საზოგადოება
19 წლის წინ მოკლული შვილის ცხედარი აფხაზებმა დედას დაუბრუნეს
2012-09-24 15:28:38
ჩამოტვირთვა
აფხაზეთიდან დევნილ ნაირა კალანდიას, 1992-93 წლებში, აფხაზეთის კონფლიქტისას განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული შვილის ცხედარი ენგურის ხიდზე დღეს გადასცეს.
19 წლის მანძილზე აფხაზეთში მოკლული ნუკრი გერგედავას ცხედარი სოხუმში განისვენებდა.
ცხედრის გადმოსვენება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი კარბელაშვილის თაოსნობით მოხერხდა.
მისი თქმით, აფხაზეთის კონფლიქტის გაღრმავებისა და იგივე პრობლემების დაბრუნების რეალური საფრთხე დღესაც არსებობს.
ამასთან, კარბელაშვილმა მადლობა იმ აფხაზებსაც გადაუხადა, რომლებმაც ენგურის ხიდამდე ცხედრის გადმოსვენება მოახერხეს.
„ეს და სხვა უამრავი მაგალითი არსებობს, ჩვენი ძმობისა, იმ ვაჟკაც აფხაზებს მინდა მადლობა გადავუხადო, რომლებმაც ეს საქმე გააკეთეს“,- განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა.
მისი თქმით, აფხაზი ხალხის მიერ ქართველების დახმარების უამრავი ფაქტი არსებობს.
„თქვენ გახსოვთ, რომ ჩემმა გუნდმა მიშას დავალებით, აფხაზეთიდან მეზღვაურები გადმოვიყვანეთ. კიდევ ბევრ ფაქტზე არ ვსაუბრობთ. ეს არის ჩვენი ძმობა, ჩვენი დიდი ოჯახი. ჩვენ ვართ დიდი საქართველო, - ძლიერი. ოღონდ თავი დაგვანებონ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებმა“.- აღნიშნა კარბელაშვილმა.
ენგურის ხიდთან კომენტარი ნუკრი გერგედავას დამაც გააკეთა, მან ხელისუფლებას ძმის გადმოსვენებაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
აფხაზეთში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ნუკრი გერგედავას ცხედარი ზუგდიდში გადაასვენეს.
აფხაზეთის კონფლიქტისას ნაირა კალანდიას შვილი თვალწინ მოუკლეს, შემდეგ მისი თვალი დედამისს გადააყლაპეს. აფხაზებმა შვილმკვდარი დედაც აწამეს. მოკვეთეს მკერდი და ჭრილობაზე მარილს აყრიდნენ.
კომენტარები