1 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რატომ დაინგრა ანი გიუნტერის ოჯახი და იყო თუ არა ის იდეალური ცოლი

ტელეწამყვანმა ანი გიუნტერმა ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია მაყურებლის ყურადღება. მაყურებლისთვის, ასევე ყოველთვის საინტერესო იყო მისი პირადი ცხოვრება, თუმცა ის არასდროს ხმაურდებოდა. წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს, თუმცა უწინდებურად ხშირად ნახავთ ერთად. მათ ორი შვილი ჰყავთ – 5 წლის მაშიკო და 3 წლის ლაზარე. რა ხდება რეალურად მათ ცხოვრებაში და როგორი იყო მათი თანაცხოვრება, ამაზე ანი გიუნტერმა   ჟურნალ „თბილისელებთან ” ისაუბრა

 – ახალი სატელევიზიო სეზონი სიახლით დაიწყეთ. 
– გარდა იმისა, რომ გარე ჩართვებზე ვმუშაობდი და ვიყავი რუბრიკის წამყვანი, ახალ სეზონზე მომიწია ძირითადი წამყვანის ამპლუაში თავის მოსინჯვა, რაც ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. ამისთვის ჩემს პროდიუსერს მინდა, მადლობა გადავუხადო. იმედი მაქვს, მათ იმედებს გავამართლებ. 
– არა მხოლოდ ტელევიზიაში, არამედ სპორტის სამყაროშიც კარგად ხარ გარკვეული, რადგან მეორე სამსახური სწორედ სპორტს უკავშირდება.
– საქართველო მასპინძლობდა ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას, ეს გახლდათ „თბილისი – 2015,” ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ზაფხულში კი ევროპის ქვეყნების ისტორიაში პირველად ტარდება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მძლეოსნობაში „თბილისი – 2016”. 2 000-მდე სპორტსმენი ჩამოვა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
– ამდენ რამეს როგორ ასწრებ?
– იყო პატარა შუალედი ჩემს ცხოვრებაში, კერძოდ, სექტემბერში – მქონდა ამოსუნთქვის მონაკვეთი, როცა სამი ტელეფონი ერთად არ მეჭირა. 
– ხშირად გიწევს მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში, რაც, ალბათ, ამოსუნთქვის საშუალებას გაძლევს გადატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე. ახლახან დაბრუნდი თურქეთიდან.
– თურქეთში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში მქონდა რამდენიმე შეხვედრა. ძირითადად, მივლინებით მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა, რაც კიდევ გაგრძელდება. ბუნებით ისეთი ვარ, ერთ ადგილას რომ ვერ ჩერდება. თუ ქვეყნიდან ვერ გავდივარ, არც ეს არის პრობლემა. საქართველოს მასშტაბით  მყავს მეგობრები, სიამოვნებით რომ მომყვებიან დაუგეგმავ ვიზიტებში, რაც ყველაზე დიდ სიხარულს მანიჭებს. დაგეგმილად მხოლოდ პრესკონფერენცია დგება ჩემს ცხოვრებაში. 
– ძალიან დადებითი ადამიანი ხარ, რასაც ბევრი აღნიშნავს. ბევრს საუბრობდნენ შენს გათხოვებაზე, ქორწილზე, საქორწილო ტორტზე, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, ბერლინის კედელი იყო. გავიდა დრო და ხალხი მეუღლესთან შენს დაშორებაზე ალაპარაკდა. თუმცა, ამაზე პასუხი არასდროს გაგიცია და არც პრესაში გისაუბრია. რეალურად, რა ხდება ამ ეტაპზე შენს ცხოვრებაში?
– ძალიან უცებ, მოკლე პერიოდში გავთხოვდი. ახლა კი სულ ვამბობ: რა ადვილი ყოფილა უცებ გათხოვება და როგორ იწელება – გაშორება. რამდენი რამ სდომებია გაშორებას. გაცნობიდან დაახლოებით ერთ თვეში გავთხოვდი. ესეც სპონტანური ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად ყოველთვის ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს და კიდევ ერთი ჩვევა მახასიათებს: არ ვსაუბრობ წარსულ დროში არც ურთიერთობებზე და არც ნდობაზე. მიმაჩნია, რომ სიყვარულს წარსული არ გააჩნია. ადამიანებზე ან კარგს ვამბობ, ან ჩუმად ვარ. ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვახსენებ წარსულს, მომავალზე ჯერ ადრეა საუბარი და აწმყოზე კი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით სასაუბრო არაფერი მაქვს. ცოტა ძნელად ავხსენი ეს ყველაფერი, მაგრამ ასეა.
– მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გკითხავ. შენი „ფეისბუქის” კედელზე ხშირად დებ მეუღლესთან ერთად გადაღებულ ახალ–ახალ ფოტოებს... 
– როცა ჯვარი დავიწერეთ, ასე ზუსტად თუ ახდებოდა ეს დალოცვა, ნამდვილად არ გვეგონა – ჭირსა და ლხინში სულ ერთმანეთის გვერდით იყავითო. არ გასულა პანაშვიდი, დაკრძალვა, ქელეხი, ნათლობა, ან დაბადების დღე თუ ქორწილი, რომ მე და კახა ერთმანეთის გვერდით არ ვყოფილიყავით. სხვა სიტუაციის რა მოგახსენო, მაგრამ ამ ამბავში ერთად ვართ. 
– ერთხელ თქვი, თუ თქვენი ოჯახი დაინგრეოდა, სიმბოლურად უნდა დანგრეულიყო ბერლინის კედელიც, რომელიც ქორწილში იყო ტორტის სახით. კედელი ჯერ არსებობს.
– ჩემი ქმარი პროფესიით მშენებელია, თან იურისტი. მშენებლობის დაკანონება და ნგრევის ნებართვის გაცემა მის ხელშია. ჩვენ, გერმანელები კი, მკაცრად ვიცავთ წესებს. თუ მშენებლობასა და ნგრევაზეა საქმე, არ შემიძლია, შევეწინააღმდეგო არქიტექტორს, იურისტსა და მშენებელს. ასე რომ, ვნახოთ.
– რა იცი, იქნებ არც ღირდეს ამ კედლის დანგრევა.
– ზოგადად მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს ოჯახის შენარჩუნებისთვის. 
– ანუ, შენ შენი მაქსიმუმი გააკეთე?
– პრინციპში, შეიძლება ითქვას, კი. სულ ვამბობ, შეიძლება ადამიანს რაღაც შეეშალოს, მაგრამ მე არ მინდა, ვიყო იმ შეცდომის მონაწილე. უნდა იყო მართალი და შენი საქმე გააკეთო ყოველთვის. არ მივეკუთვნები ადამიანთა იმ კატეგორიას, ვისთვისაც მთავარი პირადი ბედნიერებაა. 
– ორი არაჩვეულებრიში შვილი გაერთიანებთ. რა სიხშირით ხედავენ ბავშვები ამ ეტაპზე მამას?
– მიმაჩნია, რომ კვირის ყველა დღე ისევე ეკუთვნის მამას, როგორც დედას. არანაირი შეზღუდვა არ არის ამ მხრივ ჩვენთან.
– შენი მეუღლე, ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, კიდევ ერთხელ  რომ დარწმუნდეს იმაში, რომ ძალიან მაგარი ცოლი ჰყავს, მის გარეშე არ უნდა იყოს და შემოგთავაზოს, კვლავ ერთად ვიცხოვროთო, რას იზამ?
– ჩემი მეუღლე ყოველთვის ამბობდა, რომ მას ყველაზე მაგარი ცოლი ჰყავდა. დღემდე ამბობს, რომ გერმანელები ყველაზე კარგი ცოლები არიან. შესაბამისად, მეც ყოველთვის ვიტყვი, რომ ყველაზე კარგი მეუღლე მყავდა.
– ძალიან უცნაურები ხართ. ერთმანეთი ძალიან გიყვართ და ერთად არ ცხოვრობთ. 
– დარწმუნებული ვარ, კახას დღემდე სიგიჟემდე ვუყვარვარ. საერთოდ, მე ზედმეტად დარწმუნებული ვარ ჩემს ძალებში – თუნდაც იმაში, რომ მამაკაცი ყოველთვის იქნება ჩემი ერთგული. 
– რომ გაიგო, მის გვერდით სხვა ქალი გამოჩნდა, რა რეაქცია გექნება?
– ხანდახან მიფიქრია და მაინც მგონია, რომ ძალიან კარგი იქნება ეს, რადგან ძალიან მინდა, რომ მან იგრძნოს განსხვავება ჩემსა და იმ სხვას შორის. მაინც მგონია, რომ საჭიროა. წელიწადი და 7 თვის განმავლობაში განსხვავება რომ არ ეგრძნო, მის გვერდით სხვას აუცილებლად დავინახავდი. არ დაიმალებოდა ეს ამბავი. თუ მოხდა ისე, რომ მის ცხოვრებაში ვინმე გამოჩნდა და ამით ბედნიერი იქნება, ძალიან დიდი ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, ამით მეც ძალიან ბედნიერი ვიქნები–მეთქი. რაც დრო გადის, ძალიან ბევრ მაგალითზე დავრწმუნდი, რომ ის ურთიერთობა, მიდგომა ოჯახისადმი და ერთგულებისადმი, მართლაც ძალიან იშვიათი იყო. მე ვამაყობ იმით, რომ თუნდაც 4 წელი განგვასხვავებდა სხვებისგან. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ვიცი, რომ  ამ 4 წლის განმავლობაში მას არ უწევდა თამაში. ამაში დარწმუნებული ვარ. არ შემიძლია, ადამიანს არ დავუფასო ის მომენტები, რაც ჩემს მიმართ გააჩნდა. თუნდაც ის, რომ კაცი, რომელსაც ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, არ წავა დასასვენებლად მანამ, სანამ მისი ცოლი ქრონიკულ ორსულობას მორჩება. როცა ორივე ბავშვმა ბუნებრივ კვებას თავი დაანება, მხოლოდ ამის შემდეგ გავემგზავრეთ ორივე ერთად დასასვენებლად უცხოეთში. არ მახსოვს, არც ერთი პარასკევი და შაბათ–კვირა, მარტო რომ ვყოფილიყავი ბავშვებთან ერთად. მას სულ ჰქონდა მოთხოვნილება, რომ ცოლთან ერთად ყოფილიყო. ყველანაირი სტატუსი, იქნებოდა ეს მეგობრის, საყვარლის თუ ასე შემდეგ, იმ მომენტში მე მეკუთვნოდა. სიამოვნებას მანიჭებს ის, რომ ბოლომდე ვიხარჯები, ბოლომდე ვააშკარავებ ჩემს გრძნობებს და ბოლომდე ვზრუნავ საყვარელ ადამიანზე. ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, თუნდაც ოჯახურ ურთიერთობაში. კახას მიმართ ნდობის მომენტი მქონდა 1 000–პროცენტიანი. ამაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. მაგრამ, მაშინ, როცა პატარა ეჭვი გაჩნდა ურთიერთობაში, ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ორივესთვის არცთუ ისე სასურველი შედეგი დამდგარიყო. მაგრამ, ალბათ, ასე ჯობდა.
–  ეჭვი იმიტომ ახსენე, რომ თქვენს ურთიერთობაში ვინმე, მესამე ადამიანი გამოჩნდა?
– ეჭვი ეჭვის დონეზე დარჩა... 
– დაბოლოს, ფრაზა, რომელიც ყოველთვის ამართლებს...
–  არ არის აუცილებელი, გქონდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ბედნიერი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები