მსოფლიო
ტარყაშვილის მვლელობაში ბრალდებული სასამართლოს დარბაზიდან გააძევეს
2012-09-20 18:28:11
ჩამოტვირთვა
23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 53 წლის ივერი გოგბერაშვილი დღეს მოსამართლემ სასამართლოს დარბაზიდან გააძევა.
ივერი გოგბერაშვილის გაღიზიანება, დასკვნითი სიტყვის დროს, მის მიერ ჩადენილი მკვლელობის ამსახველი ფოტო მასალის გამოქვეყნებას მოჰყვა, ბრალდებულმა ჯერ დარბაზის მისამართით დაიწყო შეურაცხმყოფელი შეძახილები, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მოსამართლესა და პროკურორს მიაყენა, რის გამოც მოსამართლემ მისი დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებულმა დღესვე ადვოკატ შალვა შავგულიძის აცილებაც მოითხოვა, რაც მოსამართლემ დაუკმაყოფილა.
სასამართლო დარბაზში მომხდარ ინციდენტამდე გოგბერაშვილმა ჩვენების მიცემის წინ ფიცის დადებაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული ივერი გოგბერაშვილის ექსტრადიცია უკრაინიდან რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა, მას სასამართლო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ხვალ გამოუტანს განაჩენს.
გოგბერაშვილის გარდა, ზურა ტარყაშვილის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს: დავით რუსიშვილს (იგი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს და მოსამართლეს სასჯელის დამძიმების რეკომენდაციით მიმართეს. რუსიშვილს 21 წლით პატიმრობა შეეფარდა), მიმალვაში მყოფ ირაკლი აგლაძეს (მას 30 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს) და მიმავლაში მყოფ დავით ჯოხაძეს (მისი საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა).
გამოძიება მუშაობს ტარყაშვილის მკვლელობის სხვა თანამონაწილეების მიმართაც. მათი ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.
კომენტარები