოველი დღე თავისებური პოლიტიკური მელოდრამის მომტანია: ორმხრივი ბრალდებების, საკონსტიტუციური საკითხებზე ვაჭრობის, უცხოელი ვიზიტორებისადმი დემარშის, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებისა და ქუჩაში დაპირისპირებისაც კი, როცა პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებოდა. როგორც თომას დე ვაალი აღნიშნავს, ახალ მთავრობას ჯერაც არ მოუკიდია ხელი ბევრი საკითხისთვის და ეკონომიკა ცუდად ვითარდება. საქართველოს ისეთივე სტრუქტურული დეფიციტი აქვს, როგორც მის პოსტსაბჭოთა მეზობლებს - კონტროლისა და ბალანსის ქრონიკული ნაკლებობა. ამ საკითხში ივანიშვილს ცუდი სასტარტო პოზიციები ჰქონდა. მაგრამ, თუ მისი მთავრობა თავს აარიდებს ზოგიერთ ძირითად პრობლემას, საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია, იყოს წარმატებული. თომას დე ვაალი ამბობს,რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით კარგი იქნება, თუ ივანიშვილი საერთოდ არაფერს გააკეთებს. ასე მაგალითად, ძალიან კარგი იქნება, თუ მისი მთავრობა არ ჩაერევა საქართველოს სატელევიზიო არხების მუშაობაში, რომლებიც არჩევნების შემდეგ უფრო მრავალფეროვან ამბებს გვთავაზობენ. თუ ივანიშვილი თავისივე გეგმით იმოქმედებს – გადაახალისოს ადგილობრივი თვითმმართველობა, შექმნას 300 მუნიციპალიტეტი და დაამყაროს რეგიონული დემოკრატია საქართველოში, რითაც მძიმე დარტყმას მიაყენებს თბილისის პატრიარქალურ ხელისუფლებას. ივანიშვილის ზოგიერთი მხარდამჭერი იმის ინიციატივითაც გამოდის, რომ პრეზიდენტი არა ხალხმა, არამედ პარლამენტმა აირჩიოს, რაც უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. რა თქმა უნდა, ქართული პოლიტიკა ქაოტური და დრამატულია, თუმცა კიდევ უფრო უარესია მისი ალტერნატივა. უმჯობესია, მწვავე დებატები პარლამენტში ან ტელევიზიით ვიხილოთ, ვიდრე ქუჩებში. როგორც ჩანს, ქვეყანა ისწრაფვის ნასიმ ტალების თეორიის "ანტი-სიმყიფის" მიღწევისკენ ("შავი გედი" - ნასიმ ტალები). რამდენადაც მეზობელი ლიდერები ფეხქვეშ უფრო მყარი ნიადაგისკენ იცქირებიან, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოს ბევრი გამოწვევა ჯერ კიდევ წინ აქვს", - ნათქვამია Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ თომას დე ვაალის სტატიაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები