1 0 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აქ ვარ, კიევში, არავისი არ მეშინია, დავრჩები იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება ომში გასამარჯვებლად – ზელენსკი

“აქ ვარ, კიევში, არ ვიმალები, არავისი არ მეშინია, დავრჩები იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება ომში გასამარჯვებლად “- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

“უკვე 12 დღეა, ომი გრძელდება და ჩვენ თავს ვიცავთ. ყველა მუშაობს და იქაა, სადაც უნდა იყოს. მე კიევში ვარ, ჩემი გუნდიც ჩემს გვერდითაა. ტერიტორიული დაცვა და ჯარისკაცები ადგილზე არიან, ჩვენი გმირები, ექიმები, დიპლომატები, ლოჯისტიკა, ჟურნალისტები, ყველანი ადგილზე არიან და ყველანი ვიბრძვით. გამარჯვებისთვის თითოეულ ჩვენგანს ჩვენი წვლილი შეგვაქვს. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭირო გახდება, იქნება ეს ჯარი, ძალა, დიპლომატია, თუ სიტყვა. შეხედეთ დღეს ჩვენს ქალაქებს. ჩოპლინკა, მელიტოპოლი, ნოვატროიცკა, ხერსონი, სტარობილსკი… იქ ჯარი არ არის და ადამიანები თავს თავად იცავენ. მათი შეიარაღება მათივე სიბრძნეა. ასევე, ერთიანობა და სიტყვის ძალა, როდესაც გამოდიან და ამბობენ, რომ ეს ჩვენია და არ დავთმობთ!

თითოეული უკრაინელი, რომელიც დღეს ან ხვალ ოკუპანტების წინააღმდეგ პროტესტს გააგრძელებს, გმირია. ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად მოედნებზე, ვაპროტესტებთ და არ გვეშინია, როდესაც მტერი წინააღმდეგობის დროს ცეცხლს გვიხსნის და ჩვენს დაშლას ცდილობს. თქვენ არ ნებდებით და ეს ნიშნავს, რომ არც ჩვენ დავნებდებით.

ის, ვინც ამბობდა, რომ ჩვენ ერთი ერი ვართ, ჩვენგან მსგავს რეაქციას არ მოელოდა. ჩვენ ისე გავერთიანდით და ხმა ისე ავიმაღლეთ, რაც მათ ქუჩებსა და მოედნებზე არასდროს გვინახავს. ეს რუსეთისთვის საშინელი სიზმარია. არ გვეშინია არც ტანკების და არც რაკეტების, რადგან ჩვენს მხარეს ძლიერი იარაღია – სიმართლე. დარწმუნებული ვარ, რომ ბოროტება, რომელიც მტერმა ბომბებით მოიტანა, ჩვენს ქალაქებში არასდროს დარჩება, რადგან სიძულვილი ჩვენი არ არის.

ოკუპანტების მიერ დანგრეულ ჩვენს ქალაქებს იმაზე უფრო ლამაზად ავაშენებთ, ვიდრე ნებისმიერი ქალაქი რუსეთში. ენერგოდარი და ჩერნობილი, ქალაქები, სადაც მტერი შევიდა და არ ესმის, იქიდან რა უნდა აიღოს. უკრაინული არმია პოზიციებს ინარჩუნებს, ისინი ყოჩაღები არაინ, მტერს სერიოზულ ზიანს აყენებენ, თავს იცავენ და კონტრშეტევებზე გადადიან. და თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ბოროტებაზე შურსაც ვიძიებთ. თითოეული რაკეტისა და ბომბისთვის, თითოეული განადგურებული ქალაქისთვის.

დღეს მაკაროვში, კიევის სიახლოვეს, პურის ქარხანა ააფეთქეს. რისთვის?! ძველი პურის ქარხანა იყო. დაფიქრდით… როგორი ადამიანი უნდა იყო, რომ მსგავსი რაღაც ჩაიდინო. ან თუნდაც, ჟიტომირში, 1862 წელს აშენებული ეკლესია გაანადგურო. ესენი ადამიანები არ არიან.

ჰუმანიტარულ დერეფნებზე შევთანხმდით და როგორც კი ამუშავდა, ამუშავდნენ რუსული ტანკებიც. რუსებმა ააფეთქეს და დანაღმეს გზები, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების გადასატანად უნდა გამოგვეყენებინა. იმ ავტობუსებს წვავენ, რომლებიც ხალხის გამოსაყვანადაა განკუთვნილი. ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით პატარა დერეფანი გახსნეს, საიდანაც სულ რამდენიმე ადამიანი გადავიდა. ეს უბრალოდ ცინიზმი და პროპაგანდაა.

დღეს ბელარუსში მოლაპარაკების მესამე რაუნდი შედგა. სურვილი მაქვს, ვთქვა, რომ ეს ბოლოა, თუმცა ჩვენ რეალისტები ვართ და ამიტომ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, სანამ ჩვენს ერს არ ვეტყვით, რომ მშვიდობა დამყარდა. ყოველდღიური ბრძოლა და თავდაცვა მოლაპარაკებებში უპირატესობას გვანიჭებს.

სამი წლის წინ გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, მე და ჩემი გუნდი ამ შენობაში შემოვედით და ეგრევე დავიწყეთ ფიქრი სხვაგან გადასვლაზე. ჩემი ოცნებაა, ბანკოვსკაიას ქუჩიდან, მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად სხვაგან გადავიდე და მივიდეთ ისეთ ოფისში, სადაც დემოკრატიული და ევროპული ატმოსფერო იგრძნობა.

ახლა კი გეტყვით, რომ მე აქ ვრჩები. ვრჩები კიევში, არ ვიმალები, არ მეშინია. დავრჩები იმდენ ხანს, რამდენიც ომში გასამარჯვებლად იქნება საჭირო.

დიდება ჩვენს გმირებს! დიდება ჩვენს არმიას! დიდება უკრაინას!, – აცხადებს ზელენსკი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები