0 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მოსამართლემ სათანადოდ ვერ შეაფასა ბრალდებულიდან მომდინარე რისკები და გაათავისუფლა.. ბრალდებულს მიეცა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი მუქარა"- პროკურატურა თელავში მომხდარ მეუღლის განზრახ მკვლელობის საქმეზე

ჩამოტვირთვა

საქართველოს პროკურატურამ, თელავში მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

"სამართალდამცავებმა დანაშაულში ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ბრალდებულის მიერ რამდენიმე დღის წინ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე. კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს. გარდა ამისა, იგი ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს და მის დედას, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს.

აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 4 ოქტომბერს დააკავეს და 5 ოქტომბერს პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახში ძალადობა); 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა ორი პირის მიმართ) და 11-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობის შეფარდება, თუმცა 6 ოქტომბერს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირდაპირ მიუთითებდა ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, სათანადოდ ვერ შეაფასა ბრალდებულიდან მომდინარე რისკები და საფრთხეები, მათ შორის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მისი მიმალვის საფრთხე, უკანონოდ სცნო ბრალდებულის დაკავება, გაათავისუფლა დაკავებიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 2000 ლარი შეუფარდა.

პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა სასამართლოს პოზიციას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა.

ბრალდებულს, რომელსაც არ შეეფარდა პატიმრობა, მიეცა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი მუქარა და სასტიკად გაუსწორდა თავის მეუღლეს, რამაც ეს უმძიმესი შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ უმკაცრესი ღონისძიებების გატარების აუცილებლობას, რაც კოორდინირებულ მუშაობას, საზოგადოების ჩართულობას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიან ძალისხმევას გულისხმობს.

საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო.

აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პროკურატურა ატარებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება", - აცხადებს პროკურორი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები