მსოფლიო
ირაკლი ტრიპოლსკი: ხელისუფლებაში შეიძლება ბევრი დოყლაპიაც იყოს
2013-02-18 20:24:43
ჩამოტვირთვა
ხელისუფლების დღევანდელი საქციელი დოყლაპიობაა, - ამის შესახებ "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, უკმაყოფილოა იმით, რომ 7 ნოემბრის, 26 მაისის და სხვა დანაშაულების გამოძიება ფერხდება.
"ძალიან "ბუქსაობს" ჩვენი მართლმსაჯულების მანქანა, რის გამოც მეც უკმაყოფილო ვარ და საზოგადოებაც... თუ მართლმსაჯულების სისტემას არა აქვს უნარი, დამნაშავეები დასაჯოს, მაშინ ჩვენ მოვიფიქრებთ რამეს და მერე ჩვენ გაგვასამართლონ... თუ ვინმეს ჰგონია, მშვიდად დაველოდებით, როგორ მორიგდება "ოცნება" და "ნაცმოძრაობა", ძალიან ცდება. "ნაცმოძრაობა" უნდა ჩამოსცილდეს ხელისუფლებას", - აცხადებს დავითაშვილი.
"ხალხის პარტიის" ლიდერი განაწყენებულია იმ კოლეგებზეც, რომლებმაც სერგო რატიანთან მომხდარი ინციდენტის გამო გააკრიტიკეს.
დავითაშვილს არ ესმის, რატომ ეუხერხულებათ კოალიციის წევრებს გაჭირვებაში თანაგუნდელის გამხნევება.
"მეც მაქვს ჩემი წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ უნდა იჯდეს სახლში, მაგრამ კოლეგებს ჩემს შეხედულებებს არ ვახვევ თავზე. ხიდაშელისა და უსუფაშვილის ნათქვამიდან ყველაზე მეტად ის მეწყინა, რომ მე და რატიანი გაგვათანაბრეს. უსუფაშვილმა თქვა, ჩემს ოლქში თუ იყრიან კენჭს, ხმას არც ერთს არ მივცემო. არ მინდა გაბრაზებულმა ვუპასუხო დათოს, მაგრამ ერთს მაინც ვეტყვი - დათო უსუფაშვილი და დათო ბაქრაძე დიდუბეში რომ იყრიდნენ კენჭს, მაინც უსუფაშვილს მივცემდი ხმას, მაგრამ თუ ასეთ განცხადებებს კიდევ გააკეთებს, მეეჭვება ჩემი ხმა ეყოს გამარჯვებისთვის. ჩემი კეთილი რჩევაა, თინამ თავი დაანებოს პიედესტალიდან ხალხის დამოძღვრას და ასეთი ტონით ლაპარაკს... ხიდაშელმა განაცხადა, ჩვენი ხელისუფლება ყველა დამნაშავეს სჯისო, მაშინ უსუფაშვილი რატომ ელაპარაკება ბაქრაძეს, ვინც პარლამენტის შენობა განზრახ გაანადგურა? ამას გამოძიება კი არა, სამართლებრივი შეფასება უნდა. ვეკითხები პარლამენტის თავმჯდომარეს: რატომ არ არის ბატონ ბაქრაძეზე საქმე აღძრული, ვინ აფერხებს ამ პროცესს? ეს არ არის შერჩევითი მართლმსაჯულება?!", - აღნიშნავს დავითაშვილი.
მისივე თქმით, არც ის ესმის, რატომ არ სვამს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. დავითაშვილი ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის აუცილებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ 7 ნოემბრის მოვლენების გამო იგი დასაკავებელია. ამ კუთხით ხელისუფლების პასიურობას კი დავითაშვილი "დოყლაპიობას" უწოდებს.
კომენტარები