2 2 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ჩაქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ მთავრობის მეთაურმა შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა.

მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია და ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობენ:

250 მეხანძრე-მაშველი;

50 სახანძრო-სამაშველო და სხვა ავტოტექნიკა;

დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი;

ქრობის ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი;

ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი;

მობილიზებული არიან ადგილობრივი პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.

 ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში უკვე ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალები. ამ ეტაპზე ადგილზე იმყოფება: ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა “MTLB” (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები.

ხვალ დილიდან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აღმოსავლეთის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდებიან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თავის მხრივ ბორჯომის ხეობაში უკვე გააგზავნა ბულდოზერები და წყალმზიდები (სატვირთო მანქანები წყლის ცისტერნით). ამ დროისთვის წყალმზიდების მობილიზება სხვა რეგიონებიდანაც გრძელდება.

ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ჩართული არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეოსააგენტოს თანამშრომლები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები