0 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცაგარელი: მე გავაფრთხილე მთავრობა, რომ „ნაცმოძრაობა“ 2018 წელს გაძლიერდება, 2019 წელს კი უფრო მეტად გააქტიურდება

   ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, ზაზა სარალიძე უსამართლობის მსხვერპლია, ეს ადამიანი დაიჩაგრა და ახლა მთავრობამ, პარლამენტმა და პრემიერ-მინისტრმა ყურადღება უნდა მიაქციონ და დაეხმარონ მას.

მიხეილ ცაგარელი: საქმე გვაქვს უსამართლობასთან,ისევ ძმაკაცურ და კორუფციულ სქემასთან, რომლის მიხედვით იუსტიციის სფეროში მიდის ერთმანეთის გატანა, მხარდაჭერა და ამასობაში ეს საწყალი კაცი – ზაზა სარალიძე, რომელსაც იქ არავინ ჰყავს, დაიჩაგრა. ასე ხდებოდა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს საქართველოში, ხდება ახლა და არ ვიცი როდემდე გაგრძელდება.

მე, რა თქმა უნდა, მთლიანად ვუერთდები ზაზა სარალიძეს და მორალურად მის გვერდით ვდგავარ, მაგრამ ამ საწყალ კაცს პირველად ვინ გაუწოდა დახმარების ხელი? – „ნაციონალურმა მოძრაობამ”. მისი ადვოკატი თავის დროზე „ნაცმოძრაობის” სერიოზული აქტივისტი იყო. შესაბამისად, ახლა ზაზას მდგომარეობა არის საშინელი, იმიტომ, რომ ამ კაცს, რომელსაც თავდაპირველად მხარში ამოუდგნენ „ნაციონალები”, აუგის თქმა მათზე არ შეუძლია, მაგრამ ხედავს, რომ ეს ყველაფერი „ნაციონალებმა” გამოიყენეს საკუთარი ინტერესებისთვის.

მეორე მხრივ, ის ხვდება, რომ გვერდში უდგას ხალხი, რომელმაც სხვისი შვილები დახოცა. მთავარია, რომ ახლა იყოჩაღონ სამთავრობო სტუქტურებმა – შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პრემიერ-მინისტრმა და ყველაფერი გაუკეთონ, რაც აუცილებელია, რათა ამით ეს კაცი გამოაცალონ „ნაციონალებს”.

„რეზონანსი”: გამოითქვა მოსაზრება, რომ საზოგადოება გაიხლიჩა სარალიძის მომხრეებად და „ანტისარალიძეებად”…

მიხეილ ცაგარელი: არანაირად არ შეესაბამება ეს სიმართლეს. სარალიძის მომხრე არის მთელი საქართველო. ნებისმიერი ნორმალური ადამიანი სარალიძის გვერდით დგება იმიტომ, რომ არავის უნდა უსამართლობა ასეთი უბედურების შემთხვევაში. მაგრამ, როგორც კი ამან მიიღო პოლიტიკური ელფერი და „ნაციონალებმა”, ასე ვთქვად, საკუთარი პარტიული ყრილობის ჩატარება დაიწყეს რუსთაველზე, აი, აქ გაიყო ხალხი ორად.

საზოგადოებას არ აქვს მოკლე მეხსიერება, მათ კარგად ახსოვთ ყველაფერი, რაც „ნაციონალებმა” გააკეთეს. შესაბამისად, ამის დანახვის შემდეგ ისინი გამოეყვნენ ამ აქციას და ჩაატარეს ის ვაკის პარკში.

მე ვნახე ეს აქცია. იქ იყვნენ შვილმოკლული მშობლები, ეკლესიის წარმომადგენლები, მისი შვილის მეგობრები და მან ძალიან კარგად დაინახა, სად დგას ჭეშმარიტი ქართული ძალა, რომელიც მას უჭერს მხარს სამართლებრივი და ადამიანური კუთხით.

„რ”: როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია მსგავსი სიტუაცია?

მიხეილ ცაგარელი: მე გაფრთხილებული მყავდა მთავრობა,ჯერ კიდევ საახალწლო პროგნოზებსა და გადაცემებში მომავალი სირთულეების შესახებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს წელიწადი არის დამაგვირგვინებელი ბოლო სამი წლისა, რაც გვამცნობს, რომ ეს არის სერიოზული ცვლილებების წელიწადი. პირველ რიგში, ეს შეეხება პოლიტიკოსებსა და სოციუმს, აქ იქნება ყველაზე დიდი პრობლემები და არის კიდეც.

ბევრი ადამიანი დაკარგავს თანამდებობას, მათ შორის მაღალი რანგის თანამდებობეზეცაა საუბარი. საგანგებოდ აღვნიშნე, რომ ორი დიდი პლანეტა – სოციუმის პლანეტა იუპიტერი და პოლიტიკის პლანეტა სატურნი რეტროგრადულები, ანუ უკან მოძრავნი არიან, რაც მანიშნებელია იმის, რომ კოსმოსი გვანიშნებს – აუცილებელია, რომ დავუბრუნდეთ ძველ შეცდომებს, არასწორ კანონპროექტებს და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიქმნება ძალიან დიდი პრობლემები.

უმოქმედობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული მიტინგები, კონფლიქტები, დაპირისპირებები – ეს ყველაფერი მე დეკემბრის თვეში აღვწერე.

გარდა ამისა, აღვნიშნავდი, რომ რადგან მაისში პლანეტა მარსი გადადის მერწყულის ზოდიაქოში და შემდგომ 6 აგვისტოს ის გადავა ე.წ. შავ მაცდუნებელ ძალაში, ხოლო მერკური მართავს რუსეთს. ეს ასპექტი დააპირისპირებს, გაამძაფრებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას.

თავიდანვე ვაფრთხილებდი სამთავრობო სტრუქტურებს, მათ შორის ოპოზიციასაც, რომ ზედმეტად არ გაეღიზიანებინათ რუსეთი. ამიტომაც, თუ ძალიან ფრთხილად არ იქნებიან ჩვენი პოლიტიკოსები, ამან შეიძლება ძალიან მძიმე კონფლიქტები შექმნას ორ ქვეყანას შორის.

და კიდევ, აღვნიშნე, რომ პლანეტა ურანი მაისის ბოლოს შედის კუროს ზოდიაქოში – კურო მართავს საფინანსო-საბანკო სექტორს, ამიტომ შეიძლება სერიოზული ცვლილებები დაიწყოს სავალუტო, ფინანსური,ზოგადად ეკონომიკური პრობლემების კუთხით.

თუ ფინანსთა მინისტრმა და დანარჩენებმა დროზე არ შეიტანს გარკვეულ ცვლილებები და გააგრძელეს ხალხის ძარცვა, როგორც ყოველთვის, ეს სერიოზულად დასჯის მათ. ეს პრობლემები ნოემბრის ბოლომდე გასტანს.

მე გავაფრთხილე მთავრობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” 2018 წელს გაძლიერდება, ხოლო 2019 წელს კი უფრო მეტად გააქტიურდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები