1 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მდიდრებო, ქრისტე იშვა სიღარიბის სიმდიდრეში!"

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს:
"“ქრისტეშობა

ქრისტე იშვა ბეთლემში. ღარიბებო, ქრისტე იშვა სიღარიბეში! მდიდრებო, ქრისტე იშვა სიღარიბის სიმდიდრეში!მართლმადიდებლებო, ქრისტე იშვა თავმდაბლობის სიდიადეში! ქვითა და ოქროვერცხლით ხელითქმნილი ტაძრის მაშენებლებო, ქრისტე იშვა პირუტყვთა სადგომში! სრა-სასახლეთა მეხოტბენო, ქრისტე იშვა ფიცრულ ბაგაში! სასულიერონო, ქრისტე იშვა მოკრძალებაში, სიყვარულის მორჩილებაში! ხელისუფალნო, ქრისტე იშვა მიუკერძოებელი მსაჯულის სამართლიანობაში! მაგრამ, იშვა ქრისტე ჩვენს გულში?! თითქმის ყოველი ჩვენგანი ვდღესასწაულობთ შობის ბრწყინვალებას მაგრამ, გვავიწყდება, რომ ღარიბ-ღატაკთა დაუცხრომელი ქომაგი, განსაცდელში და მწუხარებაში მყოფთა თანა მწუხარე, მგლოვიარეთა თანა მგლოვიარე, უსახლკაროთა თანა უსახლკარო, მშიერთა, სამოსლის არმქონეთა თანა მშიერი და შიშველი. თავისუფლება აღკვეთლთა თანა თავისუფლება აღკვეთილი, დამცირებულთა თანა დამცირებული, გარიყულთა თანა გარიყული, მიტოვებულთა თანა მიტოვებული,ყოველწუთიერად დადის ქრისტე ჩვენს შორის. ესაია წინასწრმეტყველის ბაგემ აღმოთქვა ქრისტეს შობამდე მისი შობა და მისმა ბაგემ აღმოთქვა ეს სიტყვებიც:

” ისმინე ცაო და ყურადიღე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკაობს: ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ; ყველგან ჭრილობა და წყლული გაქვთ მალამოთი დაუამებელი. თქვენი ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ისწავლეთ სიკეთის კეთება, ეძებეთ სამართალი, გაკიცხეთ მჩაგვრელი, სამართალი გაუჩინეთ უმამო ბავშვს, ქვრივს გამოესარჩლეთ. ყოველი მათგანი ქრთამის მოყვარულია და ძღვენს არის დახარბებული. ის, რაც საწყალს ძარცვით წაართვით, სახლებში ინახავთ.რატომ ჩაგრავთ ჩემს ხალხს და ავიწროებთ საწყლებს? ვაი მათ, ვინც ბოროტს მართლად აცხადებს და მართალს სიმართლეს ართმევს!”

ამპარტავნობის ტყვეობაში, თვითკმაყოფილებასა და ერთმანეთის შეურაცხყოფაში, ცილისწამებასა და ურთიერთ ჩასაფრებაში, მევახშეობა-ანგარების, გამორჩენისა და გამოყენების, უსიყვარულობასა და უპატივცემულობაში, სხვისი უბედურებისა და შურის მსახურებაში არ იდიდება ყოველთა დამბადებელი მაცხოვარი. რამდენი ჩვენი თანამოქალაქე დარჩა უსახლ-კარო, რამდენი იქცა ხიზნად, რამდენს დაენგრა ოჯახი, რამდენი ადამიანი მივიდა სულიერი და ფიზიკური განადგურების პირას. რამდენმა მოიკლა თავი, სულიერი თუ ფიზიკური განსაცდელის სიმძიმით. რამდენი მზრუნველობას მოკლებული ბავშვი და მოზარდი შევმატეთ ქვეყანას, რამდენს წავართვით ცხოვრება. რამდენი გაღატაკდა უსინდისოთა გასამდიდრებლად. სასოწარკვეთილი და ეულად ქცეული ვერ შეძლებს ვერც ქვეყნის პროდუქციულ მოქალაქობას და ვერც ღმერთის დიდებას, რადგან დასუსტებული და ღონემიხდილი ადამიანი სულიერად კვდება. ასე გადავაქციეთ ჩვენი სამშობლო სულიერ და ფიზიკურ ცხედართა სამყოფელად. რამდენი ჩვენი თანამემულეც იქნა გამწარებული და გაუბედურებული ათწლეულობის მანძილზე ჩვენს თანამედროვეობაში, იმდენი ქვა დაიდო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ცხოვრების წარუმატებლობისთვის. ეს ქვები იქცა ჯერ ლოდებად, ხოლო შემდეგ ცათამბრჯენ წინაღობად, როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ. თუ სულის ტაძარი ზიანდება, მაშინ რომელი ტაძარი შენდება?!

ქრისტეს შობას გილოცავთ ჩვილშობილის მსასოებელნო!

+მთ. ეპ. ზენონი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები