2 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ქალის ჰორმონებით გაბერილი ქათმის ხორცი, რომელიც თავისუფლად იყიდება, მამაკაცებში უშვილობას იწვევს

რატომ არის ხშირი იმპორტირებული საკვები პროდუქტით მოწამვლის ფაქტები, რატომ არ ხდებოდა ბაზრის კონტროლი და რატომ იხსნიდა პასუხისმგებლობას მეწარმე არაჯანსაღი პროდუქციის რეალიზაციის გამო, ასევე რა საშიშ დაავადებებს იწვევს გაყინული ქათმის ან ქათმის ბარკლების მირთმევა ადამიანებში და განსაკუთრებით მამაკაცებში?
რა პროდუქტების შეძენას უნდა ერიდოს მომხმარებელი და რას უნდა მიაქციოს ყურადღება, – ამ საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო "newspress”–ს პროფესორი ეთერ სარჯველაძე ესაუბრა.

-ქალბატონო ეთერ, წლების მანძილზე უხარისხო, უკონტროლო ბაზრის გამო ძალიან ბევრი ადამიანი საკვები პროდუქტებით მოიწამლა. რატომ არ ხდებოდა პროდუქციის კონტროლი ?

-ბაზრის მონიტორინგი და კონტროლი სურსათის უზრუნველყოფის კანონში შედიოდა. ჩვენ ეს კანონი 2005 წლის დეკემბერში მივიღეთ. მომდევნო წლის აგვისტოში კი, ის მუხლი, რომელიც ბაზრის მონიტორინგის საშუალებას იძლეოდა, – გააუქმეს. მიზეზად კი განგვიცხადეს, რომ ჩვენი საწარმოები და ბაზარი ამისთვის მზად არ არის და ეს პროდუქტების ნაკლებობას გამოიწვევსო. თუ რაიმე ხელისშემშლელი პირობაა, რა თქმა უნდა ის უნდა აღმოიფხვრას, ამ კუთხით უზარმაზარი ევროპული გამოცდილებაც არსებობს. თუმცა, ჩვენ უნდა განვავითაროთ წარმოება, მაგრამ არა მომხმარებლის ხარჯზე, არამედ უნდა დავეხმაროთ მწარმოებელს, რომ ის განვითარდეს. ამათ კი პირიქით გააკეთეს.

-წლების მანძილზე, ქართულ ბაზარზე შემოტანილი ქათმის ბარკლებით მოწამვლის ფაქტებიც ფიქსირდებოდა. რა იყო ამ ბარკლებში ისეთი, რაც მოწამვლას იწვევდა?

-დავიწყოთ იქედან, რომ ეს პროდუქტი სხვისთვის მაღალხარისხოვნად არ ითვლებოდა და სიიაფის გამო, ჩვენს ბაზარზე ადგილს ადვილად პოულობდა. ამასთან, ეს ჰორმონალური პრეპარატებით გაზრდილი ფრინველებია, რომლებიც სიმწიფეს ძალიან მოკლე დროში აღწვევენ და ესეც დიდი პრობლემაა, რადგან ის ჰორმონალური პრეპარატები და ანტიბიოტიკები, რომელიც ამ შემთხვევაში ქათმებისთვის გამოიყენება, ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულად ვნებს.
მაგალითისთვის, ამის გამო "მაკდონალდსმა“ იმ ქათმების მიღებაზე, რომლებიც ასეთ ანტიბიოტიკებზეა გაზრდილი, – უარი განაცხადა. კომპანიის სათაო ოფისმა პირდაპირ თქვა უარი ამ ქათმების მიღებაზე, იმიტომ რომ ანტიბიოტიკების ჭარბი მიღება, ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს.

-სუპერმარკეტების უმრავლესობა ასეთი ქათმებით არის სავსე და ამ პროდუქტს მყიდველიც არ აკლია. გამოსავალი რაშია?

-თუ სხვა გზა არ არის და ადამიანს ასეთი ქათმის ყიდვა უწევს, მე მხოლოდ რჩევის მიცემა შემიძლია, რომ ქათამს აუცილებლად უნდა მოშორდეს კანი, რადგან ყველა მავნე ნივთიერება კანში გროვდება და ასევე უნდა მოსცილდეს პირველი ნახარში წყალი. ამის მერე კი, მხოლოდ ზომიერი რაოდენობით მიღება შეიძლება.

– როგორც ინტერვიუს დაწყებამდე განაცხადეთ, ეს ქათამი განსაკუთრებული საფრთხის შემცველი მამაკაცებისთვისააო. რატომ?

-გეტყვით; ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება, რომ ქალის ჰორმონები, რომლებიც უხვად არის ამ ფრინველებში გამოყენებული, სწორედ ის ჰორმონია, რომელიც მამაკაცური ჰორმონის განვითარებას ხელს უშლის. ის ქალისთვის იმდენად არ წარმოადგენს საფრთხეს, მაგრამ მამაკაცისთვის კი, ეს შეიძლება უშვილობის და სხვა დაავადებების მიზეზი გახდეს. ეს ჩემი აზრი არ არის, ეს დასკვნა ძალიან ბევრი გამოკვლევების შედეგად დაიდო.

-ქათმის გარდა, ჩვენს ბაზარზე არსებული კიდევ რომელი პროდუქტია ჯანმრთელობისთვის მავნე?

-ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რომ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს ეწეროს, რომ ის გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან არის მიღებული. ასეთი პროდუქტების ერთი –ორჯერ მიღება ადამიანს არაფერს არ უზამს, მაგრამ ეს დოზაზეა დამოკიდებული და თუ ხშირად მიიღებს, ის უკვე ჯანმრთელობისთვის საშიშია. ადამიანს არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეს, რომ თუ აქვს შესაძლებლობა მიიღოს ჯანსაღი პროდუქტი, თუ არა და, ეს გენმოდიფიცირებული საკვები ყოველგვარი წესების დაცვით, რაც შეიძლება მინიმალურად მიიღოს, რათა ის უარყოფითი ნივთიერება, რომელსაც ეს პროდუქტი შეიცავს მის ორგანიზმში გადაჭარბებულად არ მოხვდეს.

– ეს პროდუქტი ჭარბწონიანობასაც ხომ არ იწვევს?

-მე ხშირად მითქვამს ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც, ხორცის ჭამა იმიტომ რომ სასარგებლო პროდუქტია, არ ნიშნავს იმას, რომ ის დიდი რაოდენობით უნდა ჭამო. რადგან ხორცი ცხიმში გადადის. ის, რომ მთელი დღე პური არ უნდა ჭამო და ხორცი უნდა მიიღო, ნურას უკაცრავად, – ასე არაა. არც პური და არც ხორცი დიდი რაოდენობით არ უნდა მიიღოთ.

-პურთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ, რომელი სახეობის უფრო უსაფრთხოა?

-მე ვფიქრობ რუხი პური უფრო დაცულია, იმიტომ რომ მასში ნაკლები საშიშროებაა. დაცული არაა შავი პური, რადგან ხარისხიანი ჭვავის ფქვილი საქართველოში იშვიათად შემოდის.

– რაც შეეხება რძის პროდუქტებს, თუ შეგიძლიათ ცალ-ცალკე გვითხრათ თითოეულზე, რომლებიც ჩვენთან იყიდება, რა საფრთხის შემცველები არიან?

-რძის პროდუქტები ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მაგრამ აქაც ზომას გააჩნია. ყველაფერი რა თქმა უნდა ნატურალური რძის პროდუქტებისაგან უნდა იყოს დამზადებული. რაც შეეხება ფხვნილით მიღებულ პროდუქტებს, აქ უკვე დაცული და გაკონტროლებული უნდა იყოს ცხიმის რაოდენობა და ის, თუ, რამდენად ედღვიბება ის კარაქში. აქამდე პროდუქტს ფუნქციონალური ცხიმი ემატებოდა, რაც აკრძალული არ იყო, დღეს კი ძალაში შედის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც აკრძალავს რძის პროდუქტს დაეწეროს კარაქი, თუ მასში არ იქნება არააღდგენილი და ჰიდროქიმიზებული ცხიმები.

-ქართული ბაზარი წალეკა შოკოლადის შემცველმა პროდუქტებმა, რომლებიც ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ძალიან უყვართ ბავშვებს, შემოწმებულია ეს პროდუქტები, მაგალითად ნუთელა ან შოკი-მოკი?

-არა, შემოწმებული არაა. ეხლა გაიზარდა ბაზრის კონტროლი და კიდევ გაიზრდება. საერთოდ კი, როგორიც არის მომხმარებელი, მიმწოდებელიც ისეთივეა, თუ ჩვენ ვეტყვით არას, ეს თავისთავად დასრულდება. აუცილებელია, რომ მომხმარებელმა გააკეთოს სწორი არჩევანი.

-გენმოდიფიცირებული პროდუქციის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიაც შექმნილა, რომლის შესახებაც თქვენგან პირველად გავიგე…

– დიახ ეს ლაბორატორია უკვე გაიხსნა და ანალიზებსაც საკმაოდ მაღალ დონეზე აკეთებს. დაწესებულება იმიტომ გაიხსნა, რომ ჩვენთან მალე მარკირების წესი შემოვა, რაც გულისხმობს, რომ თუ 09%-ზე ზემოთ იქნება გენმოდიფიცირებული ორგანიზმი საკვებში, ეს პროდუქტს ეტიკეტზე უნდა მიეწეროს. ეს არის ევროპული მოთხოვნა და სტანდარტი. ჩვენ რომ პარაფირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ეს გარკვეულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, დავანახოთ ევროპას, რომ მზად ვართ ევროკავშირთან ურთიერთობისთვის.

წყარო:newspress.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები