1 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

საქართველოში საერთაშორისო ფესტივალი „კინოვინო“ ჩატარდება

6-10 ოქტომბერს საქართველოში საერთაშორისო კინოფესტივალი „კინოვინო“ ჩატარდება, რომლის მხარდამჭერიც ეროვნული კინოცენტრია. ფესტივალის ფარგლებში შედგება ამერიკელი რეჟისორის ჯონათან ნოსიტერის ფილმების რეტროსპექტივა. 7 ოქტომბერს საქართველოს ისტორიის მუზეუმი რეჟისორის დოკუმენტური ფილმების ჩვენებას უმასპინძლებს, 10 ოქტომბერს კი 20 საათზე, კინოთეატრ “ამირანის” დიდ დარბაზში ჯონათან ნოსიტერი თავად წარუდგენს დამსწრე საზოგადოებას მის მხატვრულ ფილმს ”რიო - სექს - კომედია”. წინა ორი დახურული ჩვენებისგან განსხვავებით, ფილმის „რიო - სექს - კომედია” ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ბილეთების ყიდვა შესაძლებელია ვებ გვერდზე biletebi.ge და კინოთეატრ „ამირანის“ სალაროებში.

 ფანტასმაგორიულ კომედიაში მოქმედება რიო დე ჟანეიროს ღარიბთა უბნებსა და პლასტიკური ქირურგიის ძვირადღირებულ კლინიკაში ვითარდება. ფილმი ემიგრანტების მიერ პირადი სიამოვნების უთავბოლო ძიების შესახებ მოგვითხრობს. მთავარ როლებში: შარლოტ რეფლინგი, ბილ ფულმანი, ირენ ჟაკობი, ფიშერ სთივენსი, ჯერომ კირშერი. პროგრამა, კინოჩვენებების გარდა, მრავალფეროვანი აქტივობებით იქნება დატვირთული. დეგუსტაციები ჩატარდება Chateau Mukhrani-ში, ხოხბის ცრემლების, იაგობიტარიშვილის, სოლიკო ცაიშვილისა და სხვა მცირე მარნებში. დეგუსტაციებს გაუძღვება საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია. სტუმრები ეწვევიან ვაზისა და ხეხილის საგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრს, მოინახულებენ ალავერდის მონასტერს, კომპანია ”ბადაგონის” ღვინის ქარხანას, თელავისღვინის მარანს, შუხმანისა და სტორის მარნებს, ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმს და სხვ. 

რეჟისორი და ღვინის ექსპერტი ჯონათან ნოსიტერი საქართველოში საერთაშორისო კინოფესტივალის „კინოვინო“ და ხელოვანთა კავშირი Conceptart მოწვევით ჩამოდის. „კინოვინო“ ღვინის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი იქნება საქართველოში, რომლის ანალოგიც მსოფლიოს მეღვინეობის ყველა რეგიონსა და სახელმწიფოში არსებობს. ღვინის კინოფესტივალის მიზანია საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაცია მსოფლიოში, ადგილობრივი მეღვინეობის ინტეგრაცია მსოფლიო ღვინის სამყაროში, რასაც როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური წინაპირობები აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები