0 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ამ ისტორიული მომენტისთვის საქართველოს შეეძლო, რომ უკეთ ყოფილიყო მომზადებული.. დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ" - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ის მოლოდინებზე წინასწარ პროგნოზს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ ევროკავშირი დიდ ყურადღებას აქცევს და მიაქცევს გაერთიანების მთავარ ღირებულებებს - დემოკრატიულ არჩევნებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, მედიაპლურალიზმს.

"მე არ მინდა, სპეკულირება დავიწყო შედეგებზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება ის, მოლოდინზე ნაკლები თუ მეტი, პირობებით თუ მათ გარეშე, მთავარი მაინც ერთია: დროა, საქართველომ მიხედოს საქმეს და გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. იქნება ეს ქმედებები იმ მატარებელზე მისწრება, რომელიც უკვე დაიძრა თუ იმის უზრუნველყოფა, რომ აღებული ბილეთით შემდეგ სადგურამდე მიასწრებთ, საქართველომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მომავლისთვის ევროკავშირში მისი განაცხადი დამაჯერებელი იყოს. 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა დღეს და ადრეც უთქვამს რამდენჯერმე, წარმატებისთვის საჭიროა ერთობა. მე ვხედავ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ყველა ერთნაირ მოწოდებას აკეთებს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ყველას ერთ ოთახში თავმოყრა ვერ ხერხდება. მე არა ვარ გულუბრყვილო და ვიცი, როგორი გამოწვევაა ჯეროვანი პოლიტიკური კულტურის აშენება და არა ერთმანეთზე იარლიყების მიკერება, როგორებიცაა მონები, ომის პარტია, პუტინისტები, მოღალატეები და ასე შემდეგ. თუმცა, მჯერა, რომ ეს გამოწვევა უნდა იქნას გადალახული. ამ ისტორიული მომენტისთვის საქართველოს შეეძლო, რომ უკეთ ყოფილიყო მომზადებული. 

ბოლო წლებში გაჩნდა ბევრი შეკითხვა იმის თაობაზე, თუ საით მიდის საქართველო. ვფიქრობ, განსაკუთრებული საიდუმლო არავისთვისაა, რომ ბოლო დროს ევროკავშირის საჯარო რეაქცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე არც თუ სასიამოვნო იყო. ეს ეხებოდა დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებულ ტენდენციებს, 5 ივლისის ძალადობას ჟურნალისტებისა და უმცირესობების წინააღმდეგ, ისევე როგორც მის შემდგომ მოვლენებს, ასევე რამდენიმე ქმედებას, რომელიც მიმართული იყო სასამართლო სისტემის დაზიანებისკენ, ფარული ჩანაწერების პრაქტიკა და ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება. საჭიროა, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი არ არის უმნიშვნელო. პირიქით, ისინი პირდაპირ არის დაკავშირებული ევროკავშირის საკვანძო ღირებულებებთან." ამბობს ჰარცელი.

მისი თქმით,  საქართველომ უნდა დაიბრუნოს რეგიონის საუკეთესო მოთამაშისა და საუკეთესო რეფორმატორის სახელი და ამას მის ნაცვლად, სხვა ვერავინ გააკეთებს: 

"სამწუხაროდ, თქვენს მაგივრად ამ საქმეს ვერავინ გააკეთებს, თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ არც არავინ აპირებს თქვენს საქმეებში ჩარევას და ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ თქვენი მისაღებია. ევროკავშირში მიმავალი გზა იოლი არ არის და ამის დადასტურება 2004 წლის გაფართოების ჯგუფის წევრებსაც შეუძლიათ. გარკვეულ მომენტში ვიღაცა ჩამორჩება ხოლმე, ვიღაცა კი გადაწყვეტს, რომ სრული წევრობის ნაცვლად სულ სხვა გზას უნდა გაჰყვეს. თუმცა, წესების დაცვით თამაშის, ევროკავშირის კოპენჰაგენის კრიტერიუმში გაწერილი განრიგის მიხედვით მუშაობითა და რეფორმების შეუქცევადად ქცევის შედეგად ყველამ მიაღწია წარმატებას. 

რა თქმა უნდა, ყველაფერი ასეთი მარტივი არ არის. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები და სხვა მოვლენები, რომლებიც ევროპასა და მსოფლიოში განვითარდება, ასევე მოახდენს გავლენას. მაგრამ როგორც ისტორია გვაჩვენებს, ეს პროცესი იწყება და მთავრდება თქვენი სიმტკიცითა და ქმედებებით. თქვენ გაქვთ რამდენიმე რესურსი, რომლებითაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ. ევროკავშირის მიერ მოწოდებული დახმარების ნაწილი არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვენეციის კომისიის, ეუთო-ოდირის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რჩევები. ევროკავშირი არის საქართველოს ახლო მეგობარი და პარტნიორი. საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი დახმარება აქვს მიღებული ერთ სულ მოსახლეზე. ჩვენ გეხმარებით ეკონომიკის მოდერნიზებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, სავაჭრო კავშირების გაზრდაში, განათლების სფეროს გაუმჯობესებასა და კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში და ამასთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თქვენი ქვეყნის გამძლეობა და უსაფრთხოება ავამაღლოთ. ეს ქმედებები არის თქვენს მიმართ ჩვენი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა და ჩვენ მზად ვართ, კვლავაც გავაგრძელოთ მუშაობა, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული უახლოეს კვირებში.
ჩვენ ძალიან გვინდა, რომ საქართველომ თავისი ღირსეულ

ი ადგილი იპოვოს ევროპასა და მსოფლიოში, ამიტომ დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ." ამბობს ჰარცელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები